გადაწყვეტილება №19653/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19653/2/2023
05 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" -ის 10.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19653/2/2023).
დავის საგანი:
საბჭოს 1.12.2022 წლის №18142/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №007-19 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 151 531,41 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 79 591
დღგ - 37 828
საშემოსავლო გადასახადი -30 034
ქონების გადასახადი - 11 729
ჯარიმა - 31 389
საურავი - 40 551,41
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 14.07.2022 წლის №007-189 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25646 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 1.12.2022 წლის №18142/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №007-19 საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №"------" წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში კუთვნილებისამებრ გადმოიგზავნა "-------" -ის (ს/ნ "-------" ) მიერ წარდგენილი 6.03.2023 წლის №79503/1/2023 საჩივარი საბჭოს 1.12.2022 წლის №18142/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას რეალიზებული ქონების თვითღირებულება სრულად არის უგულვებელყოფილი. გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია თვითღირებულების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ააშენა, როგორც ფიზიკურმა პირმა, კანონი აძლევდა იმ პერიოდში ამის საშუალებას, ამიტომაც დოკუმენტაცია არაა სრულყოფილი, თუმცა მაშინ როდესაც გადასახადის გაზრდის ინტერესი იყო ყველა მეთოდი გამოიყენა შემოწმებამ მონაცემების დადგენისას, ჩაატარა ექსპერტიზა და ა.შ. ხოლო, როდესაც მომჩივნის ინტერესი იყო დასაცავი მაშინ ყველა მეთოდზე თქვა უარი (მათ შორის 75%-იანი სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებაზე).
შემოსავლების სამსახურმა დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოება და კვლავ მოითხოვა ხარჯების დადასტურება დოკუმენტურად, მომჩივანი ეცადა სრული ხარჯები შეესწავლა ექსპერტიზის მეშვეობით, თუმცა, შენობის აშენების დანახარჯების გაანგარიშება ექსპერტის მიერ შეადგენს დარიცხულ საშემოსავლო გადასახადზე მეტ თანხას.
მომჩივანი მიუთითებს საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ძნელია იმ ქმედებას რაც შემოწმებამ განახორციელა გადაანგარიშების პროცესში უწოდო, შეცდომა, ან განსხვავებული შეხედულება, ეს უფრო ცინიკური ქმედებაა, კომერციული ფართის მშენებლობის ფასი მიუთითა 100 აშშ დოლარი, ფაქტია ფართი გარემონტებული იყო, რემონტის ფასი საერთოდ არ უანგარიშია. თურმე 100$ ჯდება კომერციული ფართის აშენება და რემონტი აქვე მეორე საოცრება ჩაიდინა, გამოიყენა ე.წ. „75%-იანი სახელმძღვანელო“. ეს პრინციპი გამოიყენება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრისთვის, იანგარიშება სარეალიზაციო ფასიდან და არა შეძენის ან დანახარჯების თანხიდან.
აღსანიშნავია ის, რომ მოცემული ფართის რეალიზაცია მოხდა შემდეგნაირად, მყიდველმა საქმიანობის საცდელად დაიკავა ფართი და შემდგომ შეიძინა იგი, ამ მოკლე პერიოდზე კი იჯარის თანხა გადაიხადა, აქედან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია რომ რეალიზაცია საშემოსავლო გადასახადის არა 5%-იანი, არამედ 20%-იანი განაკვეთით უნდა დაბეგრილიყო, არ გაითვალისწინა ახსნა-განმარტება, რომ რეალურად მეპატრონეს ამ ფართის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების, ანუ გაქირავების ინტერესი არ ქონია. ეს იყო მხოლოდ მყიდველის სიფრთხილის მიზეზით, ფართის აღება ეკონომიკური საქმიანობის საცდელად.
ფინანასთა სამინისტროსთან არსებულმა დავების საბჭომ განიხილა ქონების რეალიზაციისას დანახარჯების გამოქვითვის საკითხი, დაეთანხმა მსჯელობას რომ დანახარჯები უნდა დათვლილიყო არაპირდაპირი მეთოდით, მითუმეტეს, რომ შემოწმებისას გადასახადების დარიცხვის მიზნით არსებითად გამოყენებული იყო არაპირდაპირი მეთოდები. ჩვენ ვითხოვდით 75%-იან სახელმძღვანელოს გამოყენებას ვინაიდან შემოწმება მიუთითებდა, რომ არანაირი საშუალება არ გააჩნდა მშენებლობა/რემონტის დანახარჯების დასადგენად. ასევე, აღნიშნული მეთოდი მარტივია და გაანგარიშება არაა საკამათო. თუ შესაძლებელია ხარჯების დასადგენად გამოიყენოს არაპირდაპირი მეთოდი, მაგალითად საექსპერტო დასკვნა, ხოლო თუ გამოიყენებს „75% იან" სახელმძღვანელოს მაშინ გაანგარიშება მოხდეს სარეალიზაციო ფასიდან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.12.2022 წლის №18142/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 6.02.2023 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ შემმოწმებლის მიერ დამატებით შესწავლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ამ შემთხვევაში შემოწმების მიერ ხარჯად ჩაითვალა სხვა იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის 1 კვ.მ. ფართის მშენებლობის თვითღირებულება (100 დოლარის ექვივალენტი ლარში), შემოწმების მიერ გათვალისწინებულია არაუმეტეს თვითღირებულების 75%-ის ოდენობა. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობამ შეადგინა 12 266 ლარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.12.2022 წლის №18142/2/2022 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული იყო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია. შესაბამისად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას რეალიზებული ქონების თვითღირებულება სრულად არის უგულვებელყოფილი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს წარედგინა 14.07.2022 წლის №007-189 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.10.2022 წლის №25646 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 1.12.2022 წლის №18142/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯების გათვალისწინების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №007-19 საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
105,73.