გადაწყვეტილება №25211/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25211/2/2025
17 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ს 24.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25211/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №006-49 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.05.2025 წლის №9105 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 74 481,74 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 48 259,88
ჯარიმა - 24 130
საურავი - 2 091,86
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა შეფუთვის სამუშაოები, ახდენს შესაფუთი სკოჩით და ქაღალდით შესაკრავი აპარატის იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 24.08.2009 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 22.01.2014 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სრულად დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადები/ანგარიშ-ფაქტურა). გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა ორისში, რომელიც მოიცავს გარკვეულ უზუსტობებს. შემოწმების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზებში არსებული ინფორმაცია, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებები. 2025 წლის 4 თებერვალს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის შემოსავლისა და ხარჯების გაანგარიშება მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადასახადის გადამხდელზე განხორციელებული საბანკო ჩარიცხვები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებთან, ანგარიშ-ფაქტურებთან და დეკლარირებულ შემოსავალთან. რაც შეეხება შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და დაბრუნებული თანხები, ასევე საბანკო ანგარიშების საწყისი და საბოლოო ნაშთი.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №006-49 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.05.2025 წლის №9105 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმპორტით შემოაქვს ცელოფნის პარკის შესაკრავი სკოჩი და შესაკრავი აპარატი, რომლითაც ამარაგებს მარკეტებს. 2025 წლის თებერვალში განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახურმა დაადგინა, რომ სალაროში აღურიცხავმა ფულის ნაშთმა შეადგინა 241 299 ლარი.
კომპანიას გამორჩა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა, თუმცა ეს არ ჩაუდენია წინასწარ განზრახვით, რომ გადასახადებისთვის აერიდებინა თავი.
წლიური ბრუნვა დაახლოებით 220-230 ათასი ლარია დღგ-ის გარეშე. ამ ოდენობით საჯარიმო სანქციის გადახდა კომპანიის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. ამ ოდენობით დასანქცირება გამოიწვევს კომპანიის საბოლოო გაჩერებას. ითხოვს გაუქმდეს კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმასაურავი და გადასახდელად დარჩეს მხოლოდ გადასახადი. იმედი აქვს გათვალისწინებული იქნება კომპანიის შესაძლებლობები, მომჩივნის თხოვნა და მიეცემა კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალება. მეტი ყურადღებით მოეკიდება სალაროში არსებული თანხების დაბეგვრის საკითხს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმა საურავი და გადასახდელად დარჩეს მხოლოდ გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია საქონლის რეალიზაციას ახორციელებს დოკუმენტურად.2025 წლის 4 თებერვალს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.
კომპანიის შემოსავლისა და ხარჯების გაანგარიშება მოხდა სსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადამხდელზე განხორციელებული საბანკო ჩარიცხვები ჩაითვალა მიღებულ შემოსავლად, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებთან, ანგარიშ-ფაქტურებთან და დეკლარირებულ შემოსავალთან. რაც შეეხება შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი და დაბრუნებული თანხები, ასევე საბანკო ანგარიშების საწყისი და საბოლოო ნაშთი.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დადგენილი აღურიცხავი ნაღდი ფული ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7),275.