ბრძანება N 19969

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2023
№ დოკუმენტი 19969
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19969

11 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის’’ (ს/ნ ---)

(---) 2023 წლის 24 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „---ს’’ (ს/ნ ---) №125474/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №012-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

 საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საჩივარში მითითებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის საწარმოს დირექტორზე სესხად გაცემული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სესხის ხელშეკრულებები, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული. მიაჩნია, რომ სესხად გაცემული თანხა, რომელიც უკან უნდა დაბრუნდეს არ წარმოადგენს დასაბეგრ თანხას. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმეტაცია ინახება საგამოძიებო სამსახურში და დამატებით წარმოადგენს მას. აცხადებს, რომ წარადგინეს სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სესხი წარმოადგენს სარგებლიან სესხს და ხელშეკრულებაში მითითებულია სარგებლის დარიცხვის წესი, თუმცა მიუხედვად აღნიშნულისა სარგებლის თანხა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად.

 არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, მიუთითებს, რომ დოკუმენტაცია მათთვის მიუწვდომელია, რასთან დაკავშირებითაც მიაწოდა შესაბამისი განმარტება და დოკუმენტაცია დავების განხილვის საბჭოს, თუმცა აღნიშნული არ ყოფილა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე.

 არ ეთანხმება ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ავტომობილების თანამშრომლის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენების უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აღნიშნული ქონების შეძენა განხორციელდა კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე და დღემდე ეს ქონება ირიცხება საწარმოს საკუთრებაში. ასევე, თანამშრომლის მიერ მანქანით სარგებლობა ხდებოდა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებიდან გამომდინარე.

 არ ეთანხმება ჩასათვლელი დღგ-ის კორექტირების შედეგად დარიცხულ თანხას. მიუთითებს, რომ ცალსახად არასწორად არის მითითებული დღგ-ის დეკლარაციებში ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა და დასაბუთება. აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებულ პოზიციას წარმოადგენენ დაზუსტებულ საჩივართან ერთად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №1922 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №012-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 12 აგვისტოს და 2023 წლის 12 იანვრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,, 1. შპს „---ს’’ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები, ასევე შეისწავლოს აღნიშნული ოპერაციის სესხად კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.’’

 

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №1922 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 22 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 1 103 351 ლარი და შეუმცირდა გადასახადი 1 103 351 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 ივნისის №012-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება და ახსნა-განმარტება), რომლის მიხედვითაც ბანკიდან დირექტორზე გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების მიხედვით, დირექტორზე გაცემულია სესხი წლიური 10%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესაბამისად სესხზე დარიცხული პროცენტის თანხა გადაიხდება სესხის დაფარვის ბოლოს (არაუგვიანეს 03.01.2025 წელი). ვინაიდან არც შესამოწმებელ პერიოდში და არც შემდგომ არ მომხდარა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის გადახდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით (20%) გაანგარიშებული თანხა სრულად დაკვალიფიცირდა დირექტორის სარგებლად და დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 , 101-ე და 298 მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა. კერძოდ, შემოწმების მიერ არაეკონომიკურ ხარჯად დაკვალიფიცირებულ გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით წარმოდგენილია 2019 წლის 13 მაისის სესხის ხელშეკრულება, 2020 წლის 21 აგვისტოს სარჩელი (მოსარჩელე შპს ,,---’’, მოპასუხე შპს ,,----’’) სესხის ძირისა და დარიცხული პროცენტის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,---ს’’ შუამდგომლობა. აღნიშნული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შპს ,,---სთვის’’ გადარიცხული თანხები წარმოადგენდა სესხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება და ახსნა-განმარტება), რომლის მიხედვითაც ბანკიდან დირექტორზე გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. რაც შეეხება, საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით დარიცხულ მოგების გადასახადს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შპს ,,---სთვის’’ გადარიცხული თანხები წარმოადგენდა სესხს. შესაბამისად, დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის’’ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №1922 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 22 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი 1 103 351 ლარი და შეუმცირდა გადასახადი 1 103 351 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 ივნისის №012-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).