გადაწყვეტილება №19617/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19617/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19617/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 5.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19617/2/2023).

 

დავის საგანი:

იმპორტირებული ავტომანქანის გაფორმება სსკ-ის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №21-10/23618 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9089 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა, 2023 წლის 16 მარტს, №----------/21-11 განცხადებით, მიმართა შემოსავლების სამსახურს სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----------) იმპორტზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად გათვალისწინებული შეღავათით გავრცელების მოთხოვნით, რაზეც, საბაჟო დეპარტამენტის 06.02.2023 წლის №21-10/---------- და 22.03.2023 წლის №21-10/---------- გადაწყვეტილებებით, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილებებით მომჩივანს ეცნობა, რომ იგი წარმოადგენს ---------- და ასევე საქართველოს მოქალაქეს. მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდგომ შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობაც და შესაბამისად არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება კანონმდებლობით არც ჰქონია შეზღუდული ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნისას და საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მომჩივნის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----------) იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №21-10/---------- გადაწყვეტილება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე “ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გავრცელების საკითხი მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9089 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №21-10/23618 გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აცხადებს, რომ მის მიერ შემოყვანილი ავტომანქანა ---------- გამოშვების წელი 2010 წელი, საიდენტიფიკაციო #----------ნამდვილად განკუთვნილია არა ეკონომიკურ საქმიანობისთვის, წარმოადგენს პირად საკუთრებას, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენს ოჯახზე ერთ სატრანსპორტო საშუალებას, შესაბამისად იგი უნდა განთავისუფლდეს საბაჟო გადასახადისაგან.

ასევე ვერ დაეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის განმარტებას, რომ არასწორად შეავსო საბაჟო დეკლარაციის ფორმა. რითაც დაირღვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257-ე ბრძანებით დამტკიცებული წესი, ხოლო შეღავათი არ ვრცელდება საბაჟო კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნორმის ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული მუხლით შეღავათი გავრცელდება 214-ე მუხლის თანახმად. საბაჟო კოდექსის მე-10 წიგნის მოქმედება შეჩერებულია 2026 წლის 01 იანვრამდე.

აღნიშნული ნორმა ცოტა ბუნდოვანია ვინაიდან სანქცია არასწორი შევსებულ დეკლარაციასა და საბაჟო გადასახადის განთავისუფლებას შორის კოლიზიას იწვევს. ერთის მხრივ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257-ე ბრძანებით დამტკიცებული წესი საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე სადაც მითითებულია შეღავათიანი გრაფა სადაც უნდა იყოს ასახული პირადი სარგებლობით და ოჯახზე განსაზღვრული შესაბამისი საქონელის ოდენობა, რომელიც შეღავათით ისარგებლებს, ხოლო მეორეს მხრივ სანქცია ჯარიმა არასწორ დეკლარაციის შევსებაზე განსაზღვრული არ არის საგადასახადო კოდექსით. ხოლო განბაჟებას ექვემდებარება. მისი აზრით გრაფა სატრანსპორტო საშუალების შეღავათისა არ უნდა არსებობდეს მინიმუმ 2026 წლის 1 იანვრამდე საბაჟო კოდექსით და ასევე საგადასახდო კოდექსით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული კანონის ნორმა და ჩაითვალოს ერთი ოჯახის პირთა წრე შვილი - „----------“ (პ/----------) და მამა წარმომადგენელი „----------“ (პ/----------). ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის თავისუფლდება საბაჟო გადასახადიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257-ე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიზნებისათვის, სატრანსპორტო საშუალება ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის დეკლარანტის საკუთრებაში იმყოფებოდა და რეგისტრირებული იყო ამგვარად პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

აღნიშნულის დასადასტურებლად ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იყოს ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტიორის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

მომჩივნის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე “ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გავრცელებას, განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის. სამოქალაქო და საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს, როგორც საკუთრებას, ასევე სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობას. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილზე მითითებით ითხოვს, შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალება განხილულ იქნას, როგორც ერთი ოჯახის მიერ შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებად.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეღავათით სარგებლობისთვის საჭიროა რამდენიმე პირობის კუმულატიურად არსებობა, კერძოდ:

ა) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა;

ბ) აღნიშნული დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით;

გ) იმპორტირებული საქონელი განკუთვნილი არ უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობისთვის;

დ) აღნიშნული საქონელი შეიძლება შედგებოდეს, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალებისგან.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი წარმოადგენს ---------- და ასევე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდგომ შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობაც, შესაბამისად, აღნიშნულ პირს არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება კანონმდებლობით არ ჰქონია შეზღუდული ქვეყნის საზღვრებს გარეთ ყოფნისას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის უარი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობის თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივნის განმარტებით, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელზე ითხოვს შეღავათის გავრცელებას, განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი წარმოადგენს ორმაგ მოქალაქეს, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდგომ შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტი იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს ფიზიკური პირის (და არა ოჯახის წევრის) მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქონლის იმპორტი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების იმპორტისას აღნიშნული შეღავათი ვრცელდება ოჯახზე მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალებაზე. ფიზიკური პირის საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა კი, უნდა დასტურდებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უარი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობის თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199 („დ.ე“)