გადაწყვეტილება №20282/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20282/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 და 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20282/2/2023).
დავის საგანი:
საწარმოს მიერ რეალიზებული ღია ავტოსადგომების ჩათვლა მიწის და შენობა-ნაგებობის მიწოდებად და დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-680 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14838 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 171 512.08 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 105 466
ჯარიმა - 48 619
საურავი - 17 427.08
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა (ქ. -----------).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობდა ბინების და ავტოსადგომების რეალიზაცია. საწარმომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაყო პატარა (11- 13კვ.მ) ნაწილებად, რომელზეც დასხმულია ბეტონი და აღჭურვილია ინდივიდუალური გზის მექანიკური გადასაკეტი მოწყობილობით. საწარმოს აღნიშნული ფართი რეალიზებული აქვს, როგორც ღია ავტოსადგომი და არ არის დაბეგრილი დღგ-ით (განიხილავს, როგორც მიწის ნაკვეთის რეალიზაციას).
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის, ასევე შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ რეალიზებული ავტოსადგომები ჩაითვალა მიწის და შენობა-ნაგებობის მიწოდებად და დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 28.12.2022 წლის №33480 ბრძანება და ამავე თარიღის №006-680 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 23.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14838 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულია ავტოსადგომები, რომელიც შედგება მიწის და მასზე მყარად დამაგრებული/დასხმული ბეტონისაგან, ასევე, აღჭურვილი ინდივიდუალური გზის მექანიკური გადასაკეტი მოწყობილობით. ამდენად, შემოსავლების სამსახური, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე მითითებით, რომლის მიხედვით ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ“ და „ჰ26“ პუნქტების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მიწის და მასზე დამაგრებული შენობა/ნაგებობის მიწოდებას, რაც ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებული აქტებით გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული მცირე ზომის მიწის ნაკვეთები დაიბეგრა დღგ-ით, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთის ზედაპირზე არსებული ქვაფენილი ჩაითვალა შენობა-ნაგებობად.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში აღნიშნული გარემოება იმის შესახებ, რომ:
ა) მიწის რეალიზაციის მომენტში მასზე დასხმული იყო ბეტონი და ბ) მასზე დამონტაჟებული იყო შლაგბაუმი. რეალურად, რეალიზაციის მომენტში გასაყიდი ქონება იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ ქვაფენილთან ერთად. მყიდველებმა ცალკე (ასევე გადასახადის გადამხდელისგან) შეიძინეს შლაგბაუმი, რომლის მონტაჟიც მოხდა მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ და აღნიშნულ მონტაჟში კომპანიამ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ამასთან, უკვე გაყიდულ მიწის ნაკვეთზე შლაგბაუმის მონტაჟის მიზნით, შლაგბაუმის გაკეთების ადგილი დამაგრდა ბეტონით.
ხსენებულიდან გამომდინარე, დავის ფარგლებში განსახილველი ძირითადი საკითხია - წარმოადგენს თუ არა რეალიზებული მიწის ნაკვეთების ზედაპირზე არსებული ქვაფენილი შენობანაგებობას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ჰ27 პუნქტი შენობა-ნაგებობას განმარტავს - შენობად ან/და ნაგებობად. შენობა, ამავე მუხლის ჰ26 პუნქტის თანახმად, უნდა ქმნიდეს გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრული უნდა იყოს კედლებით. ხოლო, ნაგებობა, ამავე მუხლის „ჰ“ პუნქტის თანახმად, სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემაა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. ამდენად, სადავო შეიძლება იყოს მხოლოდ ის, არის თუ არა ქვაფენილი ნაგებობა.
ნივთის ნაგებობად მიჩნევისთვის ერთობლივად უნდა იყოს სახეზე სამი წინაპირობა:
1. ნივთი უნდა იყოს შექმნილი სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან;
2. ნივთი უნდა იყოს კონსტრუქციული სისტემა;
3. ნივთი გრუნტთან უძრავად უნდა იყოს დაკავშირებული. ამ შემთხვევაში სახეზე არაა მე-2 და მე-3 წინაპირობები. ვინაიდან, ქვაფენილი არანაირ კონსტრუქციულ სისტემას არ წარმოადგენს. ამასთან, მისი გრუნტიდან მოშორება შეიძლება მარტივად, ადამიანის ხელით. ამ თვალსაზრისით, ამ ტიპის ქვაფენილი არ წარმოადგენს არც მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, რადგან მისი გამოცალკევება შეიძლება იმგვარად, რომ თავად ქვაფენილმაც შეინარჩუნოს გამოსაყენებლად ვარგისი მდგომარეობა და მიწის ნაკვეთმაც. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „ნაგებობის“ დეფინიცია იდენტურადაა დადგენილი საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებში. მათ შორის იმ ნორმატიულ აქტებში, რომელიც ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესს. („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის №144 დადგენილება და ა.შ.) აღნიშნული, ნორმატიული აქტების გამომყენებელი ადმინისტრაციული ორგანოები შენობა-ნაგებობად არ განიხილავენ გრუნტზე არსებულ ქვაფენილს. „ნაგებობის“ შემოსავლების სამსახურისეულ ინტერპრეტირების მიხედვით, კი საკუთრების უფლების აღიარებას უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ თარიღამდე მფლობელობაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ იყო ქვაფენილი ან სხვა სამშენებლო ნაკეთობისგან იყო შექმნილი ცარიელ გრუნტზე უფრო ხელსაყრელი ვითარება მანქანის გასაჩერებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და დაევალოს შემოსავლების სამსახურს არასწორად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება/საქონელი − მომსახურება/საქონელი, რომლის მიწოდება ხორციელდება ძირითადი მომსახურების/საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და რომლის განხორციელება აუცილებელია ამ ძირითადი ოპერაციის შესრულებისთვის.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
2. საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ერთობლივად დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციებად, გარდა ძირითადი საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან ერთად მასთან უშუალოდ დაკავშირებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევისა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე3 მუხლის „ჰ“, „ჰ26“, და „ჰ27“ ქვეპუნქტების შესაბამისად:
ჰ) ნაგებობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული;
ჰ26) შენობა-ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
ჰ27) შენობა-ნაგებობა − შენობა ან/და ნაგებობა
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ბინების და ავტოსადგომების რეალიზაცია. საწარმოს მიერ მოხდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყოფა პატარა (11-13კვ.მ) ნაწილებად, რომელზეც დასხმულია ბეტონი და აღჭურვილია ინდივიდუალური გზის მექანიკური გადასაკეტი მოწყობილობით. საწარმოს აღნიშნული ფართი რეალიზებული აქვს როგორც ღია ავტოსადგომი და მის მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ით (განიხილავს, როგორც მიწის ნაკვეთის რეალიზაცია). საწარმოს მიერ რეალიზებული ავტოსადგომები საგადასახადო ორგანოს მიერ ჩაითვალა მიწის და შენობა-ნაგებობის მიწოდებად და დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
12.10.2023 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ავტოსადგომზე, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არის მიწა, დაგებულია ქვაფენილი სილაზე, რომლის დემონტაჟი არის მარტივი, რადგან ბეტონით არ არის დამაგრებული. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით აღნიშნული შენობის განმარტების სამ კომპონენტს არ აკმაყოფილებს. ამასთან, მასზე შლაგბაუმიც არაა ე.წ. გზის გადასაკეტი მოწყობილობაა დამაგრებული. ქვაფენილიანი მიწა დაყოფილია პატარა მონაკვეთებად და მიწოდებულია მოსახლეობისთვის. აღნიშნული შენობა-ნაგებობა ვერ იქნებოდა, რადგან ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-6 ნაწილით ქუჩისა და ტროტუარის ნაწილია, გასასვლელი, გზის ნაწილი კორპუსებს შორის. ავტოსადგომების შემთხვევაში, ერთი ნაწილი, წარმოადგენს კორპუსის მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ მდგენელს და ამ ტიპის ავტოსადგომების რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-თი, ხოლო მეორე ნაწილი რომელიც მხოლოდ მიწაა და არ არის გათვალისწინებული არცერთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვაში, თავიდანვე არ იყო გამიზნული ავტოსადგომად, იყო ეზო, მოსახლეობის მოთხოვნით და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოხდა დაყოფა და გაყიდვა. მყიდველებმა ცალკე (ასევე გადასახადის გადამხდელისგან) შეიძინეს შლაგბაუმი, რომლის მონტაჟიც მოხდა მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ და აღნიშნულ მონტაჟში კომპანიას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, უკვე გაყიდულ მიწის ნაკვეთზე შლაგბაუმის მონტაჟის მიზნით, შლაგბაუმის გაკეთების ადგილი დამაგრდა ბეტონით.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული ფართების გაყიდვა თავიდანვე გამიზნული იყო ავტოსადგომად, ხელშეკრულებაში მითითებულია უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის და მოძრავი ქონების გზის მექანიკური გადასაკეტი მოწყობილობის შლაგბაუმის გაყიდვა. საგადასახადო ორგანოს მიერ კვალიფიკაცია მიენიჭა როგორც ნაგებობას, ვინაიდან ჩამონტაჟებული შლაგბაუმი გრუნტთან არის დაკავშირებული. შლაგბაუმი ხელშეკრულებაში შეფასებულია ცალკე ღირებულებით (100 აშშ დოლარად) და დაბეგრილია. ამასთან, აღსანიშნია, რომ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის მყიდველის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ მყიდველი ვალდებულია უძრავი ქონება გამოიყენოს მხოლოდ ავტოსადგომის დანიშნულებით და ეკრძალება ნასყიდობის საგანზე ნებისმიერი სახის და კლასის შენობა-ნაგებობის აშენება ან/და დადგმა, ნასყიდობის საგნის გადახურვა ან შემოღობვა, ნებისმიერი სახის მცენარის დარგვა ან/და ნებისმიერი სახის, მოცულობის და ფუნქციის მილის გაყვანა.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-6 ნაწილზე. აღნიშნული ნორმა მიწის ნაკვეთსა და შენობას/ნაგებობას შორის პირდაპირი კავშირის გათვალისწინებით, დასაბეგრ ოპერაციად განიხილავს მათ ერთობლივ მიწოდებას, რადგან საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე, ხოლო შენობა/ნაგებობის მიწოდება იბეგრება დღგ-ით, რაც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს გადასახადისგან თავის არიდების მიზნით.
აღნიშნული სპეციალური წესი გამომდინარეობს, დასაბეგრი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ზოგადი პრინციპიდან, რომლის მიხედვით დღგ-თი დაბეგვრის მიზნისთვის ოპერაცია ხელოვნურად არ უნდა დაიყოს/დანაწევრდეს. შესაბამისად, თუ ერთი გარიგება პირდაპირ კავშირშია მეორე გარიგებასთან და დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, როგორც წესი, მათი ერთობლივად მიწოდება, დღგ-ის მიზნისთვის ერთ ოპერაციად განიხილება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა ღია ავტოსადგომის მიწოდება (ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომად გამიზნული შესაბამისად მოწყობილი ტერიტორიის, მათ შორის, შლაგბაუმის მიწოდება).
ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ ოპერაცია დღგ-ის მიზნისთვის დანაწევრებულია და განხილულია, როგორც ცალკე მიწის ნაკვეთის (დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაცია) და ცალკე ავტოსადგომისთვის აუცილებელი ინფრასტუქტურის/ნაგებობის (შლაგბაუმი და სხვა) (დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია)) მიწოდება.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ განხორციელდა ცალკე ე.წ. შლაგბაუმის და ცალკე ადგილის (მიწის ნაკვეთის) მიწოდება, ხოლო აღნიშნული ოპერაციის მიზანი იყო ავტოსადგომების მიწოდება, რადგან როგორც შემძენის, ასევე გამყიდველის მიზანი არის მიწის ნაკვეთის და შლაგბაუმისა (რომელიც არის ნაგებობა)
ერთად გაყიდვა და ერთად შეძენა, ხელოვნურად არის დაყოფილი ოპერაცია და წარმოადგენს ერთობლივ მიწოდებას. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, „ავტოსადგომის“ მიწოდება უნდა ჩათვალოს პირის მიერ ნაგებობის მიწოდებად. შესაბამისად, ღია ავტოსადგომის რეალიზაცია განეკუთნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-680 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14838 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს ბინების და ავტოსადგომების რეალიზაცია. საწარმოს მიერ მოხდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაყოფა პატარა (11-13კვ.მ) ნაწილებად, რომელზეც დასხმულია ბეტონი და აღჭურვილია ინდივიდუალური გზის მექანიკური გადასაკეტი მოწყობილობით. საწარმოს აღნიშნული ფართი რეალიზებული აქვს როგორც ღია ავტოსადგომი და მის მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ით (განიხილავს, როგორც მიწის ნაკვეთის რეალიზაცია). საწარმოს მიერ რეალიზებული ავტოსადგომები საგადასახადო ორგანოს მიერ ჩაითვალა მიწის და შენობა-ნაგებობის მიწოდებად და დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;160;161(1);163(6);177(5);157;159(1);169(4);