ბრძანება N 100

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.01.2026
№ დოკუმენტი 100
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 100

09 იანვარი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------)

(მის.: ----------------------------------)

2025 წლის 14 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 დკემბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) 2025 წლის 14 დეკემბრის №----/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ნოემბრის №007-303 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ საქონლის დიდი ნაწილის რეალიზაციას ახორციელებს დოკუმენტურად, რომლითაც შესაძლებელია თვითღირებულებისა და ფასნამატის განსაზღვრა. მიუთითებს, რომ მისი გაანგარიშებით ფასნამატი 2022 წელს შეადგენდა 9.3%-ს, 2023 წელს 9%-ს, ხოლო 2024 წელს 8.7%-ს. აცხადებს, რომ მის მიერ ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა შემოწმების მიერ გამოყენებული სტრატეგია თუმცა, შემოწმებას თვითღირებულებაში გათვალისწინებული არ აქვს ტრანსპორტირების ხარჯი, რამაც გამოიწვია ფასნამატის გაზრდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა აუდიტორთან ერთად სრულად შეისწავლოს საკითხი და განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12687 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 13 ნოემბრს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 14 ნოემბრის №25077 ბრძანება და ამავე თარიღის №007-303 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 104 718 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 980 ლარი, ჯარიმა 23 802 ლარი, საურავი 18 936 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

. ფ/პ -----ის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ---დან იმპორტირებული მაგიდის გადასაფარებლებით ვაჭრობა შპს „-----“-სგან იჯარით აღებულ ფართში. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, საქონლის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია ექსელის პროგრამაში (ბუღალტრულ აღრიცხვას ელ. პროგრამაში არ ახორციელებს) და საშემოსავლო გადასახადის წლიური გაანგარიშების ცხრილები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის ბრძანება №12948-ის საფუძველზე მეწარმეს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის რაოდენობრივი შედეგები შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საქონლის მოძრაობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახულ ნაშთებთან და სხვაობა არ გამოვლენილა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა, როგორც საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატი, რამაც 2022 და 2023 წლებში შეადგინა 4%, ხოლო 2024 წელს შეადგინა 11%, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში ასახული ფასნამატი (2022-3,6%. 2023- 8,4%, 2024-6,5%). აღნიშნული განსხვავება ფასნამატში გამოწვეულია საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის განსხვავებით. პირი საქონლის რეალიზაციის დიდ ნაწილს ახორციელებს დოკუმენტურად. შემოწმებით შესწავლილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, რამაც 2022 წელს შეადგინა 9,1%, 2023 წელს 11,9%, 2024 წელს 11,7%, ხოლო 2025 წელს ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა 12%. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში ფიქსირდება დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით და ასევე შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში არსებული მონაცემები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, შემოწმებამ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაიანგარიშა როგორც შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტური, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დადგენილი ფასნამატის და შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით (დაკორექტირდა 2022, 2023 და 2024 წლის საწყისი და საბოლოო სასაქონლო- მატერიალური მარაგების ნაშთები). 2022 წლის შემოსავალმა ეკონომიკური საქმიანობიდან შეადგინა 1 000 945 ლარი, 2023 წელს 1 167 377 ლარი და 2024 წელს 1 140 135 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 102-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმებით დადგენილსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობაზე, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასებეგრი ბრუნვა, კერძოდ, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული და ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, რამაც ჯამში შეადგინა სულ 3 712 748 ლარი (დღგ-ს გარეშე). შემოწმებით გამოვლენილსა და დეკლარირებულ დღგ-ს ბრუნვებს შორის სხვაობაზე, 123 798 ლარი, შესაბამის საგადასახადო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებისას ტრანსპოტირების ხარჯების გაუთვალისწინებლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების მიერ საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა საბაჟო ოპერაციებში ასახული ტრანსპორტირების ხარჯები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები,ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ -----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატს.კეთილსინდისიერებაზე მითითებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12687 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №25077 ბრძანება და №007-303 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 104 718 ლარი, მათ შორის, გადასახადი 61 980 ლარი, ჯარიმა 23 802 ლარი, საურავი 18 936 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, საქონლის მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია ექსელის პროგრამაში (ბუღალტრულ აღრიცხვას ელ. პროგრამაში არ ახორციელებს) და საშემოსავლო გადასახადის წლიური გაანგარიშების ცხრილები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანება №12948-ის საფუძველზე მეწარმეს ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის რაოდენობრივი შედეგები შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საქონლის მოძრაობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახულ ნაშთებთან და სხვაობა არ გამოვლენილა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა, როგორც საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატი, რამაც 2022 და 2023 წლებში შეადგინა 4%, ხოლო 2024 წელს შეადგინა 11%, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში ასახული ფასნამატი (2022-3,6%. 2023- 8,4%, 2024-6,5%). აღნიშნული განსხვავება ფასნამატში გამოწვეულია საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის განსხვავებით. პირი საქონლის რეალიზაციის დიდ ნაწილს ახორციელებს დოკუმენტურად. შემოწმებით შესწავლილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, რამაც 2022 წელს შეადგინა 9,1%, 2023 წელს 11,9%, 2024 წელს 11,7%, ხოლო 2025 წელს ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით გამოვლინდა 12%. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებში ფიქსირდება დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით და ასევე შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში არსებული მონაცემები განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, შემოწმებამ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაიანგარიშა როგორც შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტური, ასევე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით დადგენილი ფასნამატის და შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ცხრილებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით . 2022 წლის შემოსავალმა ეკონომიკური საქმიანობიდან შეადგინა 1 000 945 ლარი, 2023 წელს 1 167 377 ლარი და 2024 წელს 1 140 135 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, 102-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმებით დადგენილსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობაზე, პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით განსაზღვრულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასებეგრი ბრუნვა, კერძოდ, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული და ფართის გაქირავებით მიღებული შემოსავალი, რამაც ჯამში შეადგინა სულ 3 712 748 ლარი (დღგ-ს გარეშე). შემოწმებით გამოვლენილსა და დეკლარირებულ დღგ-ს ბრუნვებს შორის სხვაობაზე, 123 798 ლარი, შესაბამის საგადასახადო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 269(7);