გადაწყვეტილება №27175/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.06.2026
№ დოკუმენტი 27175/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27175/2/2026

30 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27175/2/2026).

 

დავის საგანი:

ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №001-318 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 215 839,1 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 108 233,37

დღგ - 63 982,78

მოგების გადასახადი - 44 250,59

ჯარიმა - 53 943,1

საურავი - 53 662,63

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს 4 ფართი რეალიზებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, კერძოდ, დამფუძნებლებზე, მათი ოჯახის წევრებსა და თანამშრომელზე. აღნიშნულ პირებთან მიმართებაში გაანალიზდა ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასები, შედეგად დადგინდა, რომ სამ პირთან მიმართებაში ხელშეკრულების ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, ხოლო ერთ პირზე განსხვავდებოდა უმნიშვნელოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამი ფართის რეალიზაციის თანხა განისაზღვრა საბაზრო ფასით. ამასთან, საბაზრო ფასსა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-18, მე-19, 981 , 97-ე, 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №001-318 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილებზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტებზე, 157-ე მუხლის „რ“ და „რ.ა“ ქვეპუნქტებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების აქტში ასახულ დასკვნას, ვინაიდან სსკ-ის მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად საქონლის საბაზრო ფასი განისაზღვრება დადებული გარიგების დროს არსებული გარემოებების გათვალისწინებით. ხელშეკრულებებით განსაზღვრული ფასები, ხელშეკრულების დადების დროს, შეესაბამებოდა იმ პერიოდის საბაზრო ფასებს. ურთიერთდამოკიდებულ პირებს უძრავი ქონება შეძენილი აქვთ კოვიდ პანდებიის დროს, ერთ შემთხვევაში სრული ღირებულება მიღებულია ერთიანი გადახდით, ხოლო 2 შემთხვევაში თანხის ნაწილი მიღებულია წინასწარი შენატანის სახით. შემოწმების მიერ საბაზრო ფასები აღებულია შეუსაბამო პერიოდების მიხედვით. დაეყრდნო საჯარო რეესტრში გადაფორმების თარიღს, მხედველობაში არაა მიღებული, რომ უძრავი ქონება რეალიზებულია გაცილებით ადრე, კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც უძრავი ქონების ღირებულება გაცილებით დაბალი იყო . დღგ-ით დაბეგვრის მომენტის შეფასებისას გასათვალისწინებელია საჯარო რეესტრში გადაფორმებისა და თანხის გადახდის შორის არსებული დროითი შუალედი. კომერციული ფართი შემთხვევაში აღებულია შეუსაბამო ფართის მონაცემები, რეალიზებულია 159,6 კვ ფართი, ხოლო აღებულია 31,5 კვ ფართი, რომელიც არაა ფასის მიხედვით შესაბამისი, ასევე უცნობია ტერიტორიული პრინციპით შეესაბამება თუ არა. რეალიზებული ფართი იყო შავი კარკასი, უცნობია შესადარისი ფართის მდგომარეობა. სერთიფიცირებული ექსპერტ-ის, შპს „-------“-ს მიერ გაცემულია „უძრავი ქონებების ღირებულების შეფასების ანგარიში“, რომლსაც დანართის სახით წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი არ ეთანხმება საბაზრო ფასების გავრცელებას, ითხოვს გათვალისწინებული იქნას ფულის მიღების თარიღები (წინარე ნასყიდობის თარიღები), აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს „უძრავი ქონებების ღირებულების შეფასების ანგარიში“-თ და დაკორექტირდეს (შემცირდეს) დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საქონლისთვის საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სერთიფიცირებულ ექსპერტთან, შპს „-------“, დადებული აქვს ხელშეკრულება საშემფასებლო მომსახურებაზე, რომელსაც დანართის სახით წარმოადგენს და ითხოვს, რომ რეალიზებული ფართების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს მოცემული ექსპერტიზის დასკვნით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2026 წლის №7777 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასხადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს 4 ფართი რეალიზებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, კერძოდ, დამფუძნებლებზე, მათი ოჯახის წევრებსა და თანამშრომელზე. აღნიშნულ პირებთან მიმართებაში გაანალიზდა ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასები, შედეგად დადგინდა, რომ სამ პირთან მიმართებაში ხელშეკრულების ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, ხოლო ერთ პირზე განსხვავდებოდა უმნიშვნელოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამი ფართის რეალიზაციის თანხა განისაზღვრა საბაზრო ფასით. ამასთან, საბაზრო ფასსა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ღირებულებას შორის სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ფართების ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 19; 981(4); 159; 163; 164