ბრძანება N 3992

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 3992
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3992

02.03.2023

შპს „------------“ (ს/ნ ------------)

(მის.: ქ. ----------------------------)

2022 წლის 21 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „---------------“ (ს/ნ ----------------) №74050/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №044-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირზე სესხის დაბრუნებისთვის გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. გადამხდელი განმარტავს, რომ სესხი აღებულ იქნა 2017 წლის სექტემბრის თვეში სხვადასხვა ვალდებულებების დასაფარად და საბრუნავი საშუალებების შესავსებად. ასევე, გაუგებარია როგორ დაადგინა შემოწმებამ, რომ გადამხდელს არ სჭირდებოდა სესხი და გააჩნდა ფულადი სახსრები. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებისას წარდგენილი იყო პროგრამა ორისი 2019 წლიდან 2022 წლის პერიოდზე, სადაც სრულადაა ასახული ყველა ოპერაცია, რომლის შესაბამისად, სრულადაა დაბალანსებული ყველა ფინანსური ოპერაცია და დაშვებულია მცირე უზუსტობები, რომელიც გამოვლინდა შემოწმებით (გარდა აღნიშნული ოპერაციისა) და ასახულია შემოწმების აქტში. შესაბამისად, გადამხდელს არასწორად მიაჩნია შემოწმების მხრიდან სესხის აღების აუცილებლობის შეფასება და თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №737 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------------“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 15 ივლისის №18719 ბრძანება და 18 ივლისის №044-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 21 761 ლარი, მათ შორის, გადასახადი 11 619 ლარი, ჯარიმა 5 809 ლარი, საურავი 4 332 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ 2017 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულების მიხედვით შპს „---------------“ (ს/ნ ----------------) ფ/პ ----------------გან (პ/ნ ---------------) აღებული აქვს უპროცენტო სესხი 40 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული თანხის დაბრუნება მოხდა ეტაპობრივად 2020 წლის მარტსა (10 000 ლარი) და აგვისტოს (30 000 ლარი) თვეებში. შემოწმების პროცესში ჩატარებული ფულადი სახსრების (2008-2016 წლამდე წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით) მოძრაობის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ სჭირდებოდა სესხის აღება, რადგან მისივე წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით გააჩნდა საკუთარი ფულადი სახსრები. შესაბამისად ზემოაღნიშნული 40 000 ლარი შემოწმებით განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახური, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 9 სექტემბრის ხელშეკრულება საწარმოს მიერ 40 000 ლარის სესხის მიღებასთან დაკავშირებით. ამასთან, გამსესხებელი არ წარმოადგენს საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირს, ხოლო შემოწმების მიხედვით დგინდება, რომ თანხის დაბრუნება მოხდა ეტაპობრივად 2020 წლის მარტსა (10 000 ლარი) და აგვისტოს (30 000 ლარი) თვეებში. აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად იმ საფუძვლით, რომ ჩატარებული ფულადი სახსრების (2008-2016 წლამდე წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით) მოძრაობის ანალიზის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ სჭირდებოდა სესხის აღება, რადგან მისივე წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით გააჩნდა საკუთარი ფულადი სახსრები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მიხედვით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში მისი გამოცემისას გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, სესხის დაბრუნებისთვის გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე სესხის დაბრუნებისთვის გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „---------------“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე სესხის დაბრუნებისთვის გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.