გადაწყვეტილება №21215/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.01.2024
№ დოკუმენტი 21215/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 21215/2/2023

26 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---------31.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21215/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 14.08.2020 წლის №24155 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №094-36 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2023 წლის №25004 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 223 533 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 125 207

დღგ - 283

მოგების გადასახადი - (42 700)

საშემოსავლო გადასახადი - 36 355

ქონების გადასახადი - 131 269

ჯარიმა - 18 335

საურავი - 79 991

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2014 წლის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი 2009, 2010, 2011 და 2012 წლის საანგარიშო პერიოდებში ფლობდა ქ. ----------ში მდებარე შენობა-ნაგებობაში ორ სართულს (სულ 2012.53 კვ.მ), რომლის საბალანსო ღირებულება 2009 წელს შეადგენს 626 790 ლარს, ხოლო დაგროვილი ცვეთა 478 239 ლარს. 2012 წლის სექტემბერში მოხდა აღნიშნული ფართის რეალიზაცია 4 149 975 ლარად (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 202-ე (ძველი 273-ე) მუხლის გათვალისწინებით, ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წელს გასხვისებული ქონების სარეალიზაციო ფასი შემოწმებით მიჩნეულ იქნა საბაზრო ფასად და აღნიშნული ქონება 2009-2012 წლებში დაიბეგრა ქონების საბაზრო ღირებულებიდან.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2014 წლის №48962 ბრძანება და 15.12.2014 წლის №094-264 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი, სულ 131 269 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 10.02.2015 წლის №3491 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხით განსაზღვრული სახელმწიფო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულება, რეალიზებული ქონების ღირებულების შეფასების შესახებ 2009, 2010 და 2011 წლების მიხედვით;

აღნიშნული ხელშეკრულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, რეალიზებული ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნით. ხელშეკრულების წარუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს რეალიზებული ქონების შეფასება სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ და ქონების ღირებულება განსაზღვროს აღნიშნული დასკვნის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 10.02.2015 წლის №3491 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 8.01.2016 წლის №9732/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა მიმართა --------- საქალაქო სასამართლოს, რომელმაც 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, ქონების გადასახადის 131 269 ლარის დარიცხვის ნაწილში, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 26 ნოემბრის №48962 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 დეკემბრის №094-264 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №3491 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება (№9732/2/15) და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

---------- საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებებით.

---------- საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 12 ივნისის №094-61 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ მითითებაზე, რომ „საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა და შემდეგ უნდა დაადგინოს 2009 წლის ქონების საბაზრო ფასი, განსაზღვროს იგი პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპებზე დაყრდნობით და იმ პირობებში, როდესაც საქმეში მოიპოვება განსხვავებული შედეგის შემცველი აუდიტორის დასკვნები, მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება“ და აღნიშნულის შესაბამისად, განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის სათანადოდ/ჯეროვნად აღსრულებული --------- საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რის გამოც სადავო აქტი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24155 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, -------- საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მასში აღნიშნული მითითებების შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობის და შემდეგ 2009-2010-2011-2012 წლის ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, საურავის დარიცხვის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24155 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24155 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.05.2023 წლის №094-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.10.2023 წლის №25004 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიმდინარე დავის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შემფასებელ ---------- მიერ შესრულებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა №---------, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 840 000 ლარს. იგივე ქონებაზე აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა რეალიზებული ქონების შეფასება სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ, რაზეც შედგა დასკვნა ---------- „საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 258 000 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა დაყრდნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ ინფორმაციას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მაღალი სტანდარტის საიმედოების მქონე ინფორმაციად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესწავლით დადგინდა, რომ წარმოდგენილი დასკვნა შედგენილია გაყიდვების შედარების მეთოდით, რომლის ინფორმაციის წყაროს საფუძვლადაც მითითებულია გაზეთ „---------“ განცხადებები.

ამასთან, შედარების კომპონენტად გამოყენებული ქონებების მდებარეობების ტერიტორიული არეალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაფასებელი ქონების მდებარეობისგან, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან რეალიზაციის მომენტისთვის სადავო ქონებას, მისი მდგომარეობის (სარემონტო) გათვალისწინებით, არსებითი ცვლილება არ განუცდია. ამასთან, საურავის დარიცხვის მართლზომიერების დამატებით შესწავლით დადგინდა, რომ ქონების გადასახადში დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საურავის შემცირების საფუძველი

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად მიეთითა აუდიტის დეპარტამენტის არგუმენტაცია. საგადასახადო ორგანოს წინაშე იდგა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების დასაბუთება და შემდეგ 2009 წლის ქონების საბაზრო ფასის დადგენა, ეს უკანასკნელი კი უნდა განესაზღვრა პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპზე დაყრდნობით, რის გამოც უნდა შეესწავლა საქმეში არსებული განსხვავებული შედეგის შემცველი აუდიტორის დასკვნები, შედეგად უნდა მოეხდინა ყველა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საგადასახადო ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაევალა იყო ის, რომ უნდა დაესაბუთებინა კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა და საერთოდ არ იმსჯელა მოცემულ საკითხზე. აღნიშნულის დასაბუთება ნამდვილად შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც საგადასახადო კოდექსის ვალდებულების წარმოშობის დღისთვის მოქმედი ნორმებიდან გამომდინარე (2004 წლის საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლი და 2010 წლის საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლი), საგადასახადო ორგანოს უფლება ქონდა გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა გადასახადის გადამხდელისათვის, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განესაზღვრა საბაზრო ფასით, ამასთან გადასახადის გადამხდელი დამატებით ვალდებული იყო, იმ შემთხვევაში, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატებოდა მის საბალანსო ღირებულებას, შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ, აღნიშნული საბაზრო ფასი გამოეყენებინა შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. შესაბამისად, კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული საგადასახადო ორგანოს ვალდებულება, გადასახადის გადამხდელისათვის ქონების ღირებულებად განესაზღვრა მისი საბაზრო ფასი, მაშინ როდესაც ქონების საბაზრო ღირებულება საბალანსო ფასს აღემატებოდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო საბაზრო ფასით მოახდენდა გადასახადის გადამხდელის დაბეგვრას, მას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა დაესაბუთებინა მიღებული აქტი, ამასთან აქტის მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა კანონიერების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპების დაცვით.

მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ ხელახალი შემოწმების საფუძველზე, 2012 წელს გასხვისებული ქონების სარეალიზაციო ფასი (4 149 975 ლარი), კვლავ მიჩნეულ იქნა საბაზრო ფასად და აღნიშნული ქონება 2009-2012 წლებში დაიბეგრა ქონების საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ვინაიდან, არ არსებობს საგადასახადო ორგანოს დასაბუთება, თუ რატომ მოახდინა გადასახადის გადამხდელის მიმართ საბაზრო ღირებულების გამოყენება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ

მოხდება საგადასახადო ორგანოს მხრიდან აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება, შემდგომ უნდა მომხდარიყო საგადასახადო ორგანოს მიერ 2009 წლის მდგომარეობით განსაზღვრული საბაზრო ფასის კანონიერების დადგენა. აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისთვის იმდენად, რამდენადაც 2009 წლის მდგომარეობით განსაზღვრული საბაზრო ფასი შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2004 წლის საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით, 2009 წლის 17 ივლისამდე, საწარმოს/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განსაზღვრული იყო დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებიდან არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. 2009 წლის 17 ივლისიდან ცვლილება შევიდა 273-ე მუხლში და მისი პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

2009 წლის 17 ივლისის ცვლილებითვე 273-ე მუხლს დაემატა 12 ნაწილი, რომლითაც საგადასახადო ორგანოს მიეცა დისკრეცია, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განესაზღვრა საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ დადგინდებოდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატებოდა მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებული იყო გადაეხადა მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი. ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრებოდა და იგი ვალდებული იყო შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოეყენებინა შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

2009 წლის 17 ივლისს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები მოცემული დავისთვის არსებითი ხასიათის მქონეა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქმის შედეგზე, ვინაიდან 2009 წლის 17 ივლისის კანონით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ გარდა იმისა რომ შეიცვალა მანამდე მოქმედი 273-ე მუხლი (გადასახადის განაკვეთები), ამასთანავე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლით საწარმოებისთვის/ორგანიზაციებისთვის დადგინდა 2009 წლის ქონების გადასახადის გადახდის წესი შემდეგნაირად:

„საწარმოები/ორგანიზაციები ვალდებული არიან მოახდინონ 2009 წლის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის (მათ შორის, 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით მიღებულ ქონებაზე) კორექტირება ამ კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით და გადაიხადონ იგი არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა“.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით კი გათვალისწინებული იყო შემდეგი წესი:

„1.საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვე-ვებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.“

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით და თავად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი 2009, 2010, 2011 და 2012 წლის საანგარიშო პერიოდებში ფლობდა ქ. ---------ში მდებარე შენობა-ნაგებობაში ორ სართულს (სულ 2012.53 კვ.მ), რომლის საბალანსო ღირებულება 2009 წელს შეადგენს 626 790 ლარს, ხოლო დაგროვილი ცვეთა - 478 239 ლარს. შესაბამისად, კომპანიის მიერ 2009 წლის ქონების გადასახადი დაანგარიშებულ უნდა იქნეს/ყოფილიყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შემდეგი სახით: უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება უნდა გაიზარდოს მაქსიმუმ 3-ჯერ (თუ 2000 წლამდეა აქტივი შეძენილი ან ამ აქტივის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია უცნობია) და მიღებული ციფრის 1% წარმოადგენს იმ თანხას, რაც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა ქონების გადასახადის ოდენობად არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა (იხ. 2009 წლის 17 ივლისის კანონის ჩანაწერი). უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ ქონების გადასახადის გადახდა სადავო პერიოდზე ხდებოდა არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საგადასახადო ორგანოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაევალა იყო ის, რომ მას უნდა დაედგინა 2009 წლის ქონების საბაზრო ფასი, ეს უკანასკნელი კი უნდა განესაზღვრა პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპზე დაყრდნობით.

აღნიშნულის გამო, მას უნდა შეესწავლა საქმეში არსებული განსხვავებული შედეგის შემცველი აუდიტორის დასკვნები, შედეგად კი უნდა მოეხდინა ყველა ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება. აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნულ საკითხზე მართალია იმსჯელა, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტის გარეშე თავი აარიდა სასამართლოს მითითებების შესრულებას გადაწყვეტილების მიღებისას ეხელმძღვანელა - პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპით და სრულიად უსაფუძვლოდ არ დაეყრდნო და არ გამოიყენა 2009 წლის ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასების დასკვნა.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლომ უტყუარად დაადგინა ის გარემოება (რაც ზემდგომმა ინსტანციებმაც გაიზიარეს), რომ: „ვინაიდან საბაზრო ფასი არის ცვალებადი, ხოლო გარიგების ფასზე სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებებიც ახდენენ გავლენას, დაუშვებელია, რომ 2012 წლის გარიგების ფასი მიჩნეულ იქნას 2009 წლის საბაზრო ფასად, ვინაიდან, ერთი მხრივ, საბაზრო და გარიგების ფასები შეიძლება არ იყოს იდენტური ეკონომიკური მახასიათებლის მატარებელი, ხოლო, მეორე მხრივ, 3 წელი ვერ იქნება მიჩნეული იმ ვადად, როდესაც საბაზრო ფასს არ შეიძლებოდა განეცადა არსებითი ცვლილება. ამრიგად, საგადასახადო ორგანოთა მიერ ავტომატურად არ უნდა მომხდარიყო 2009 წლის საბაზრო ფასად 2012 წლის გარიგების ფასის მიჩნევა და საბაზრო ფასი უნდა განსაზღვრულიყო სწორედ 2009 წელს არსებული საბაზრო ფასების გამოკვლევის შედეგად.

საგადასახადო ორგანოს 2009 წელს არსებულ უძრავი ქონების საბაზრო ფასის გამოკვლევა უნდა მოეხდინა საქმეში არსებული აუდიტორული დასკვნების საფუძველზე. კერძოდ საქმეში მოიპოვება 1. სს „----------“ დაკვეთით შესრულებული შპს „---------“ 2014 წლის 18 სექტემბრის დასკვნა, რომლის მიხედვით, ------------ში არსებული შენობის მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებული 2 012.53 კვ.მ. საოფისე ფართის საბაზრო ღირებულება 2009 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 840 000 ლარს. 2. აუდიტის დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული დასკვნა „--------- საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, ქ.----------ში მდებარე შენობა-ნაგებობაში ორი სართულის (სულ 2 012.53 კვ.მ), საბაზრო ღირებულება 2009 წელს შეადგენს 4 258 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

აღნიშნული საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია თავად სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასება საქმეში არსებულ აღნიშნულ აუდიტორულ დასკვნებთან დაკავშირებით, კერძოდ სასამართლომ დაადგინა, რომ:

„უპირველეს ყოვლისა არ არის დასაბუთებული, რამ გამოიწვია საბაზრო ფასის გამოყენების საჭიროება, ხოლო აღნიშნულის დასაბუთების შემდგომ არ დგინდება საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასის კანონიერება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სს „----------“ მიერ დასკვნა არ იყო მთავრობის დადგენილებაში მითითებულ პირთა მიერ მომზადებული, არ წარმოადგენს აღნიშნული დასკვნის გაუზიარებლობის საკმარის საფუძველს, რამეთუ კანონმდებლობით არ არის დადგენილი მხოლოდ №360 დადგენილებით განსაზღვრული პირის მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება არ ჰქონდა, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი ეთქვა აღნიშნული დასკვნის გაზიარებაზე, მით უფრო, რომ თავად სახელმწიფო ორგანომ დასკვნის მომზადება შეუკვეთა არა მთავრობის დადგენილებაში მითითებულ პირს. სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია მოხდეს მსგავსი დიფერენცირება გადასახადის გადამხდელისა და სახელმწიფო ორგანოთათვის დაკისრებული კონკრეტული მტკიცებულების მოპოვების მიზნით და გადასახადის გადამხდელის მდგომარეობა უფრო დამძიმებული იყოს. გარდა იმისა, რომ კანონი ცალსახად არ ავალდებულებს გადასახადის გადამხდელს მხოლოდ კონკრეტული პირების მიერ მომზადებული დასკვნა წარადგინოს და იგი შეზღუდული არ არის თავად აარჩიოს შემფასებელი კომპანია, იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ორგანო უფრო სანდოდ მიიჩნევდა გარკვეული კომპანიების მიერ გაცემულ დასკვნას, გაუგებარია, რატომ არ მიმართა მანვე სწორედ ამ კომპანიებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, გადასახადის გადამხდელმა უნდა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებას, თავადაც უზრუნველყოს იმ მტკიცებულებების მოპოვება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს გადასახადის დარიცხვის საკითხის გადაწყვეტისას. ამრიგად, საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა და შემდეგ უნდა დაადგინოს 2009 წლის ქონების საბაზრო ფასი, განსაზღვროს იგი პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპზე დაყრდნობით და იმ პირობებში, როდესაც საქმეში მოიპოვება განსხვავებული შედეგის შემცველი აუდიტორის დასკვნები, მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება.

მოცემულ შემთხვევაში როგორც მივუთითეთ 2012 წელს გასხვისებული ქონების სარეალიზაციო ფასი (4 149 975 ლარი), მიჩნეულ იქნა საბაზრო ფასად და აღნიშნული ქონება 2009-2012 წლებში დაიბეგრა ქონების საბაზრო ღირებულებით. ეს იმ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელმა 2014 წელს მოიპოვა მტკიცებულება, კერძოდ, უძრავი ქონების შეფასების 2014 წლის №---------დასკვნა (დანართი 5), რომლის მიხედვითაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2009 წლის მდგომარეობით შეადგენდა 2 840 000 ლარს. აღნიშნული მტკიცებულების წარდგენის მიუხედავად საგადასახადო ორგანომ არ გაიზიარა ის და დაადგინა, რომ დასკვნა შედგენილია გაყიდვების შედარების მეთოდით, რომლის ინფორმაციის წყაროს საფუძვლადაც მითითებულია გაზეთ „-----------“ განცხადებები. ამასთან აუდიტის აზრით შედარების კომპონენტად გამოყენებული ქონებების მდებარეობების ტეროტორიული არეალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაფასებელი ქონების მდებარეობისგან.

ამავე მსჯელობაში აუდიტის დეპარტამენტი იშველიებს „საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“ დასკვნას, რომლის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 258 000 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა დაყრდნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ ინფორმაციას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მაღალი სტანდარტის საიმედოობის მქონე ინფორმაციად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა და ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომაც უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ არ არსებობს არგუმენტი/მტკიცებულება, რის მიხედვითაც 2014 წლის 21 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით სს --------- დარიცხული თანხები დაექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტს, ასევე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, კარგად რომ შეესწავლა საქმეში არსებული დასკვნები მათი შედარებით ნახავდა, რომ საოფისე ფართი, 2012.53 კვ.მ შეფასების მომენტისთვის გაურემონტებელი იყო და ის განთავსებული იყო შენობის მე-5 და მე-6 სართულებზე.

აუდიტის დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული „საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“ დასკვნით შესაფასებელ ობიექტად განსაზღვრულია სს ---------- საკუთრებაში არსებული ქ. ----------ში მდებარე 2012,53 კვ.მ ფართი (ს/კ ----------). დასკვნით დადგინდა რომ ინსპექტირების თარიღისთვის შესაფასებელი ობიექტი მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი შეფასების მომენტთან შედარებით და შეფასების მომენტისთვის უკვე გამოიყენებოდა კომერციული დანიშნულებით. აღნიშნული დასკვნით გაურკვეველია რატომ დადგინდა შეფასების ობიექტად მე-2-მე-6 სართულები, მაშინ როდესაც უდავოდ დგინდებოდა, რომ შესაფასებელი ობიექტი განთავსებული იყო შენობის მე-5 და მე-6 სართულებზე, ასევე ფართი შესაფასებელ პერიოდში იყო გაურემონტებელ მდგომარეობაში. შესაბამისად, დასკვნაში მოყვანილი ანალოგები (თუნდაც საჯარო რეესტრიდან მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნებოდეს) გაურკვეველია რომელ სართულებზე მდებარეობს, ასევე შეფასების მომენტისთვის გარემონტებულია თუ გასარემონტებელი. აღნიშნული გარემოებების შესწავლის გარეშე აღნიშნული დასკვნის გაზიარების საფუძველი არ არსებობს. მაშინ როდესაც აღნიშნულ ყველა საკითხს ფარავს სს --------- მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა.

შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც სასამართლომ საგადასახადო ორგანოს არაპირდაპირ მიუთითა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის გაზიარებისკენ, აუდიტის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით აღნიშნული დასკვნის გაუზიარებლობა ეწინააღმდეგება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც მისი უპირობო გაუქმების საფუძველია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან ერთად, საგადასახადო ორგანომ გადაანგარიშების შედეგებით გააუარესა გადასახადის გადამხდელის მდგომარეობა და იმის გარდა, რომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ განაცხადა უარი ქონების გადასახადის სახით დამატებით დარიცხული თანხების შემცირებაზე, დამატებით სს ---------- მოსთხოვა საურავის გადახდა. საურავის კორექტირებაზე (შემცირების გზით) ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდანაც მიეთითა აუდიტის დეპარტამენტს, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საურავის დარიცხვის მართლზომიერების შესწავლის შედეგად აუდიტის დეპარტამენტმა დაადგინა რომ ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საურავის შემცირების საფუძველი. აღნიშნულს სრულიად უსაფუძვლოდ დაეთანხმა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, რასაც არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

მიუთითება საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სს --------- და საგადასახადო ორგანოს შორის არსებობდა საგადასახადო დავა, რაც სს ----------- სასარგებლოდ დასრულდა სასამართლოში. შესაბამისად, გაუგებარია საურავის დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან, ქონების გადასახადის დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები სრულად იქნა სასამართლოს მიერ გაბათილებული. კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქონების გადასახადის 131 269 ლარის დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 26 ნოემბრის 48962 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 15 დეკემბრის 094-264 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის 3491 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება (საჩივარი 9732/2/15).

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 273-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ დადგინდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებულია გადაიხადოს მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი; ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

2012 წლის 15 მაისამდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებამდე საგადასახადო კოდექსის (2010 წ.) 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. თუ დადგინდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებულია გადაიხადოს მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი. ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე პერიოდზე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. ამასთანავე, აღიარების შედეგად წარმოშობილი სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.

საგადასახადო კოდექსში (2010 წ.) 2012 წლის 15 მაისს განხორციელებული ცვლილებების შემდგომ საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: 4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება; ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელისთვის დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა, სადაც მითითებულია, რომ პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე პერიოდზე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ბათილია და არ არსებობს ქონების გადასახადის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად საურავის დაანგარიშებაც აღნიშნულ ნაწილში ბათილია და ეწინააღმდეგება კანონს ასევე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებასა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.

საურავის საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგოა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები, კერძოდ ერთ შემთხვევაში (2020 წელს) აუდიტის დეპარტამენტს მიუთითა საურავის კორექტირებისკენ (შემცირების გზით), თუმცა, ვინაიდან არ მოხდა არც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს და არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გადასახადის გადამხდელის მხრიდან, კვლავ წარდგენილი საჩივრის ფარგლებში, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საურავის დარიცხვა მიიჩნია მართლზომიერად (2023 წელი).

თუნდაც აღნიშნული გარემოება ცხადყოფს იმას, რომ გასაჩივრებული ბრძანება (10.10.2023 წლის №25004 ბრძანება) შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია საკითხის სათანადო შესწავლის გარეშე, ამასთან, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს დეტალურ და კონკრეტულ დასაბუთებას. გარდა ამისა, გასაჩივრებული აქტით (10.10.2023 წლის №25004 ბრძანება) დგინდება, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საჩივარი განიხილა მომჩივნის დაუსწრებლად 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დავის საგანთან დაკავშირებით ჩათვალა, რომ მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მოესმინა განმარტებები, აღნიშნულით კი ცალსახად დაირღვა გადასახადის გადამხდელის უფლება - მოესმინათ მისთვის და სადავო ქონებასთან დაკავშირებით მიეღოთ განმარტებები გადასახადის გადამხდელისგანაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ არც საგადასახადო შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა და არც ბრძანება (10.10.2023 წლის №25004 ბრძანება) არ ხასიათდებიან იმგვარი კონკრეტიკით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებული მითითებების შესრულების გადამოწმების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ და დეტალიზებულ აღწერას, რომლის მეშვეობითაც თვალსაჩინო გახდება, როგორც შესაბამისი გამოკვლევის ჩატარების ფაქტი, ასევე გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნების სისწორე. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ვინაიდან, გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების გამო დარღვეულია მათი მომზადებისა და გამოცემის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი.

საგადასახადო ორგანოს სასამართლოს მიერ მიეთითა, რომ საკითხის ხელახალი განხილვა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოეხდინა კანონით დადგენილ ვადაში. საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადების გადაანგარიშება არსებული მითითებების გათვალისწინებით (სასამართლოს და ასევე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებული მითითებები) დღემდე ვერ ხორციელდება.

მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შედეგები დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საკითხის ხელახალი განხილვის დროს საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არც ერთი მითითება, რის გამოც მიაჩნია რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლება-ვალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავისმხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადაო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24155 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მასში აღნიშნული მითითებების შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობის და შემდეგ 2009- 2010-2011-2012 წლის ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, საურავის დარიცხვის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დადგენილია ასევე, რომ ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიმდინარე დავის პროცესში, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შემფასებელ ---------- მიერ შესრულებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა №1--------, რომელის მიხედვითაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 840 000 ლარს. იგივე ქონებაზე აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა რეალიზებული ქონების შეფასება სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ, რაზეც შედგა დასკვნა --------- „საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“. აღნიშნული დასკვნის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 258 000 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა დაყრდნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ ინფორმაციას, განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მაღალი სტანდარტის საიმედოობის მქონე ინფორმაციად, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დასკვნის შესწავლით დადგინდა, რომ დასკვნა შედგენილია გაყიდვების შედარების მეთოდით, რომლის ინფორმაციის წყაროს საფუძვლადაც მითითებულია გაზეთ „----------“ განცხადებები. ამასთან, შედარების კომპონენტად გამოყენებული ქონებების მდებარეობების ტერიტორიული არეალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაფასებელი ქონების მდებარეობისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი/მტკიცებულება, რის მიხედვითაც 2014 წლის 21 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით სს --------- დარიცხული თანხები დაექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, საურავის დარიცხვის მართლზომიერების დამატებით შესწავლით დადგინდა, რომ ქონების გადასახადში დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საურავის შემცირების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან რეალიზაციის მომენტისთვის სადავო ქონებას, მისი მდგომარეობის (სარემონტო) გათვალისწინებით, არსებითი ცვლილება არ განუცდია.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას და მასში დაფიქსირებულ არგუმენტებს საჩივრის არ დაკმაყოფილებაზე, აღნიშნავს, რომ სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც საგადასახადო ორგანოს დაევალა:

პირველი მნიშვნელოვანი საკითხი იყო კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა, არ არსებობს საგადასახადო ორგანოს დასაბუთება, თუ რატომ მოახდინა გადასახადის გადამხდელის მიმართ საბაზრო ღირებულების გამოყენება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება საგადასახადო ორგანოს მხრიდან აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება, შემდგომ უნდა მომხდარიყო საგადასახადო ორგანოს მიერ 2009 წლის მდგომარეობით განსაზღვრული საბაზრო ფასის კანონიერების დადგენა. აღნიშნული არსებითად მნიშვნელოვანია საქმისთვის იმდენად, რამდენადაც 2009 წლის მდგომარეობით განსაზღვრული საბაზრო ფასი, შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემობებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ 2009 წლის ქონების გადასახადი გაანგარიშებულ უნდა იქნეს/ყოფილიყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შემდეგი სახით: უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება უნდა გაიზარდოს მაქსიმუმ 3-ჯერ და მიღებული ციფრის 1% წარმოადგენს იმ თანხას, რაც გადასახადის გადამხდელს უნდა გადაეხადა ქონების გადასახადის ოდენობად არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა და რომ კომპანიის მიერ ქონების გადასახადის გადახდა, სადავო პერიოდზე, ხდებოდა არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, იყო 2009 წლის ქონების საბაზრო ფასის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა, თუმცა ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტის გარეშე თავი აარიდა სასამართლოს მითითებების შესრულებას გადაწყვეტილების მიღებისას ეხელმძღვანელა პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპით, უსაფუძვლოდ არ დაეყრდნო და არ გამოიყენა 2009 წლის ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასების დასკვნა. მიუთითებს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილბაში მითითებულ გარემოებებზე, საქმეში არსებულ აუდიტორულ დასკვნებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაკეთებულ შეფასებაზე და აღნიშნავს, რომ საოფისე ფართი, 2012.53 კვ.მ შეფასების მომენტისთვის გაურემონტებელი იყო და ის განთავსებული იყო შენობის მე-5 და მე-6 სართულებზე, აუდიტის დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული „საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“ დასკვნით დადგინდა რომ ინსპექტირების თარიღისთვის შესაფასებელი ობიექტი მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი შეფასების მომენტთან შედარებით და შეფასების მომენტისთვის უკვე გამოიყენებოდა კომერციული დანიშნულებით, აღნიშნული დასკვნით გაურკვეველია რატომ დადგინდა შეფასების ობიექტად მე-2-მე-6 სართულები, მაშინ როდესაც უდავოდ დგინდებოდა, რომ შესაფასებელი ობიექტი განთავსებული იყო შენობის მე-5 და მე-6 სართულებზე, ასევე ფართი შესაფასებელ პერიოდში იყო გაურემონტებელ მდგომარეობაში და რომ აღნიშნული გარემოებების შესწავლის გარეშე აღნიშნული დასკვნის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, მაშინ როდესაც აღნიშნულ ყველა საკითხს ფარავს კომპანიის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა. სასამართლომ საგადასახადო ორგანოს არაპირდაპირ მიუთითა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის გაზიარებისკენ და აუდიტის დეპარტამენტისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით აღნიშნული დასკვნის გაუზიარებლობა ეწინააღმდეგება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.

მომჩივანი ასევე არ ეთანხმება საურავის დარიცხვას და აღნიშნულთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და რომ არ არსებობს საურავის შემცირების საფუძველი, აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საგადასახადო კოდექსის შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ დასრულდა დავა სასამართლოში, შესაბამისად, გაუგებარია საურავის დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან, ქონების გადასახადის დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლები სრულად იქნა სასამართლოს მიერ გაბათილებული, შესაბაისად საურავის დაანგარიშებაც აღნიშნულ ნაწილში ბათილია. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად, მოისმინა მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებები და არ მოუსმენია სადავო ქონებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისგან განმარტებები, რითაც მიაჩნია, რომ დაირღვა გადასახადის გადამხდელის უფლება. მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შედეგები დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საკითხის ხელახალი განხილვის დროს საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მითითებები.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წამომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებზე დამატებით აღნიშნა, რომ მისი პოზიციით აღსრულება საერთოდ არ არის განხორციელებული, რადგან ის რაც სასამართლომ დაავალა შემოსავლების სამსახურს იყო ორი საკითხი. პირველია 2009 წელს საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რასთან მიმართებითაც ფართოდ აქვს წარმოდგენილ საჩივარშიც დაფიქსირებული გარემოებები და პოზიციები შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლში 2009 წლის 17 ივლისს შეტანილ ცვლილებამდე და ცვლილების შემდგომ (273-ე მუხლის პირველი ნაწილით) ჩამოყალიბებულ რედაქციაზე მითითებით, რომელმაც განსაზღვრა 2009 წელს ქონების გადასახადი როგორ უნდა გაანგარიშებულიყო. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით სწორედ ამ ნაწილში მიუთითა საგადასახადო ორგანოს, რომ უნდა დაესაბუთებინა საბაზრო ფასის გამოყენების აუვილებლობა. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით აქვს 2009 წლის ქონების გადასახადი გაანგარიშებული და გადახდილი, შესაბამისად თვლის, რომ საგადასახაო ორგანოს მხრიდან მეტი დასაბუთებაა საჭირო, რატომ ჩათვალა რომ არასწორადაა გაანგარიშებული, გადახდილი ქონების გადასახადი და როგორც იყენებს საგადასახადო ორგანო 273-ე მუხლს და მასში 2009 წელს განხორციელებულ ცვილებას. ამ ნაწილში ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ორგანო საერთოდ არ შეხებია და გადაანგარიშების არცერთ დასკვნაში, ერთი წინადადებაც კი არ აქვს ნახსენები, 2009 წელს რატომ გამოაინგარიშა ქონების გადასახდი საბაზრო ღირებულებით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, გარდა იმისა, რომ არ არის დასაბუთებუი საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში არის მსჯელობა ქონების შეფასების თაობაზე საქმეში არსებულ დასკვნებზე, რომელიც ჩატარებულია ერთი გადასახადის გადამხდელის, ხოლო შეორე საგადასახადო ორგანოს დაკვეთით. მიუხედავად აღნიშნულზე სასამართლოს მსჯელობისა, გადაანგარიშების ბოლო დასკვნაში შემმოწმებელი აუდიტორი ადარებს ორივე დასკვნას და აღნიშნავს, რომ დაეყრდნო მისი დაკვეთით მომზადებულ დასკვნას, აფასებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დასკვნაში დაფიქსირებულ ინფორმაციას და შესაბამისად აღნიშნავს, რომ არ მოხდა გათვალისწინება. ორივე დასკვნა 2009 წლის საბაზრო ფასის ღირებულების განსაზღვრას ეხება, თუმცა არის არსებით სხვაობა - ფასი არის განსხვავებული, ამასთან, მათ მიერ წარდგენილი დასკვნისაგან განსხვავებით, საგადასახადო ორგანოს დაკვეთით მომზადებული დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ არ არის დაკონკრეტებული რა ქონებას აფასებს ექსპერტი და ზოგადად არის ჩაწერილი შესაფასებელი ობიექტი მე-2-მე-6 სართული, ამასთან გაურკვეველია ფართი გარემონტებულია თუ არა, რაც ფასის დადგენის დროს მნიშვნელოვანია, კვლავაც მიუთითა, საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის, ცვლილებამდე და 2009 წლის 17 ივლისს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, შინაარსზე და აღნიშნა, რომ სწორედ ცვლილების გათვალისწინებით იქნა გაანგარისებული 2009 წლის ქონების გადასახადი. ამასთან, ითხოვს ყურადღება გამახვილდეს საურავის დარიცხვის კანონიერებაზე და გაუქმდეს მისი დარიცხვა.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა სადავო საკითხებზე მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შედეგები დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი, შემოსავლების სამსახურში საჩივარი განხილული იქნა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად, შესაბამისად, არ იქნა მოსმენილი სადავო ქონებასთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის განმარტებები და პოზიციები.

ამასთან, საბჭო მიუთითებს -------- საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნულზე, რომ „საგადასახადო ორგანომ უნდა დაასაბუთოს კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა და შემდეგ უნდა დაადგინოს 2009 წლის ქონების საბაზრო ფასი, განსაზღვროს იგი პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპებზე დაყრდნობით და იმ პირობებში, როდესაც საქმეში მოიპოვება განსხვავებული შედეგის შემცველი აუდიტორის დასკვნები, მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ურთიერთშეჯერება და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება“, რაზეც ამყარებს თავის არგუმენტებს მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში და საბჭოზე საჩივრის განხილვისას.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.10.2023 წლის №25004 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 14.08.2020 წლის №24155 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა დაყრდნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოდან მოწოდებულ ინფორმაციას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას მაღალი სტანდარტის საიმედოობის მქონე ინფორმაციად, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესწავლით დადგინდა, რომ წარმოდგენილი დასკვნა შედგენილია გაყიდვების შედარების მეთოდით, რომლის ინფორმაციის წყაროს საფუძვლადაც მითითებულია გაზეთის განცხადებები.. ამასთან, შედარების კომპონენტად გამოყენებული ქონებების მდებარეობების ტერიტორიული არეალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაფასებელი ქონების მდებარეობისგან.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;202(4);302(6);