ბრძანება N 31760

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.10.2020
№ დოკუმენტი 31760
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 31760

23/10/2020

ფ/პ ---------- ს

(მის: -------- )

2020 წლის 02 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა ფ/პ ----- ს №206222/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №024-589 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2020 წლის 18 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათით ანალიტიკურ დეპარტამენტში გადაგზავნილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის ბრძანება (საქმე №3-120-20) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის ბრძანება (საქმე №190310020003659751, №3ბ/712-20), შპს ----- ს ფ/პ ----- ს და ი/მ ----- ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა სრულად და შპს -----, ------, ი/მ ------- და ------- აღიარა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის ბრძანება ----- ს ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის ბრძანება დარჩა უცვლელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის (საქმე №1190310020003659751, №3ბ/712-20) ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლისა და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს ----- ს, ----- ს და ი/მ ----- ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2020 წლის 22 სექტემბრის №024-589 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ცრუმაგიერი პირის - ფ/პ ----- ს საკუთრებაში არსებული ქონება.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ 2020 წლის 22 სექტემბერს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხოციელების მიზნით შემოსავლების სამსახურის №024-589 ბრძანებით ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ქონებას. ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მაისის ბრძანება (საქმე №3-120-20) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის ბრძანება (საქმე №1190310020003659751, №3ბ/712-20) შპს -----ს, ----- ს და ი/მ ----- ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 22 სექტემბრის №024-589 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა და იურიდიული და ფიზიკური პირები, მათშორის მომჩივანი აღიარა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლისა და 246-ე მუხლების შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირების საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივანის, როგორც ცრუმაგიერი პირის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ ანალიტიკური დეპარტამენტის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1,,გ“); 241(1); 246(1); 246(5)