გადაწყვეტილება №27095/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27095/2/2026
12 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 14.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- ----- 03.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27095/2/2026).
დავის საგანი:
უარი საქონლის (მშვილდი და არბალეტი) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 23.12.2025 წლის N 21- ----- წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 17 მარტის N 5753 ბრძანება.
ფაქტების აღწერა:
მომჩივანმა 2025 წლის 4 დეკემბრის N ----- /21-11 და 12 დეკემბრის N ----- განცხადებებით მიმართა საბაჟო ორგანოს და მოითხოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მის სახელზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის – მშვილდი და არბალეტი (მათი კონსტრუქციიდან გამომდინარე) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება.
საბაჟო ორგანოს N ----- (23.12.2025) წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან განმცხადებლის სახელზე შემოტანილ საქონელზე არ იყო წარდგენილი შესაბამისი ნებართვა.
აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 17 მარტის N 5753 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-6 მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით დადგენილი იარაღის ბრუნვის მარეგულირებელ ნორმებზე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ იარაღის სახეებად დაყოფას არსებითი მნიშვნელობა აქვს და უკავშირდება კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვას. იარაღის მიმართ სპეციალური მოთხოვნების დაწესება მიზნად ისახავს პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვაში იარაღის უკონტროლო და შესაბამისი ნებართვის გარეშე მოქცევა, რასაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევა, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფაც კი, ან ასეთი საფრთხის შექმნა.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით იარაღის დაყოფა სახეებად ხდება მათი დანიშნულების შესაბამისად და სამოქალაქოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის. სამოქალაქო იარაღის სახეებია სპორტული და ასევე სანადირო იარაღი. სპორტული და სანადირო იარაღის სახეებს კი წარმოადგენს სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი და სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი. იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ცივი სასროლი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით ან მექანიკური მოწყობილობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად. ასეთ იარაღს წარმოადგენს მომჩივნის მიერ სადავოდ გამხდარი ცივი იარაღი (მშვილდისარი).
საგულისხმოა ასევე, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დაუშვებელია ცივი სასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა - გადაზიდვა და გადაგზავნა საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის გარეშე. ამასთან, სამოქალაქო იარაღის ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ცივი სასროლო იარაღის (მშვილდისარი) იმპორტისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი მომზადებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე და საბაჟო დეპარტამენტის უარი აღნიშნული საქონლის იმპორტში მოქცევის საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცი:
2025 წლის ოქტომბერში ინტერნეტ მაღაზია ----- გამოწერა ნივთები, რომელიც გამოიგზავნა”-----"-ს საფოსტო გზავნილით, რომელთა შორისაც იყო მშვილდ - ისარი. შეძენილ ნივთს მიენიჭა N ----- და N ----- გზავნილის ნომერი.
2025 წლის 13 ნოემბერს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შეჩერდა ნივთი და საჭიროებდა დამატებით დოკუმენტაციას. ადგილზე მისვლის შემდგომ სიტყვიერად განუმარტეს, რომ აღნიშნული ნივთი მიეკუთვნებოდა ცივ სასროლო იარაღს და საჭიროებდა დამატებით ნებართვას, თუმცა რადგან კანონით არ არის აღნიშნული საკითხი რეგულირებული თუ ვის მიერ და რა შემთხვევაში ხდება ნებართვის გაცემა, ნებართვა არ გაიცემოდა.
იარაღის შესახებ კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს შეზღუდვებს, თუმცა ვინაიდან არ არის განსაზღვრული იმ ნივთების კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც საჭიროებდა ნებართვას ან/და რომლებიც სრულად ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან, განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთის შეჩერების უფლება არ ჰქონდათ, ვინაიდან არ არსებობს კანონი, რომელიც ზღუდავს კონკრეტულად ამ ნივთის შემოტანას. მოვიდა დამატებითი მესიჯი ფოსტიდან, რომ ნივთი იყო არბალეტი და არბალეტის ტრანსპორტირება აკრძალული იყო და უნდა დაეწერა განცხადება ნივთებზე უარის თქმის შესახებ.
2025 წლის 4 დეკემბერს მივიდა საბაჟო დეპარტამენტში და დაწერა განცხადება და მოითხოვა ოფიციალური პასუხი თუ რატომ იყო გაჩერებული ნივთები და როგორ შეძლებდა ნივთების მიღებას. აღნიშნულ წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღია. განცხადების დატოვების შემდეგ აცნობეს რომ შეჩერებული იყო მეორე საფოსტო გზავნილიც, იგივე მიზეზით.
მომჩივანი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (ბს-1189 (კ-21) მაისი, 2022 და სადაც დეტალურად არის მსჯელობა მოყვანილი თუ რატომ არ არის საბაჟო დეპარტამენტის მიდგომა არასწორი. უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ სათანადო ნორმატიული მოწესრიგების არქონის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკავებული ტვირთის დაბრუნების მოთხოვნით საკასაციო პალატას არაერთი საქმე აქვს განხილული (იხ.: სუს 25.06.2013წ. Nბს-106-99(კ-13) განჩინება, 09.12.2019წ. Nბს-653(კ-19) განჩინება), რომლებშიც განიმარტა, რომ კანონშემოქმედება ხელისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, უკეთუ უფლებამოსილი უწყებების მიერ არ არის შესრულებული „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება კონკრეტული სახის იარაღის ბაზარზე დაშვების წინაპირობების, სტანდარტების, გასხვისების წესების დამდგენი ნორმატიული აქტის მიღების შესახებ, იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თავის კანონისმიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, რაც არ შეიძლება გახდეს მხარისათვის ნეგატიური სამართლებრივი შედეგის დადგომის საფუძველი (სუს 09.12.2019წ. N8ს-653(3-19) განჩინება).
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იარაღი ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ცივი სასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. იარაღი ცივ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო - კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.
2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის იარაღი;
ბ) სპორტული იარაღი;
გ) სანადირო იარაღი;
გ1) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა;
დ) საკოლექციო იარაღი;
ე) სასიგნალო იარაღი;
ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;
ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
მომჩივანი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 18.05.2022 წლის (№ბს-1189(კ-21)) განჩინებაზე რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვისათვის ნებართვის მოთხოვნას უნდა ჰქონდეს სათანადო ნორმატიული, მკაფიოდ განსაზღვრული საფუძველი, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. მართალია „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონის“ 24.17 მუხლის მიხედვით ნებართვის სახეებს შორის სახელდება სამოქალაქო იარაღის იმპორტის ნებართვა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს სადავო აქტების კანონიერებას, პირის მიერ ნებართვის წარდგენის საჭიროებას. განსახილველ შემთხვევაში თავად კასატორივე ადასტურებს რომ ცივი სასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით რაიმე ნორმატიული აქტი მიღებული არ არის. ნებართვა სწორედ ნორმატიულად დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობას ადასტურებს, ამდენად შემოსავლების სამსახური არბალეტის სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვებად პირს სთხოვს იმ სტანდარტის დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, რომელიც ნორმატიულად დადგენილი არ არის და რომლის დადგენის ვალდებულებაც სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია. განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური პირისგან ითხოვს ნებართვის წარდგენას ისე, რომ ნორმატიულად არა მხოლოდ მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ნებართვის წარდგენის საჭიროება, არამედ შემუშავებული არ არის სტანდარტი, რომელთან შესაბამისობის დადასტურების მიზნითაც უნდა გაიცეს ნებართვა, არ არის განსაზღვრული ნებართვის გაცემის პროცედურა და ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო. შესაბამისად სათანადო ნორმატიული წესრიგების არარსებობის პირობებში პირს არ შეუძლია რაიმე ისეთი ქმედების განხორციელება, რომლის შედეგადაც ნებართვის მოპოვებას შეძლებს. თავად კასატორი ვერ უთითებს ნებართვის გამცემ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოზე, ნებართვის გაცემის პროცედურაზე და ადასტურებს, რომ ტექნიკური მახასიათებლები, რომელთაც არბალეტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ეტაპზე ნორმატიულად დადგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ შემოსავლების სამსახური არბალეტის პირისათვის გადაცემის დაყოვნებას ახდენს სათანადო ნორმატიული საფუძვლის არსებობის გარეშე. შემოსავლების სამსახურის მითითება, რომ სააპელაციო პალატის განმარტების გაზიარება საფრთხის შემცველია, არ ასაბუთებს სარჩელის უსაფუძვლობას და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობას, რადგან სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონისძიებების შეფასებისას, ამოწმებს მათ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. ამასთანავე უკეთუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო შეასრულებდა თავის ნორმატიულ ვალდებულებას და მიიღებდა ცივი სასროლი იარაღის ბაზარზე დაშვების წინაპირობებს, მათ შორის ტექნიკური მახასიათებლების, დამდგენ ნორმატიულ აქტს, კასატორის მიერ მითითებული საფრთხეები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ნორმატიულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა არ უნდა იწვევდეს ნეგატიურ შედეგებს დაინტერესებული მხარისთვის, რომლის არამართლზომიერი მოქმედება არ დგინდება. მართალია საჯარო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სახელმწიფოს ვალდებულებას შექმნას საკუთრების უფლების შეზღუდვის განსაზღვრული სამართლებრივი მექანიზმი, სათანადოდ დაასაბუთოს საკუთრების შეზღუდვა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით დასტურდება არა ერთი შემთხვევა, როდესაც არბალეტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა განხორციელდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმეში დაცული მასალების მიხედვით აუქციონის ელექტრონული პორტალის მეშვეობით (eauction.ge) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ არაერთგზის გამოცხადდა აუქციონი არბალეტის გაყიდვის მიზნით. ამასთან, სააუქციონო პირობებში არ ხდება მითითება რაიმე სპეციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების, შესყიდვამდე ან მის შემდეგ რაიმე სახის ნებართვის მიღების საჭიროებაზე. ამდენად, უკეთუ დასაშვებად არის მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ნებისმიერი სახისა და მონაცემების (ნივთის აღწერილობის მიხედვით აუქციონი გამოცხადებულია მათ შორის სანადირო არბალეტზე) არბალეტის გასხვისება და ამ გზით მისი სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა, მით უფრო გაურკვეველია კასატორის განმარტება პირის მიერ შეძენილი არბალეტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის დაუშვებლობის შესახებ. არ არის დასაბუთებული სამინისტროს მიერ არბალეტის გასხვისების შემთხვევაში მისი შემძენის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების საფუძვლები იმ პირთან შედარებით, რომელმაც არბალეტი სხვა წყაროსგან შეიძინა.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები (მომჩივნის არგუმენტები, სასამართლოს განჩინება). შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 17 მარტის N 5753 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
უარი საქონლის (მშვილდი და არბალეტი) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანმა მოითხოვა საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, თუმცა ნებართვის არარსებობის გამო უარი ეთქვა. საჩივარი შემოსავლების სამსახურმაც არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც საქმე დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდა.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები (მომჩივნის არგუმენტები, სასამართლოს განჩინება). შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 5;.
2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი