ბრძანება N 33164

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 33164
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33164

27 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის: ------)

2023 წლის 4 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) 2023 წლის 4 ნოემბრის №84658/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №007-270 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის დამფუძნებლის მიერ მიღებულ დივიდენდად განხილვას და გადასახადებით (მოგების და საშემოსავლო) დაბეგვრას. აცხადებს, რომ ------ზე 2022 წლის 21 სექტემბერს რეალიზებული ბინიდან მიღებული თანხა 247 619 ლარი, შპს ,,-------ს“ იმავე დღესვე სრულად აქვს გადარიცხული შპს ,,------ზე“ (საჩივარზე დართულია საგადახდო დავალებები). შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ ------ზე რეალიზებული ბინიდან ნამეტი თანხის ჩათვლა, როგორც გაცემული დივიდენდი არასწორია და გადასახადებით დაბეგვრას არ ექვემდებარება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14105 და 15 სექტემბრის №22703 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2022 წლის 31 მარტიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების, ასევე უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 ოქტომბრის №24754 ბრძანება და ამავე თარიღის №007-270 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 181 345 ლარი, მათ შორის, გადასახადი 110 161 ლარი, ჯარიმა 55 081 ლარი, საურავი 16 103 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის საგანია საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა სახეობები. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 25 ნოემბერს, ასევე, დღგ-ის გადამხდელადაც ნებაყოფლობით დარეგისტრირდა იმავე დღეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ურთიერთდამოკიდებული პირი შპს „-----''-სგან 2022 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად 40 320 ლარად შეძენილი აქვს უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა, ქალაქ ------ში, ------ს ქუჩა N---ში. 2022 წლის 21 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „-----ს“ აღნიშნული ბინა რეალიზებული აქვს ფიზიკურ პირ ------ზე (პ/ნ -----) 87 000 დოლარად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი ჩაითვალა დამფუძნებლის (100% წილის მფლობელი) ფ/პ ------ს მიერ მიღებულ დივიდენდად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე და 130-ე მუხლების თანახმად, ასევე, ამავე კოდექსი 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, -----ზე 2022 წლის 21 სექტემბერს რეალიზებული ბინიდან მიღებული თანხა 247 619 ლარი, შპს ,,-----ს“ იმავე დღესვე სრულად აქვს გადარიცხული შპს ,,------ზე“. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის დამფუძნებლის მიერ მიღებულ დივიდენდად განხილვა და გადასახადებით (მოგების და საშემოსავლო) დაბეგვრა არასწორია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აქტივის რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემულ დივიდენდად კვალიფიკაცია დაუსაბუთებელია და აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ოპერაციაზე კვალიფიკაციის სწორად განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის დამფუძნებლის მიერ მიღებულ დივიდენდად განხილვას და გადასახადებით (მოგების და საშემოსავლო) დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ მომჩივნის საქმიანობის საგანია საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვის სხვა სახეობები. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 25 ნოემბერს, ასევე, დღგ-ის გადამხდელადაც ნებაყოფლობით დარეგისტრირდა იმავე დღეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს ურთიერთდამოკიდებული პირისგან 2022 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად 40 320 ლარად შეძენილი აქვს უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა. 2022 წლის 21 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მომჩივანს აღნიშნული ბინა რეალიზებული აქვს ფიზიკურ პირზე 87 000 დოლარად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი ჩაითვალა დამფუძნებლის (100% წილის მფლობელი) მიერ მიღებულ დივიდენდად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ამავე კოდექსი 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აქტივის რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემულ დივიდენდად კვალიფიკაცია დაუსაბუთებელია და აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 97(1"ა"), 981(1), 8(12), 130(1), 154(1"ზ").