გადაწყვეტილება №19643/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 19643/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19643/2/2023

31 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 10.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19643/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21420 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №005-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8948 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 49 647,33 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 27 698

ჯარიმა - 13 849

საურავი - 8 100,33

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს ტანსაცმლის შეკერვა-რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2019 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 13.12.2016 წლიდან 1.12.2018 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანს საქონელი (ქსოვილები, ელვა შესაკრავი, ღილები და ა.შ) იმპორტირებული აქვს თურქეთიდან. არადეკლარირებული საქონლის გამოვლენის გამო, დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ გადამხდელს იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნახევარი გადარიცხული აქვს საბანკო ანგარიშიდან, ხოლო მეორე ნახევარი გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საწარმოს დირექტორს აღნიშნული თანხა გადახდილი აქვს ადგილზე და გადახდის დასტურია ინვოისზე არსებული ხელმოწერა (დანართი).

შემოწმების მიმდინარეობისას, ადმინისტრირების დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების (სავალუტო დეკლარაციების) შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით ანგარიშვალდებული პირების მიერ სავალუტო დეკლარაციის წარმოდგენის ფაქტი არ დადასტურდა. ასევე, შემოწმების მიმდინარეობისას გადამოწმებულ იქნა დირექტორის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ქონების ღირებულება, რომელიც შედარებულ იქნა (სასაქონლო კოდების, იმპორტირებული ქვეყნის და მიწოდების პირობის მიხედვით) სხვა მომწოდებლების მიერ შემოტანილ საქონელთან. შემოწმების ჯგუფის მიერ, ელექტრონული საძიებო სისტემის მეშვეობით, გადამოწმებულ იქნა ინფორმაცია მომწოდებლების (ვისთანაც მოხდა ნაღდი ანგარიშსწორება) შესახებ, თუმცა მათი ზუსტი იდენტიფიცირება (საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მისამართის მიხედვით) ვერ მოხდა.

ასევე, მომჩივნისგან საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნულ მომწოდებლებთან შედარების აქტებისა და რეზიდენტობის ცნობების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, დირექტორის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა, რომელიც გადამხდელის პოზიციით წარმოადგენს დირექტორის მიმართ კომპანიის დავალიანებას, ზრდის შეძენილი საქონლის თვითღირებულებას და ამცირებს წმინდა მოგებას. შესაბამისად, აღნიშნული, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დაუდასტურებელ ხარჯად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2019 წლის №005-429 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21420 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21420 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №005-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8948 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის შესაძენად გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო საინვოისე ღირებულებასა და ანაზღაურებად განხილულ ღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა თურქეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოსგან შპს ------- და თურქეთის რეზიდენტ კომპანიებს შორის (ვისგანაც უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა) განხორციელებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც არ იქნა მოწოდებული.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21420 ბრძანება. შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ: 1) ოპერაციის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფასებისას მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს საწარმოთა მოტივაცია და განისაზღვროს შედეგობრივად რისკენ არის მიმართული მათი ქმედებები; 2) ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას.

აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით: 1) აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია რაიმე დამატებითი დოკუმენტების მოპოვება; 2) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების დამატებითი შესწავლა - მხოლოდ და მხოლოდ შეფასების მიცემა ფაქტობრივი გარემოებებისათვის! ანუ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 5.12.2019 წლის საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლა. წარმოდგენილ საჩივარს ერთვის 5.12.2019 წლის საჩივარი.

5.12.2019 წლის საჩივარში მითითებული ერთ-ერთი გარემოების ციფრობრივი დაზუსტება: საჩივარში მითითებული იყო, რომ „აქვე დავამატებთ, რომ მოგებით დასაბეგრ ბაზაში მოხვდა როგორც ის თანხები, რომელიც აღიარებულია როგორც საწარმოს ვალდებულება, ისე ის თანხებიც, რომელიც არ არის აღიარებული როგორც საწარმოს ვალდებულება. საზოგადოებას დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩაუთვალეს 521 359,75 ლარის შეძენილ საქონელზე გაწეული ხარჯი: 2017 წელს - 284 502,14 ლარი; 2018 წელს - 236 857,61 ლარი“. საზოგადოების მიერ საწარმოს ვალდებულებად არ იყო აღიარებული ტურან ტექსტილისაგან შემოტანილი 39 113 ლარის საქონლის ვალდებულება. ეს თანხა - 39 113 ლარი აუდიტის დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინებით, ექვემდებარებოდა დასაბეგრი ბაზიდან ამოღებას. აუდიტის დეპარტამენტის პოზიციის მიხედვით, დაიბეგრა საზოგადოებიდან გასული ფული.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების პროცესში წარდგენილია დოკუმენტები, რომელიც მოპოვებულ იქნა საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ და მოთხოვნილი იყო, რომ შემოსავლების სამსახურის №21420 ბრძანების შესაბამისად, ყოფილიყო მხედველობაში მიღებული, 5.12.2019 წლის საჩივარში მითითებული არგუმენტები და მოეხდინა საზოგადოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შეფასება, საწარმოს მოტივაციის გათვალისწინებით, კერძოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული ქმედებები შედეგობრივად მიმართული იყო სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისათვის.

აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 15.02.2023 წლის №005-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის №21420 ბრძანების მითითებების გათვალისწინების გარეშე.

აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №005-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსს, კერძოდ 298-ე მუხლის მე-2 ნაწილს. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები დამძიმებულია საშემოსავლო გადასახადის მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2019 წლის №005-429 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, საზოგადოებას საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დამატებით თანხა არ დარიცხვია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №005-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დამატებით დარიცხული თანხა შეადგენს 27 698 ლარს. ეს გარემოება ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დარიცხული თანხები უნდა მოიხსნას.

აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №005-20 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებებს. საზოგადოების მიმართ გამოცემული 7.02.2023 წლის №303 დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების მიხედვით, კერძოდ დანართი №8-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა იმპორტი, ამასთან არსებობს ახსნაგანმარტება, როგორც მტკიცებულება, თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისე ღირებულების შესაბამისად, გადახდილი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვლება ანაზღაურებულად. სხვაობა საინვოისე ღირებულებასა და ანაზღაურებად განხილულ ღირებულებას შორის ჩაითვლება კომპანიის დირექტორზე ------- (პ/ნ -------) განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრება საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

წარდგენილია ყველა ის დოკუმენტი, რაც საჭირო იყო გადახდილი თანხის 100%-ის გადახდილად ჩათვლისათვის. ეს დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა 24.04.2020 წელს. სამწუხაროდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სრულიად უსაფუძვლოდ, შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21420 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების საწინააღმდეგოდ, მოთხოვნილ იქნა დამატებითი ინფორმაცია - რეზიდენტობის ცნობები! რომელიც, როგორც დასკვნაშია მითითებული, აუდიტის დეპარტამენტმა გამოითხოვა „თურქეთის საგადასახადოდან“: „აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა თურქეთის საგადასახადოსგან შპს ------- და თურქეთის რეზიდენტ კომპანიებს შორის (ვისგანაც უფიქსირდება საქონლის შეძენა) განხორციელებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ინფორმაცია მიღებული არ არის. ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიღების შემდეგ შესაძლებელია მოხდეს საგადასახადო შემოწმების შედეგების კორექტირება

შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21420 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა არ დავალებია. მიუხედავად ამისა №21420 ბრძანების იგნორირებით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებითი ინფორმაცია - რეზიდენტობის ცნობები! გამოითხოვა თურქეთიდან 2020 წლის აგვისტოში და თუ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე, ანუ 15.02.2023 წლამდე არ მიუღია პასუხი, ყველა ეჭვი რისთვისაცაა ეს დოკუმენტები გამოთხოვილი, უნდა გადაწყდეს გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ და არა მის წინააღმდეგ, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა, მით უმეტეს, რომ რეზიდენტობის ცნობას არ ითხოვს მეთოდური მითითებები!

შესაბამისად, სრული საფუძველია, რომ საზოგადოების მიმართ გამოყენებულ იქნას თანხის 100%-ის გადახდილად ჩათვლის ვარიანტი, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებები“ არ ითხოვს რეზიდენტობის ცნობის არსებობას, ხოლო სხვა დანარჩენი დოკუმენტაცია წარდგენილია!

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21420 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გაანალიზოს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითაც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, ამასთან არსებობს ახსნა-განმარტება, როგორც მტკიცებულება, თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისე ღირებულების შესაბამისად, გადასახდელი თანხის (ან თანხის ნაწილის) 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. სხვაობა საინვოისე ღირებულებასა და ანაზღაურებად განხილულ ღირებულებას შორის ჩაითვალა დირექტორზე ------- (პ/ნ -------) განხორციელებულ განაცემად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. თურქეთის რესპუბლიკის საგადასახადო ორგანოსგან გამოთხოვილია შპს ------- და თურქეთის რეზიდენტ კომპანიებს შორის (ვისგანაც უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა) განხორციელებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია მიღებული არ არის. ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიღების შემდეგ შესაძლოა მოხდეს საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგების კორექტირება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელს იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნახევარი გადარიცხული აქვს საბანკო ანგარიშიდან, ხოლო მეორე ნახევარი გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით (ბუღალტრულ პროგრამაზე დაყრდნობით).

მომჩივანს საქონელი მიღებული აქვს შესაბამისი ინვოისით, განხორციელებულია საქონლის იმპორტი, საქონლის საინვოისო ღირებულება არ დაკორექტირებულა. ბუღალტრულ პროგრამაში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილად მითითებულ შემთხვევაში შეძენილია იგივე ტიპის საქონელი, რა ტიპის საქონელის შეძენაც ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებით გადახდის დროს. საბანკო გადარიცხვების შემთხვევებში გადახდები შემოწმებით არ დაკორექტირებულა. ექსპორტიორი ქვეყანა იგივეა და შეძენის ფასები არსებითად განსხვავებულად არ ფიქსირდებოდა.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისე ღირებულების უნაღდო ფორმით ანაზღაურების ნაწილში საყურადღებოა, რომ ბუღალტრულ პროგრამაში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილად მითითებულ შემთხვევაში საქონლის ფასი (ღირებულება) არსებითად არ განსხვავდება მომჩივნის მიერ იმავე ქვეყანაში იგივე ტიპის საქონელის შეძენისას დაფიქსირებული და საბანკო გადარიცხვებით გადახდილი ფასისგან (ღირებულებისგან). აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით შესწავლას საჭიროებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილად მითითებულ შემთხვევაში იმავე ოდენობის ხარჯის ანაზღაურებულად მიჩნევის საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.07.2020 წლის №21420 ბრძანების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8948 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასა და შემოსავლების სამსახურის ბრძანებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს საქონელი იმპორტირებული აქვს თურქეთიდან. შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ გადამხდელს იმპორტირებული საქონლის ღირებულების ნახევარი გადარიცხული აქვს საბანკო ანგარიშიდან, ხოლო მეორე ნახევარი გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების მიმდინარეობისას, საარქივო სამმართველოდან მოწოდებულია ინფორმაცია, შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების (სავალუტო დეკლარაციების) შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით ანგარიშვალდებული პირების მიერ სავალუტო დეკლარაციის წარმოდგენის ფაქტი არ დადასტურდა. გადამოწმებულ იქნა ინფორმაცია მომწოდებლების შესახებ, თუმცა მათი ზუსტი იდენტიფიცირება (საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მისამართის მიხედვით) ვერ მოხდა. ასევე, მომჩივნისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნულ მომწოდებლებთან შედარების აქტებისა და რეზიდენტობის ცნობების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხა ჩაითვალა დაუდასტურებელ ხარჯად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისე ღირებულების უნაღდო ფორმით ანაზღაურების ნაწილში დამატებით შესწავლას საჭიროებს უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილად მითითებულ შემთხვევაში იმავე ოდენობის ხარჯის ანაზღაურებულად მიჩნევის საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებთან დაკავშირებით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 97 (1-ბ); 982(1-ა); 154; 302(6); 304 (21)