გადაწყვეტილება №18635/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18635/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18635/2/2023

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ (პას/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- (-----------)-ის 11.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18635/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულის დეკლარირების გარეშე გადმოტანა;

2. მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №EL192529 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №69101/000345 მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის ხელბარგის დათვალიერების ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33602 ბრძანება.

 

დაკისრებული სანქცია: 702 303.35 ლარის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

28.11.2022 წელს ს.გ.პ „-----------“ კონტროლის ზონაში --------- მხრიდან შემოვიდა --------ში რეგისტრირებული №--------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ ---------- ინტერვიუირებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა, მათ შორის არც თანხა. აღნიშნული პირის ავტომობილისა და ბარგის დათვალიერების შედეგად მისი კუთვნილი ჩემოდნის სარჩულის ქვემოთ, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების ე.წ. ბარის საფენის ქვემოთ აღმოჩნდა არადეკლარირებული 15 715 000 ფულადი ერთეული. 28.11.2022 წლის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით არადეკლარირებული ნაღდი ფულის ნომინალურმა ღირებულებამ შეადგინა 702 303.35 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ №69101/000345, ხოლო №EL192529 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - საქონლის ჩამორთმევა.

სამართალდარღვევის ოქმი და მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.12.2022 წლის №33602 წლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (169-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგულისხმოა, რომ მომჩივნის მხრიდან ზეპირი გამოკითხვისას გაცემული პასუხი (ზეპირი დეკლარირება) და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

საბაჟო პასუხისმგებლობის ზომების დაწესებისას მხედველობაში მიიღება კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის მოცულობაც. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქცია შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ზიანის მოცულობას. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციის სახე (საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

28.11.2022 წელს ---------- გადმოკვეთა საქართველო ------- საზღვარი ს.გ.პ ------, რა დროსაც საბაჟოს თანამშრომელმა დაუსვა შეკითხვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული ბრუნვაუნარიანობის მქონე ნივთების - იარაღის, ალკოჰოლის და ნარკოტიკის ქონის შესახებ, რა დროსაც ნახსენები არ ყოფილა ფულადი სახსრები. -------მა ამ შეკითხვაზე საბაჟოს თანამშრომელს უარყოფითი პასუხი გასცა, რასაც მოჰყვა თანამშრომლის შემდეგი შეკითხვა სხვა რაიმე დასადეკლარირებელ ქონებასთან დაკავშირებით, რაზეც მებაჟეს ---------- ასევე უარყოფითი პასუხი გასცა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ -------მა დიდი ხნის წინ დატოვა საქართველო და შესაძლოა გამართულად არ შეეძლოს ქართულ ენაზე საუბარი, მაგრამ შინაარსის გაგებით აანალიზებს ქართულ ენაზე საუბარს.

--------- პასუხების შემდეგ მებაჟემ დაიწყო იმ ავტომანქანის ჩხრეკა, რითაც კვეთდა საზღვარს, რა დროსაც მისი ჩემოდნიდან ამოიღო ფულლის ის ოდენობა, რაც აღემატებოდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ 100 000 ლარის ეკვივალენტური ღირებულების ოდენობას.

-------ისთვის მებაჟეს არ აუხსნია, რომ ნაღდი ფულის გადმოტანა ექვემდებარებოდა დეკლარირებას. ------ს პირველად გადმოჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ამ ოდენობის თანხა. მას თანხა გადანაწილებული ჰქონდა მანქანაში სხვადასხვა ადგილას, იმ მიზნით მანქანაში ჩახედვისას არ შემჩნეულიყო იქ ფულის არსებობა. ამით -------- ცდილობდა დაეზღვია უცხო პირის მხრიდან თანხის მოპარვის ან სხვაგვარი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც ნებისმიერი ჩვენგანისთვის სრულად ბუნებრივი ქცევაა.

ხოლო მას შემდეგ, რაც მებაჟე დაიწყო მისი ჩემოდნიდან თანხის ამოღება,---------მა თანხის დანარჩენი ნაწილი, რაც მებაჟემ უყურადღებოდ დატოვა, თავად ამოიღო მანქანიდან და გადასცა მას. ---------ს ამ ვითარებაში არ ჰქონია განცდა, რომ რაიმე უკანონობას ჩადიოდა. ---------მა ორჯერ სთხოვა მებაჟეს, რომ -------ში ცოლის ძმის მეოთხე სტადიის სიმსივნის ქიმიოთერაპიის გზით მკურნალობისთვის სასწრაფოდ გადასარიცხი თანხა მაინც არ ჩამოერთვა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

ფაქტობრივ გარემოებებში აუცილებლად უნდა მიეთითოს ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების მიმდინარეობისას -------- მიმართ დაწესდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, შეუძლებელი გახდა ----------- რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან საზღვრებს გარეთ ფულადი თანხის გადარიცხვა. ------ს მხოლოდ ამ გარემოების გამო მოჰქონდა ფულადი თანხა ხელით და მას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის სურვილი საერთოდ არ ჰქონია. როგორც უკვე აღნიშნა ------ს ამ ფულის ნაწილი უნდა გადაერიცხა ------ში საკუთარი ცოლის ძმის სამკურნალოდ (თანდართული მტკიცებულება №6), იმის დასადასტურებლად, რომ მას ეს თანხა დროულად ჰქონდა გადასარიცხი), ხოლო თანხის მეორე ნაწილის გამოყენებას აპირებდა საქართველოში უკვე დადებული სავაჭრო გარიგებებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად (მტკიცებულება №7).

---------ს საქართველოში პირველად შემოჰქონდა ამ ოდენობის თანხა და ის არ იყო საქმის კურსში თანხის დეკლარირების პირობებთან დაკავშირებით.

-------ის მხრიდან ამ დრომდე მის მიერ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით არცერთი ფაქტი არ არსებობს. აღწერილი ფაქტების საფუძველზე -----------ის ქმედება გამოწვეული იყო არცოდნით, რაც სანქციისგან გათავისუფლების საფუძველია. ---------ს შეუძლია საჩივარზე თანდართული დოკუმენტების წყალობით სრულად დაასაბუთოს ჩამორთმეული თანხის წარმოშობის წყარო. იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში შემოტანილი ფულის წარმოშობის წყაროს დადგენა და ამის გაკეთება ჩამორთმეულ ფულთან დაკავშირებით --------------ს უპრობლემოდ შეუძლია (თანდართული მტკიცებულებები), საბაჟო ორგანოს მიერ გამოყენებული სანქცია არის 169-ე მუხლის შინაარსთან შეუსაბამო, თვითნებური და არ ემსახურება ამ მუხლით დადგენილ საჯარო მიზნების მიღწევას.

თანდართულ მტკიცებულებებით ----------- ადასტურებს რომ შემოტანილი 15 მილიონი რუბლიდან 12 მილიონი მიღებული აქვს ქალაქ --------ში სახლის გაყიდვით (მტკიცებულება 4), 2 მილიონი რუბლი მიიღო უძრავი ქონების ტრანზაქციიდან (მტკიცებულება 5), დარჩენილი 1 მილიონი რუბლი კი არის ოჯახის წევრების გადანახული და ასევე, ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების მიერ -------ის ცოლის ძმის სიმსივნის მკურნალობისთვის შეგროვებული თანხა.---------ს საზღვრის გადმოკვეთისას საერთოდ არ ჰქონია ანტისაზოგადოებრივი ქმედების ჩადენის სურვილი. მისი ქმედება და ამ ქმედების შინაარსი არ არის ანტისოციალური, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქმედებიდან მომდინარე საფრთხის მიმართ არაპროპორციული სანქციის გამოყენებაზე, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ №1/4/592) წარმოადგენს გადამეტებულ და ღირსების შემლახველ სასჯელს. როგორც გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან - საქონლის უსასყიდლო ჩამორთმევისგან სრულად გათავისუფლების მოთხოვნას, ამავე დროს ითხოვს, რომ დავის განხილვის შედეგად მის მიმართ გამოყენებული სანქციის აღნიშნული სახე შეიცვალოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული სანქციით - საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანილი ნაღდი ფულის 10%-ის ჩამორთმევის სახით.

გარდა ამისა, აღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით ითხოვს შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33602 ბრძანების ბათილად ცნობას/სრულად გაუქმებას. აღნიშნული ბრძანების ლეგიტიმაცია საეჭვოა, რადგან მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვა მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით (ამ უფლების სტანდარტი ვრცელდება აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შექმნილი დავების საბჭოს საქმიანობაზე). კერძოდ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება, რადგან წარმოდგენილი საჩივრის განხილვა ჩატარდა ზეპირი მოსმენის გარეშე. ასეთ პირობებში საჩივრის შემომტან მხარეს არ მისცემია ეჭვქვეშ დაეყენებინა და გაებათილებინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმის შედგენასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტზე და განმარტავს, რომ დამალული საქონლის მგზავრის მიერ ნებაყოფლობით გადაცემის ან/და დათვალიერების შედეგად ასეთი საქონლის აღმოჩენის შესახებ დგება „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ და სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს აღმოჩნდა არადეკლარირებული 15 715 000 ფულადი ერთეული, რამაც 28.11.2022 წლის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 702 303.35 ლარი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ნაღდი ფულის შემოტანა არ იბეგრება, თუმცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით იგი ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, რაც სადავო შემთხვევაში, მომჩივნის მხრიდან არ შესრულებულა. მომჩივანი განმარტავს, რომ საქართველოში პირველად შემოჰქონდა ამ ოდენობის თანხა და ის არ იყო საქმის კურსში თანხის დეკლარირების პირობებთან დაკავშირებით. ამ დრომდე მის მიერ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით არცერთი ფაქტი არ არსებობს. აღწერილი ფაქტების საფუძველზე მისი ქმედება გამოწვეული იყო არცოდნით, რაც სანქციისგან გათავისუფლების საფუძველია.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა ითხოვა, რომ თუ სანქციისგან არ გათავისუფლდება, აღნიშნული შეიცვალოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული სანქციით - საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანილი ნაღდი ფულის 10%-ის ჩამორთმევის სახით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შეფარდებული სანქციის პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შეფარდებული სანქცია, საქონლის ჩამორთმევა, უნდა შეიცვალოს ჯარიმით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №EL192529 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33602 ბრძანება;

3. მომჩივანს შეფარდებული სანქცია - საქონლის (ნაღდი ფულის) უსასყიდლოდ ჩამორთმევა შეეცვალოს ჯარიმით - გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის აღსრულების მიზნით;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულის დეკლარირების გარეშე გადმოტანა;

2. მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კონტროლის ზონაში შემოვიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მომჩივანი. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ მომჩივანმა ინტერვიუირებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელი არაფერი ჰქონდა, მათ შორის არც თანხა. აღნიშნული პირის ავტომობილისა და ბარგის დათვალიერების შედეგად მისი კუთვნილი ჩემოდნის სარჩულის ქვემოთ, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების ე.წ. ბარის საფენის ქვემოთ აღმოჩნდა არადეკლარირებული ფული. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“ და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - საქონლის ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შეფარდებული სანქცია, საქონლის ჩამორთმევა, უნდა შეიცვალოს ჯარიმით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 169 (3)