ბრძანება N 17120
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17120
29 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----- (ს/ნ ----- ) (მის: ----- )
2026 წლის 18 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 65) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) 2026 წლის 18 ივლისის N 103525/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის N 006-273 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული დარღვევა არ ემსახურებოდა საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდებას. მისი საქმიანობის ფარგლებში, კანონით დადგენილ ვადებში წარდგენილი ჰქონდა ყველა შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცია, გარდა დღგ-ის დეკლარაციებისა. შემოსავლები სრულად იყო დეკლარირებული, შესაბამისად, მისი ეკონომიკური საქმიანობა იყო გამჭვირვალე. დეკლარაციებს აგზავნიდა თავად, არ ჰყავდა ბუღალტერი და არ გააჩნია საბუღალტრო და საკანონმდებლო ცოდნა.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის წესის არასწორი გაგებით. მიაჩნდა, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ზღვრის ათვლა, მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის მსგავსად, ყოველი კალენდარული წლის დასაწყისიდან იწყებოდა. აღნიშნული მცდარი წარმოდგენის გამო ვერ განსაზღვრა რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტი.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის ქმედებაში არ არსებობდა გადასახადის დამალვის ან სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების განზრახვა. დარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით, ხოლო მისი საქმიანობის მასშტაბისა და დეკლარირებული შემოსავლების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს სრული ინფორმაცია ჰქონდა მისი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს გათავისუფლდეს შემოწმებით დარიცხული სანქციისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის N 8946 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. 2026 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის N 14718 ბრძანება და ამავე თარიღის N 006-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ 61 015 ლარი, მათ შორის გადასახადი 39 174 ლარი, ჯარიმა 12 978 ლარი, საურავი 8 863 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საქმიანობას წარმოადგენს საკვებით მომსახურების საქმიანობები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. კერძოდ, ტერმინალის ტრანზაქციები, სალაროს ამონაწერი და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2023 წლის 27 ნოემბერს, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა მიემართა დღგ-ის რეგისტრაციის მოთხოვნით საგადასახადო ორგანოსთვის და წარედგინა დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით 2023 წლის 27 ნოემბრიდან - 2026 წლის პირველ აპრილამდე დღგ-ის დასაბეგრმა ბრუნვამ სულ შეადგინა 259 571 ლარი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა მიღებული ანგარიშ - ფაქტურების შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა და შემცირდა გადასახადი 7 549 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს გათავისუფლდეს შემოწმებით დარიცხული სანქციისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით, რის შედეგადაც მომჩივანს დაერიცხა დამატებითი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია რომ მომჩივანის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 282;.