გადაწყვეტილება №27343/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.07.2026
№ დოკუმენტი 445434021
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27343/2/2026

14 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 13.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27343/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16552 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის №081-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.04.2026 წლის №8991 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 352 288,75 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 200 970,31

დღგ - 6 528,51

საშემოსავლო გადასახადი - 194 441,8

ჯარიმა - 105 402,3

საურავი - 45 916,14

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2025 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2025 წლის №081-105 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16552 ბრძანებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შპს ----ზე გაცემულ სესხთან დაკავშირებით შედგენილი ხელშეკრულება). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16552 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შპს ------მ (ს/ნ --------) 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდებში 759 000 ლარის ოდენობით სესხი (სალაროდან) გასცა შპს ---ზე (ს/ნ ------). გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებები და შპს ---ის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები. აღნიშნული სესხის დაბრუნება მოხდა მოკლე პერიოდში ეტაპობრივად (საგადასახადო შემოწმების შემდეგ) 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდებში. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა შპს ------ის (ს/ნ -------) ახსნაგანმარტება, სადაც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროში დაგროვილი ფულადი ნაშთის ხარჯვა მოხდა დირექტორის (-----ძე (პ/ნ -------) მიერ პირადი საჭიროებისათვის. ასევე ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ სს ------ ბანკში, საკრედიტო ხაზიდან, მიღებული თანხები არც თანხობრივად და არც თარიღებში ედრება შპს ----ში სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს. შემოწმების დროს შპს -----ს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გატანილი თანხები და ამავდროულად ბუღალტერიაში ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება. ამასთანავე შემოწმების დროს შპს ----ს (ს/ნ ------) და შპს -----ს (ს/ნ ------) არ ჰქონდათ მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართი №3 შესაბამის პერიოდებში მიღებული სესხის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი და ასევე არ ჰქონდათ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გვერდზე saras.gov.ge ატვირთული შესაბამისი ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დოკუმენტაცია/ინფორმაცის შესწავლის შედეგად, ვერ დადასტურდა გადასახადის გადამხდელის პოზიცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების ეტაპზე არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 2.02.2026 წლის №081-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.04.2026 წლის №8991 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით მიხედვით, შპს ------მ 2024 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდებში 759 000 ლარის ოდენობით სესხი (სალაროდან) გასცა შპს ----ზე. გადამხდელმა წარადგინა სესხის ხელშეკრულებები და შპს ---ის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები. აღნიშნული სესხის დაბრუნება მოხდა მოკლე პერიოდში ეტაპობრივად (საგადასახადო შემოწმების შემდეგ) 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდებში. ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ --- ბანკში საკრედიტო ხაზიდან მიღებული თანხები არც თანხობრივად და არც თარიღებში ედრება შპს ----ში სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს. შემოწმების დროს, შპს ----ს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გატანილი თანხები და ამავდროულად, ბუღალტერიაში ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შპს ----ის მიერ -----ზე სასტუმროს მშენებლობისას ჯამში ორივე პროექტში ინვესტირებული თანხა შეადგენს 3 909 226 ლარს, ასევე შპს ----ს უფიქსირდება საბანკო ვალდებულებები სესხის სახით, ჯამში მთლიანი სასესხო ვალდებულება ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 2 330 272 ლარს, ასევე, ბუღალტრულ პროგრამაში აღენიშნება თანხა კაპიტალის სახით ჯამში 2 014 500 ლარის ოდენობით და აღენიშნება შემოსავალი რეალიზაციიდან (6110 ანგარიშზე) 538 658 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, შემოწმების დროს შპს -----ს და შპს -----ს არ ჰქონდათ მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართი №3-ში შესაბამის პერიოდებში მიღებული სესხის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი და ასევე, არ ჰქონდათ saras.gov.ge-ზე ატვირთული შესაბამისი ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დოკუმენტაცია/ინფორმაცის შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საკითხი უკავშირდება შპს----ზე სალაროდან გაცემული თანხებს, რომელიც წარმოადგენს სესხის სახით განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციას.

ბრძანებაში განმარტებულია, რომ ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ --- ბანკში საკრედიტო ხაზიდან მიღებული თანხები არც თანხობრივად და არც თარიღებში არ ედრება შპს -----ში სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს.

ვინაიდან საკრედიტო ხაზის გამოყენებასთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული, შეფასების მიზნით გთავაზობთ სასესხო პერიოდისთვის საკრედიტო ხაზის (აშშ დოლარში) ათვისებასთან დაკავშირებით თანხების მოძრაობის სქემას. ახორციელებს სარეალიზაციო სამშენებლო მასალების იმპორტს ----დან, აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში ანგარიშსწორება ხორციელდება აშშ დოლარში, კომპანიისთვის ოპერაციულად მიზანშეწონილი იყო მომწოდებლის წინაშე არსებული ვალდებულების დასაფარად გამოეყენებინა საკრედიტო ხაზზე არსებული თანხა აშშ დოლარში, ხოლო მოწოდებული საქონლის ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციიდან მიღებული თანხები, რომელიც შემოდიოდა შპს ----ის სალაროში, საჭიროებისამებრ დირექტორის მიერ ეტაპობრივად შპს ---ის მოთხოვნით გადაეცემოდა შპს ----ს (გაცემა-მიღების გრაფიკი, სალაროს შემოსავლის ორდერები მოწოდებულია ცხრილის სახით). აქედან გამომდინარე საკრედიტო ხაზიდან ათვისებული თანხების მოცულობა და პერიოდი ობიექტურად ვერ დაემთხვეოდა შპს ----ზე სესხად გაცემულ თანხის მოცულობას პერიოდს.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით შპს ---ის მიერ -----ზე სასტუმროს მშენებლობისას ორივე პროექტში ინვესტირებული თანხა დღგ-ის გარეშე შეადგენს 3 909 226 ლარს, ასევე შპს ---ს უფიქსირდება საბანკო ვალდებულებები სესხის სახით ჯამში მთლიანი ვალდებულება ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 2 330 272 ლარს, ასევე ბუღალტრულ პროგრამაში აღენიშნება კაპიტალის სახით ჯამში 2 014 500 ლარის ოდენობით და აღენიშნება შემოსავალი რეალიზაციიდან (6110 ანგარიშზე) 538 658 ლარის ოდენობით.

შპს--მ სამშენებლო პროცესის წარმოება დაიწყო 2022 წლის ნოემბერში. მშენებლობის პროცესის დაწყებამდე პერიოდში საზოგადოების კაპიტალი შეადგენდა 914 500 ლარს, აქედან 514 500 ლარი, რომლის შევსებაც კომპანიის დაფუძნებიდან ეტაპობრივად მიმდინარეობდა და ხმარდებოდა მის ფუნქციონირებას. 2022 წლის ნოემბრისთვის, როდესაც შპს --- ჩაერთო სამშენებლო პროცესში, კომპანიის კაპიტალი და ფულადი სახსრები სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე შეადგენდა 406 701 ლარს.

2022 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე კომპანიის კაპიტალის ფორმირებისთვის მიღებული თანხები

2022 წელს - 406 701 ლარი (2022 წლის 1 ნოემბრამდე კაპიტალის სახით არსებული ნაშთი ანგარიშებსა და სალაროში)

2023 წელს - 800 000 ლარი

2025 წელს - 530 000 ლარი

ჯამში 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე კომპანიის კაპიტალი 1 736 701 ლარი.

შპს ---ში 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში კომპანიის მიერ --- ბანკიდან, -- ბანკიდან და შპს ---დან მიღებული სესხების განშლა.

6.11.2023 წლიდან 31.12.2025 წლამდე პერიოდში შპს --ის სასესხო ვალდებულება (ბანკებსა და შპს --ის მიმართ) ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 3 423 603 ლარს.

1.01.2023 წლიდან 31.05.2025 წლამდე პერიოდში შპს ----ის შემოსავალი შეადგენს 197 513 ლარს.

1.11.2022 წლიდან 31.12.2025 წლამდე პერიოდში სულ ფულადი აქტივები (რომელიც შედგება სასესხო ვალდებულებებით, კაპიტალის ზრდითა და შემოსავალით) შეადგენს 5 357 817 ლარს.

შპს ----ის ამავე პერიოდში (1.11.2022-31.12.2025) არსებული ფულადი რესურსის 5 357 817 ლარის ხარჯვის მონაცემები.

1. მოცემული ფულადი სახსრებით ორივე პროექტში ინვესტირებული თანხის ჯამია 3 909 226 ლარი.

2. კომპანიამ გადაიხადა სესხის კაპიტალი --- და --- ბანკებში და ----ში, ჯამში 981 718,6 ლარი.

3. კომპანიამ ---- ბანკსა და ბანკში გადაიხადა სესხის პროცენტი 281 031,7 ლარი.

შპს ---ს გააჩნდა არა სამშენებლო ხარჯები, რომელიც შეადგენს 237 800 ლარს, ადმინისტრაციული საოპერაციო და სხვა ხარჯები.

შესაბამისად შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1.11.2022 წლიდან 31.12.2025 წლამდე პერიოდში შედგება შემოსული 5 357 817 და გახარჯული 5 409 716 ლარის ფულადი სახსრებისგან, მათ შორის არსებული სხვაობა, რომელიც შეადგენს 51 900 ლარს კომპანიის მიერ გამოყენებულ იქნა კრედიტორული ვალდებულების დასაფარად 2026 წლის დასაწყისში. წარმოდგენილი ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შპს --ს ნამდვილად ესაჭიროებოდა შპს -----სგან სესხით სარგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ---- ვერ შეძლებდა საამშენებლო სამუშაოების დასრულებას.

გაუგებარია რატომ ცდილობს შემოსავლების სამსახური შპს ---ის დაჯარიმებას, კომპანიას არ მიუყენებია ბიუჯეტისთვის ფინანსური ზარალი, გასცა პროცენტიანი სესხი, რითიც კომპანიის საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა 81 136,7 ლარით, რამაც შპს ----ს ბიუჯეტში გადასახდელი მოგებაზე დივიდენდის გადასახადის ზრდა გამოიწვია. დავის პერიოდში წარმოდგენილ საჩივრებში მოწოდებული დოკუმენტაციით ჩანს, რომ 759 000 ლარი შპს ------ის დირექტორს სალაროდან დაუბეგრავ ხელფასად არ გაუტანია.

შპს ---- აღიარებს შემოწმების პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვის ხარვეზს სალაროს ნაწილში, რადგან შპს ----ის დირექტორის მიერ დროულად არ მოხდა ბუღალტრის ინფორმირება სალაროდან გატანილი თანხების დანიშნულების შესახებ. შესაბამისად ვერ იქნებოდა მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამისი დანართი შევსებული, რაც შეეხება შენიშვნას saras.gov.ge-ზე ფინანსური ანგარიშგების წარდგენას, კომპანიას ანგარიშგების წარდგენის ვადა არ დაურღვევია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შპს ---ის დირექტორმა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების გვერდის ავლით დაუბეგრავად განკარგა სადავო თანხა.

შპს ----მ 2025 წლის 30 აგვისტოს --- ბანკიდან აიღო 279 000 აშშ დოლარი სესხი, საიდანაც 1.09.2025 წლიდან 24.12.2025 წლამდე პერიოდში შპს ----თან არსებული სასესხო დავალიანება და მასზე დარიცხული პროცენტი 840 136,7 ლარი (759 000 სესხის კაპიტალი 81 136,7 პროცენტი) გაისტუმრა, საიდანაც შპს ----ის დირექტორის მიერ სალაროდან გატანილია 400 000 ლარი გაუნაწილებელი მოგება და გადახდილია შესაბამისი საბიუჯეტო გადასახადები. მოგება 74 303,41 ლარი და დივიდენდი 21 052,63 ლარი ჯამში 95 356 ლარი. დაბრუნებული სესხიდან დარჩენილი თანხით შპს ---მ ----- ბანკში არსებული საკრედიტო ხაზის ვალდებულება დაფარა.

საკითხი უნდა დაბრუნდეს განხილვის პროცესში, რადგან არ მოხდეს უსაფუძვლოდ კომპანიის დაჯარიმება.

შპს -----ის მიერ 12.05.2025 წელს წარმოდგენილი საჩივართან დაკავშირებით დამატებით წარმოადგენს/აზუსტებს არგუმენტებს:

ის გარემოება, რომ შპს ---ის (ს/ნ ------) მიერ გაცემული თანხები დარჩა ბიზნესში და არ მომხდარა მისი განკარგვა ფიზიკური პირის მიერ დასტურდება აუდიტის დეპარტამენტში გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი შპს ---ის (ს/ნ -----) ბუღალტერიიდან, სადაც დაწვრილებით არის ინფორმაცია შპს -----ის მიერ მიღებული და გახარჯული თანხების შესახებ. ამ შემოსავლების და ხარჯების მოკლე მიმოხილვა წარმოდგენილია ძირითად საჩივარში, რომლითაც დასტურდება, რომ შპს -----გან მიღებული სესხის თანხების გარეშე ეს პროექტი ვერ დასრულდებოდა. რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, ის მიწოდებულია ბუღალტერიის სახით, სადაც გატარებული ყველა შემოსავალი და ხარჯი დოკუმენტურად დასტურდება.

დასკვნაში ერთ-ერთ არგუმენტად აუდიტორს წარმოდგენილი აქვს ის გარემოება, რომ „ასევე ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ --- ბანკში, საკრედიტო ხაზიდან, მიღებული თანხები არც თანხობრივად და არც თარიღებში ედრება შპს ---ში სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს“. ბანკიდან ბიზნესზე სესხის გაცემა ხდება გარკვეული მიზნობრიობით, შპს ---ის შემთხვევაში, საქონლის შესაძენად. აქედან გამომდინარე ბანკიდან მიღებული სესხები მთლიანდ მიმართული იყო იმპორტირებული საქონლის შესაძენად, ხოლო შპს --ში თანხების მიწოდება ხდებოდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხებით, რაც თავისთავად დროში ვერ დაემთხვეოდა ერთმანეთს. ამ შემთხვევაში ყურადღება გასამახვილებელია შემდეგ გარემოებაზე: მშენებლობის პროცესში, როდესაც შპს --ს დასჭირდა დამატებით თანხები მშენებლობის დასასრულებლად მიმართა --- ბანკს, თუმცა ის პირობები და მოთხოვნები, რაც ბანკმა წამოაყენა არ იყო მისაღები კომპანიისთვის. ვინაიდან შპს ---ს ჰქონდა დამტკიცებული საკრედიტო ხაზი ---- ბანკში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არაპირდაპირად ესარგებლათ ამ საკრედიტო ხაზით. აქედან იქნა მიღებული შპს ---ის მიერ შპს ----ზე სესხის გაცემის გადაწყვეტილება და დირექტორის მიერ გატანილი თანხები სრულად მოხმარდა შპს ---ს პროექტის დასრულებას, ანუ დარჩა ბიზნესში და არ მოხდა მისი განკარგვა ფიზიკური პირის მიერ.

2025 წლის ბოლოს შპს -----მ ---- ბანკიდან მიიღო სესხი, რითაც დაფარა შპს ---ის ვალი, სესხის ძირი თანხა და დარიცხული პროცენტი, ხოლო ამ თანხით თავის მხრივ შპს ----მ სრულად დაფარა -- ბანკის სესხი და დარჩენილი თანხა გაანაწილა დივიდენდად სრულად გადაიხადა კუთვნილი გადასახადები. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ შპს ----ს შპს -----ის სესხის გასასტუმრებლად დასჭირდა ბანკის სესხი ვინაიდან თავისუფალი სახსრები არ გააჩნდა, რითაც თავისთავად დასტურდება, რომ მანამდე მიღებული თანხები სრულადაა გახარჯული სასტუმროს მშენებლობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16552 ბრძანებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შპს ---ზე გაცემულ სესხთან დაკავშირებით შედგენილი ხელშეკრულება). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შპს ----მ (ს/ნ ----) 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდებში 759 000 ლარის ოდენობით სესხი (სალაროდან) გასცა შპს ---ზე (ს/ნ----). გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებები და შპს ---ის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები. აღნიშნული სესხის დაბრუნება მოხდა მოკლე პერიოდში ეტაპობრივად (საგადასახადო შემოწმების შემდეგ) 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდებში. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა შპს ---ის (ს/ნ ----) ახსნაგანმარტება, სადაც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროში დაგროვილი ფულადი ნაშთის ხარჯვა მოხდა დირექტორის (----ძე (პ/ნ -----) მიერ პირადი საჭიროებისათვის. ასევე ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ სს --- ბანკში, საკრედიტო ხაზიდან, მიღებული თანხები არც თანხობრივად და არც თარიღებში ედრება შპს ----ში სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს. შემოწმების დროს შპს ---ს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გატანილი თანხები და ამავდროულად ბუღალტერიაში ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება. ამასთანავე შემოწმების დროს შპს ---ს (ს/ნ ---) და შპს ---ს (ს/ნ ---) არ ჰქონდათ მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართი №3 შესაბამის პერიოდებში მიღებული სესხის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი და ასევე არ ჰქონდათ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გვერდზე saras.gov.ge ატვირთული შესაბამისი ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დოკუმენტაცია/ინფორმაცის შესწავლის შედეგად, ვერ დადასტურდა გადასახადის გადამხდელის პოზიცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების ეტაპზე არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არსებობს, პროცენტი დარიცხულია. შპს ---მ სესხი აიღო სს --- ბანკში და ამ თანხით გადაფარა შპს ----ის მიმართ არსებული სესხი. ამის შემდეგ შპს ---მ დაფარა სს --- ბანკის სესხი.თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით არ დაბრუნებულა, სესხი აღებულია ბანკიდან და დაფარულია ეს სესხი. მიზნობრიობაში მითითებულია მიმდინარე ხარჯების დაფარვა და ამაში შედის კრედიტის დაფარვაც.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.04.2026 წლის №8991 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16552 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახდო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე პერიოდი.შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №081-105 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №16552 ბრძანებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები . განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №16552 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მომჩივანმა 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 21 მაისამდე პერიოდებში 759 000 ლარის ოდენობით სესხი (სალაროდან) გასცა კომპანიაზე. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სესხის ხელშეკრულებები და სესხის მიმღები კომპანიის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები. აღნიშნული სესხის დაბრუნება მოხდა მოკლე პერიოდში ეტაპობრივად (საგადასახადო შემოწმების შემდეგ) 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდებში. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მომჩივანის ახსნაგანმარტება, სადაც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სალაროში დაგროვილი ფულადი ნაშთის ხარჯვა მოხდა დირექტორის მიერ პირადი საჭიროებისათვის. ასევე ჩატარებული ანალიზით დგინდება, რომ ბანკში, საკრედიტო ხაზიდან, მიღებული თანხები არც თანხობრივად და არც თარიღებში ედრება სესხის მიმღები კომპანიის სალაროდან სესხად მიღებულ თანხებს. შემოწმების დროს მომჩივანს ბუღალტრულად უფიქსირდებოდა ანგარიშვალდებულ პირზე გატანილი თანხები და ამავდროულად ბუღალტერიაში ჰქონდა გაუნაწილებელი მოგება. ამასთანავე შემოწმების დროს მომჩივანს და სესხის მიმღებ კომპანიას არ ჰქონდათ მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართი №3 შესაბამის პერიოდებში მიღებული სესხის შესახებ ინფორმაცია წარდგენილი და ასევე არ ჰქონდათ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის გვერდზე saras.gov.ge ატვირთული შესაბამისი ინფორმაცია. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და დოკუმენტაცია/ინფორმაცის შესწავლის შედეგად, ვერ დადასტურდა გადასახადის გადამხდელის პოზიცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების ეტაპზე არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №081-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №8991 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);