გადაწყვეტილება №21529/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21529/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 8.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21529/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15629 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2022 წლის №021-112 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28472 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 034 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 9 697
ჯარიმა - 3 638
საურავი - 1 699
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ტურიზმის სფეროში ოთხი მიმართულებით: 1. ავტობუსებით/მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა საქართველოს ქალაქებიდან (----------) ---------- საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მინივენი, ჯიპები, ავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები) გაქირავება ტურისტულ ჯგუფებზე 3. ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა საქართველოში და ტურისტული პაკეტის მიწოდება 4. საერთაშორისო გადაზიდვა. ამდენად, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა (სატრანსპორტო მომსახურება ქვეყნის შიგნით), ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს საკუთრებაში გააჩნია 39 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ეკონომიკურ საქმიანობაში ასევე გამოყენებულია იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიას არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები. წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით გადამხდელს 2018 წელს 84 მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულ პირთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები, რომელთა დანართებში ასახულია შესასრულებელი მარშრუტების ჩამონათვალი, განხორციელებულ თითოეულ მარშრუტზე ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური და საწვავის ოდენობა (ხელშეკრულებები იდენტურია ყველა მძღოლისთვის). ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული არ არის სამუშაო საათები ან/და სავალდებულოდ შესასრულებელი რეისების ჩამონათვალი. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება. საწარმოს მიერ მომსახურების თანხის ანაზღაურება ხორციელდება, როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქმიანობის დაქირავებით მომუშავე (თანამშრომელი) მძღოლების გარეშე განხორციელებისას გამოიკვეთა რისკი, რაც საკანონმდებლო მანიპულაციების გზით საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან ნაწილობრივ თავის არიდებას უკავშირდება, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მძღოლებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, მიღებული ინფორმაციით გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1) არის შემთხვევა, როდესაც მძღოლი კომპანიისაგან ყოველთვიურად იღებს ფიქსირებულ ანაზღაურებას - 1000 ლარის ოდენობით. ყოველთვიურად წინასწარ აქვს განსაზღვრული შესასრულებელი მარშრუტი. ასევე, იღებს დამატებით გასამრჯელოს სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისთვის;
2) მძღოლებს სამუშაოს შესრულებისას აქვთ ვალდებულება ატარონ ისეთი ტანსაცმელი ან/და სხვა ნივთი, რომელზეც გამოსახულია შპს „----------“ საფირმო ნიშანი, ასევე ზოგიერთ მძღოლს უნაზღაურდება მივლინების ხარჯები, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის;
3) არის შემთხვევები, როცა კონკრეტული მძღოლის ანგარიშზე ხდება როგორც თავისი, ისე სხვა მძღოლების ანაზღაურების ჩარიცხვა გარკვეული პროპორციით (მაგ. ჩარიცხული თანხიდან 30% მისია, დანარჩენი თანხა სხვა მძღოლების);
4) მძღოლების გამოძახება კონკრეტულ რეისზე ხდება საწარმოს წარმომადგენლის მიერ წინასწარ გაწერილი განრიგის შესაბამისად. ასევე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სატრანსპორტო საშულებების რემონტის მომწოდებელი კომპანიისგან მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალებები შესაკეთებლად მათთან მიჰყავთ ზემოაღნიშნულ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს და სათანადო მომსახურებაზე გამოწერილ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს თავად აწერენ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ პირები ძირითად შემოსავალს იღებენ საწარმოსაგან. ტრანსპორტი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას ან აღებულია იჯარით, საწვავის ხარჯი არის კომპანიის. მძღოლის ფუნქციის შესრულების გარდა, გაწეულ სხვა საქმიანობაში დამატებით ანაზღაურებას ფიზიკური პირები არ იღებენ ხელშეკრულების და მიღებაჩაბარებების აქტების მიხედვით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურე ფიზიკური პირები ამ საქმიანობის განხორციელებისას არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ პირებს, დამოკიდებული არიან საწარმოზე და მოქმედებენ საწარმოს მითითებით/განრიგით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმე მძღოლების მიერ კომპანიისათვის გაწეული მომსახურება დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირთა დაქირავებით მუშაობად, ხოლო განაცემი ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-ანი განაკვეთით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2021 წლის №42296 ბრძანება და №021-246 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2022 წლის №15629 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული მძღოლების მიერ მომჩივნისათვის გაწეული მომსახურების დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირების საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 6 მაისის №12359 ბრძანების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2022 წლის №15629 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2022 წლის 3 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 100 507 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 66 390 ლარით და ჯარიმა 34 117 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 22 ნოემბრის №29311 ბრძანება და №021-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11156 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.07.2023 წლის №19846/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28472 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით. ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ კითხვარების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობა დაკვალიფიცირდა როგორც დაქირავებით მუშაობა, უმრავლეს შემთხვევაში კი დაკვალიფიცირდა როგორც მომსახურების გაწევა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ როგორც თავდაპირველ საჩივარში აღნიშნა, ყველა მძღოლთან დადებულია იდენტური ხელშეკრულებები, შესასრულებელი სამუშაოც, განურჩევლად ყველა მძღოლისთვის ერთნაირია, ასევე შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნილი რაიმე მტკიცებულება, რადგან შემოსავლების სამსახურმა ყველა მძღოლთან თავად განახორციელა კომუნიკაცია.
ასევე, გამოითხოვა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან იმ მძღოლების შესახებ, რომელთა მუშაობაც დაქირავებით მუშაობად დაკვალიფიცირდა, სადაც გამოიკვეთა ის მძღოლები, რომლებიც არ გამოცხადდნენ შემოსავლების სამსახურში კითხვარის შესავსებად და ეს პირები კვლავ განხილულ იქნენ დაქირავებით მომუშავეებად, რაც ზემოაღნიშნული მიზეზით მიაჩნია უსამართლოდ.
შემოსავლების სამსახურს კვლავ სთხოვა ზემოთ აღნიშნული მძღოლების ხელახალი გამოკითხვა. თუმცა პასუხად, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გაიარა თითოეული მძღოლის საკითხი და წარმოადგენს არგუმენტებს თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს ისინი დაქირავებით მომუშავე პირებად:
1. ი/მ ---------- - ძირითადი საქმიანობაა მეფუტკრეობა. თავისუფალ დროს, სურვილის შემთხვევაში სერვის უწევდა შპს „----------“;
2. ი/მ ---------- - მისი ძირითადი საქმიანობა მაღალი ტვირთგამწეობის ტრანსპორტის მართვაა. სურვილისა და თავისუფალი დროის პერიოდში იგი სერვისს უწევდა შპს „----------“, მის კუთვნილ ავტობუსებზე;
3. ი/მ ---------- - ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები. შპს „----------“ გამოიყენა მისი კუთვნილი ავტობუსი სულ რამოდენიმე ტურისტული ჯგუფის ექსკურსიისთვის, 2018 – 2019 წლებში, რამოდენიმე თვეზე;
4. ი/მ ---------- - საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა „----------“ აეროპორტის ტრანსფერებზე, მისი ძირითადი საქმიანობაა ტაქსის მძღოლობა საკუთარი ავტომობილით. აქვს ტაქსისტის ლიცენზიაც;
5. ი/მ ---------- - საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა შპს „----------“ რამოდენიმე ტურზე. კომპანიას მისი მომსახურება გამოყენებული აქვს მხოლოდ 2018 წელს 2 თვის განმავლობაში;
6. ი/მ ---------- - ჰყავს საკუთარი მიკროავტობუსი, ზამთარში კომპანია იყენებს მის სერვის გუდაურში მისივე სატრანსპორტო საშუალებით, ზაფხულში ტურისტულ ჯგუფებზე, ასევე თავისუფალ დროს მართავს შპს „----------“ კუთვნილ ავტობუსს;
7. ი/მ ---------- - საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა შპს „----------“ ტურისტულ ჯგუფებს მხოლოდ 2019 წლის რამოდენიმე თვის განმავლობაში;
8. ი/მ ---------- - სერვისს უწევდა როგორც „----------“, ასევე სხვა კონკურენტ კომპანიებს. შპს „----------“ მისი მომსახურება მიიღო მხოლოდ 2019 წელს რამოდენიმე თვის განმავლობაში;
9. ი/მ ---------- - საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა შპს „----------“ ტურისტულ ჯგუფებს მხოლოდ 2019 წლის რამოდენიმე თვის განმავლობაში;
10.ი/მ ---------- - საკუთარი ავტობუსით და მისივე შერჩეული მძღოლით შპს „----------“ მოემსახურა ---------- აეროპორტი - ---------- მარშრუტზე. კომპანიამ მისი მომსახურება მიიღო 2019 წლის მხოლოდ 4 თვის განმავლობაში;
11.ი/მ „----------“ - შპს „----------“ მისი მომსახურება მიიღო 2019 წლის რამოდენიმე თვეზე. ამ პიროვნებაზე შპს „----------“ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, მომსახურების გაწევის პროცესში კომპანიის საკუთრების მითვისებაზე, დავაშია შესული.
12.ი/მ ---------- - იგი ძირითადად საქმიანობს აგრარულ სფეროში. საკუთარი ტექნიკით (ტრაქტორით) მომსახურებას უწევს სოფლის მეურნეობაში ჩართულ კომპანიებს. თავისუფალ დროს, სერვის უწევდა შპს „----------“.
13.ი/მ ---------- - 2019 და 2020 წლის რამოდენიმე თვეზე საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით მოემსახურა „----------“.
თან ურთავს გამოთხოვილ ინფორმაციას მძღოლების შესახებ, რომელიც გაეგზავნა შემმოწმებლისგან. ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და არამართებულად დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.11.2023 წლის №28472 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15629 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ტურიზმის სფეროში ოთხი მიმართულებით: 1. ავტობუსებით/მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა საქართველოს ქალაქებიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მინივენი, ჯიპები, ავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები) გაქირავება ტურისტულ ჯგუფებზე 3. ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა საქართველოში და ტურისტული პაკეტის მიწოდება 4. საერთაშორისო გადაზიდვა. ამდენად, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა (სატრანსპორტო მომსახურება ქვეყნის შიგნით), ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს საკუთრებაში გააჩნია 39 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ეკონომიკურ საქმიანობაში ასევე გამოყენებულია იჯარით აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიას არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები. წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით გადამხდელს 2018 წელს 84 მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ან/და ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულ პირთან, რომლებიც არიან მძღოლები, გაფორმებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები, რომელთა დანართებში ასახულია შესასრულებელი მარშრუტების ჩამონათვალი, განხორციელებულ თითოეულ მარშრუტზე ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური და საწვავის ოდენობა (ხელშეკრულებები იდენტურია ყველა მძღოლისთვის). ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული არ არის სამუშაო საათები ან/და სავალდებულოდ შესასრულებელი რეისების ჩამონათვალი. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც მოცემულია შესაბამის პერიოდში მძღოლის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება. საწარმოს მიერ მომსახურების თანხის ანაზღაურება ხორციელდება, როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვების მეშვეობით. ვინაიდან, გადამხდელის მიერ აღნიშნული საქმიანობის დაქირავებით მომუშავე (თანამშრომელი) მძღოლების გარეშე განხორციელებისას გამოიკვეთა რისკი, რაც საკანონმდებლო მანიპულაციების გზით საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან ნაწილობრივ თავის არიდებას უკავშირდება, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მძღოლებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(12).