გადაწყვეტილება №19460/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19460/2/2023
25 ივნისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ -ის 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19460/2/2023).
დავის საგანი:
დამფუძნებლის მიერ განხორციელებულ შენატანზე მეტი ოდენობის თანხის გატანის დირექტორის ხელფასად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-675 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5642 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 35 356 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 21 603
დღგ - 1 121
საშემოსავლო გადასახადი - 20 482
ჯარიმა - 10 902
საურავი - 2 851
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საზოგადოების წინა პერიოდის საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ 1.01.2019 წლამდე დამფუძნებლის შენატანი შეადგენდა 460 192 ლარს, იმავე პერიოდამდე დამფუძნებლისთვის უკან დაბრუნებული თანხა შეადგენდა 186 305 ლარს, ნაშთი 273 887 ლარს. საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელს, რომელიც ამავე დროს დირექტორიც არის, დაუბრუნდა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე შენატანი იყო დარჩენილი, აღნიშნული თანხით ასევე გაინაშთა სახელფასო განაცემად დეკლარირებული 106 062 ლარი 2019 წლის მაისის, ივნისის და სექტემბრის თვეების პერიოდებში.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შენატანზე მეტი ოდენობით გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად. შედეგად გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-675 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5642 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 1.01.2019 წლამდე დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან გატანილი თანხის ოდენობას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ 12.07.2022 წლის №18290 ბრძანებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდამდე, 1.01.2019 წლამდე, კომპანიაში დამფუძნებლის შენატანი შეადგენდა 460 192 ლარს, ამავე პერიოდამდე დამფუძნებელს გატანილი აქვს 186 305 ლარი. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდამდე საწარმოს დამფუძნებლის შენატანის ნაშთი უფიქსირდება 273 887 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საწარმოს შემოწმებისთვის რაიმე სახის საბუღალტრო პროგრამა შესამოწმებელ პერიოდზე არ წარუდგენია (გადამხდელის განმარტებით არ გააჩნდა). ასევე, შემმოწმებლის განმარტებით საწარმოს არც წინა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ პერიოდზე გააჩნდა აღრიცხვა. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელს (დირექტორს) გატანილი აქვს იმაზე მეტი თანხა ვიდრე დამფუძნებლის შენატანი იყო ნაშთად დარჩენილი. ამასთან, 12.07.2022 წლის №18290 ბრძანებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდამდე და შესამოწმებელ პერიოდშიც კომპანიის დირექტორზე ასევე, საქვეანგარიშოდ გაცემულია თანხები, რომელთა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები გადამხდელს შემოწმების/დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია და არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება აღნიშნული თანხების განაშთვა. შედეგად, დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირებად, გარდა ზემოთ აღნიშნული თანხებისა, შემმოწმებლის მიერ ასევე, განხილული იქნა შესამოწმებელ პერიოდამდე და მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში დირექტორზე გაცემული საქვეანგარიშო თანხებიც.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხვის არგუმენტად მოყვანილია დამფუძნებლის მიერ ორგანიზაციაში განხორციელებულ შეტანასა და თანხის გატანას შორის სხვაობა. აღნიშნულ განმარტებაში არ ეთანხმება 1.01.2019 წლამდე დამფუძნებლის მიერ გატანილი თანხის ჯამს. აუდიტორის განმარტებით აღნიშნული თანხა შეადგენდა 186 305 ლარს, ხოლო რეალურად აღნიშნული თანხის ოდენობა შეადგენს 110 250 ლარს, რაც დასტურდება ბანკის ამონაწერით, სადაც ნათლად ჩანს დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანისა და გატანის საფუძველი. დანართად გამოგზავნილი აქვს დამფუძნებლის მეირ გატანილი თანხების რეესტრი. რეესტრი ამოღებულია ბანკის ამონაწერიდან, რომელიც უკვე წარმოდგენილი აქვს ორგანიზაციის პირველი შემოწმების დროს. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ოპერაციების დასტურად დამატებით შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი პირველადი დოკუმენტები (ბანკის მიერ დამოწმებული ამონაწერი).
გასაუქმებელია შემოწმების აქტში მითითებული საკითხი №4-იდან გამომდინარე განხორციელებული დარიცხვა, როგორც ძირი თანხის, ასევე ჯარიმის და საურავის. გათვალისწინებულ უნდა იქნას მოწოდებული ინფორმაცია და გაუქმდეს აღნიშნული დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 1.01.2019 წლამდე დამფუძნებლის შენატანი კომპანიაში შეადგენდა 460 192 ლარს, იმავე პერიოდამდე დამფუძნებლის უკან დაბრუნებული თანხა შეადგენდა 186 305 ლარს, შესაბამისად ნაშთი შეადგენს 273 887 ლარს. შენატანზე მეტი ოდენობით გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად. შედეგად, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ მონაცემებს, კერძოდ 1.01.2019 წლამდე დამფუძნებლის მიერ გატანილი თანხების ჯამური ოდენობა არ არის სწორად დათვლილი, სხვაობა არის დაახლოებით 76 000 ლარი, რაც გადამოწმებული აქვს და დასტურდება საბანკო ანგარიშის ამონაწერით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისაწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5642 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით;
ბ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დამფუძნებლის მიერ ორგანიზაციაში განხორციელებულ შეტანასა და თანხის გატანას შორის სხვაობის შესახებ განმარტებას .
გადამხდელი მიიჩნევს ,რომ გასაუქმებელია შემოწმების აქტში მითითებული საკითხი №4-იდან გამომდინარე განხორციელებული დარიცხვა, როგორც ძირი თანხის, ასევე ჯარიმის და საურავის.
ფაქტობრივი გარემოებები
საანგარიშო პერიოდში დამფუძნებელს, რომელიც ამავე დროს დირექტორიც არის, დაუბრუნდა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე შენატანი იყო დარჩენილი, აღნიშნული თანხით ასევე გაინაშთა სახელფასო განაცემად დეკლარირებული.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შენატანზე მეტი ოდენობით გატანილი თანხა ჩაითვალა დირექტორის ხელფასად.
გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შეისაწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101(1),154(1 "ა")