ბრძანება N 9540

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.04.2024
№ დოკუმენტი 9540
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9540

24 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ის“ (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------)

(იურ. მის.:-----------------------------)

2024 წლის 17 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ ----------------) №89150/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 22 მარტის №006-109 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ კომპანიის გახსნა დაემთხვა Covid-19-ის პერიოდს და ჰქონდათ შეფერხებები საბიუჯეტო გადასახადების გადახდის ნაწილში. მიუთითებს, რომ კომპანია სრულად და კეთილსინდისიერად აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმების მიერ მიღებული დასაბეგრი ბრუნვები ემთხვევა კომპანიის ბაზაში არსებულ მონაცემებს. აღნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდისათვის ფირმას შესწევს ძალა ეტაპობრივად მოაბილიზოს და გადაიხადოს თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №30366 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი დეკემბრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 18 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 22 მარტის №6255 ბრძანება და ამავე თარიღის №006-109 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 202 401 ლარი, მათ შორის, გადასახადი 735 733 ლარი, ჯარიმა 366 588 ლარი და საურავი 100 080 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

● გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და საბანკო ამონაწერების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს უფიქსირდებოდა შემდეგი სახის განაცემები: ხელფასის სახით განაცემები, მომსახურების ანაზღაურება გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირებისა და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის. აღნიშნულის თანახმად, დაქირავებულ პირზე ხელფასისა და სხვა სახით განხორციელებულმა განაცემებმა ჯამში შეადგინა 2 849 715 ლარი (ნეტი), გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულმა განაცემებმა - 57 270 ლარი (ნეტი), ხოლო საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის გადახდილმა თანხებმა (მომსახურება-როიალტი) - 16 373 ლარი (ნეტი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 134-ე და 154-ე მუხლების თანახმად, შემოწმებით განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა სულ 3 651 684 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი იყო საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შედეგად, შემოწმებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები და ასევე, ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა მომსახურების მიღება არარეზიდენტი საწარმოებისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, კომპანიას დაერიცხა უკუდაბეგვრის დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან,განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №30366 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი დეკემბრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №6255 ბრძანება და №006-109 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 202 401 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება,რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და საბანკო ამონაწერების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს უფიქსირდებოდა ხელფასის სახით განაცემები, მომსახურების ანაზღაურება გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირებისა და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 134-ე და 154-ე მუხლების თანახმად, შემოწმებით განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა სულ 3 651 684 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ, შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი იყო საშემოსავლო გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები. შედეგად, შემოწმებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები და ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, მომჩივანს უფიქსირდებოდა მომსახურების მიღება არარეზიდენტი საწარმოებისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, კომპანიას დაერიცხა უკუდაბეგვრის დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან,განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);