გადაწყვეტილება №25844/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.11.2025
№ დოკუმენტი 25844/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25844/2/2025

12 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------ი (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 12.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25844/2/2025).

 

დავის საგანი:

მუნიციპალიტეტისათვის გაწეული მომსახურების და მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18665 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 118 374.97 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 447.63

დღგ - 64 660.97

საშემოსავლო გადასახადი - 6 348.66

ქონების გადასახადი - 438

ჯარიმა - 34 073.80

საურავი - 12 853.54

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველებისთვის მომსახურების გაწევა, კერძოდ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლების გაყვანა, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში მათი ვაქცინაცია და კასტრაცია. ასევე, მეწარმე სხვადასხვა პირებს უწევს ვიდეო გადაღებისა და საკურიერო მომსახურებებს.

აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის №7828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გარდა 2.05.2024 წლის №10431 ბრძანებით მოცული საკითხებისა, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №10431 ბრძანების საფუძველზე მეწარმესთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის მარტის, 2023 წლის მაისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები გათვალისწინებულია მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისას.

გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით (საბანკო ამონაწერებით) და ასევე, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ანალიზით, დადგინა რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მუნიციპალიტეტისათვის გაწეული აქვს მომსახურება, რომელზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, ამასთან, საბანკო ამონაწერით ფიქსირდება მეწარმესთან თანხების ჩარიცხვა, რომელთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად, არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. მეწარმის მიერ წარდგენილია, როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ასევე ფიზიკური პირის ანგარიშები, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან თანხების ჩარიცხვები, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია „მომსახურების საფასური“, „ვიდეოგადაღების საფასური“ და ა.შ. აღნიშნული ჩარიცხვები გადასახადის გადამხდელს არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №14297 ბრძანება და ამავე თარიღის №021-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18665 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ პოზიციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება თანხების ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, რომელთან დაკავშირებითაც მეწარმეს არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში, ასევე, არ დასტურდება აღნიშნული თანხების პირადი მიზნებისთვის ჩარიცხვა, მიაჩნევს, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მის საბანკო ანგარიშებზე პერიოდულად მისი მეგობრების მიერ განხორციელდა თანხის ჩარიცხვის რამდენიმე ფაქტი, რაც არ უკავშირდებოდა ეკონომიკურ საქმიანობებს, ასევე არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომ ყველა ჩარიცხვა იყო დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობებთან. ასევე, განხორციელდა 2021 წლის ხანდაზმული პერიოდის შემოწმება და შედეგების ასახვა ერთიან თანხაში.

ითხოვს აღნიშნულის გარემოებების გათვალისწინებით განხორციელდეს ხანდაზმული პერიოდის, ასევე საურავების ნაწილის ჩამოწერა ანუ გაუქმება, ჯამში 22 304 ლარის. აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა, არ მოისმინა მომჩივნის პოზიცია და მისი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსი მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 267-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლებზე.

ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მის საბანკოს ანგარიშებზე პერიოდულად მისი მეგობრების მიერ განხორციელდა თანხის ჩარიცხვის რამდენიმე ფაქტი, რაც არ უკავშირდებოდა ეკონომიკურ საქმიანობებს. ასევე, განხორციელდა 2021 წლის ხანდაზმული პერიოდის შემოწმება და შედეგების ასახვა ერთიან თანხაში. ითხოვს აღნიშნულის გარემოებების გათვალისწინებით მოხდეს ხანდაზმული პერიოდის, ასევე საურავების ნაწილის ჩამოწერა ანუ გაუქმება, ჯამში 22 304 ლარის.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, ხანდაზმულ პერიოდზე (2021 წელი) განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის თებერვლის დეკლარაცია დააზუსტა 2024 წლის მაისის თვეში, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, გაიზარდა საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა უფლება შეემოწმებინა 2021 წლის საანგარიშო პერიოდი.

ამასთან, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება თანხების ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, რომელთან დაკავშირებითაც მეწარმეს არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში, ასევე, არ დასტურდება აღნიშნული თანხების პირადი მიზნებისთვის ჩარიცხვა. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მართებულად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მუნიციპალიტეტისათვის გაწეული მომსახურების და მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №7828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, გარდა 2.05.2024 წლის №10431 ბრძანებით მოცული საკითხებისა, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10431 ბრძანების საფუძველზე მეწარმესთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის მარტის, 2023 წლის მაისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემები გათვალისწინებულია მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისას.

გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით (საბანკო ამონაწერებით) და ასევე, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ანალიზით, დადგინა რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მუნიციპალიტეტისათვის გაწეული აქვს მომსახურება, რომელზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, ამასთან, საბანკო ამონაწერით ფიქსირდება მეწარმესთან თანხების ჩარიცხვა, რომელთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად, არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. მეწარმის მიერ წარდგენილია, როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ასევე ფიზიკური პირის ანგარიშები, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან თანხების ჩარიცხვები, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია „მომსახურების საფასური“, „ვიდეოგადაღების საფასური“ და ა.შ. აღნიშნული ჩარიცხვები გადასახადის გადამხდელს არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14297 ბრძანება და №021-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №18665 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);