გადაწყვეტილება №24399/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24399/2/2024
20 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 4.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24399/2/2024).
დავის საგანი:
სატყეო სააგენტოს მიერ სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისთვის ჩარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ოქტომბრის №045-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №24254 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 37 811 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 18 680
ჯარიმა - 9 340
საურავი - 9 791
ფაქტების აღწერა
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 15 ივნისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივნისის №14200 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 18 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სსიპ სატყეო სააგენტოსა და შპს „-------“-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა გაეწია სსიპ სატყეო სააგენტოსთვის 998.9 კუბური მეტრი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურება. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 74 890 ლარს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი მომსახურების გაწევას და მიღებაჩაბარების გაფორმებას სატყეო სააგენტოსთან ახორციელებდა ეტაპობრივად 2021 წლის საანგარიშო პერიოდში. საბანკო ამონაწერების მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა სატყეო სააგენტოს მიერ კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა შესაბამის პერიოდებში, ხოლო მიღებული თანხების გადარიცხვა ხდებოდა დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება გამოწერილი/მიღებული დოკუმენტები, აგრეთვე შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც აფიქსირებს, რომ გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი (საწვავის შეძენა, ტექნიკის იჯარა, მუშახელის დაქირავება, მუშახელის კვება), თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ხარჯის დოკუმენტები, არ გააჩნია მძიმე ტექნიკა, დირექტორზე გადარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შემოწმების მიერ დადგენილ გაცემულ ხელფასებსა და გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულ ხელფასებს შორის სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ოქტომბრის №21627 ბრძანება და №045-10 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 37 811 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 20 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 15 ნოემბრის №24254 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 ნოემბრის №24254 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2021 წელს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსგან ჩარიცხული თანხა მთლიანად ხელფასად არ იყო გაცემული. მომჩივნის განმარტებით, ზემოაღნიშნული თანხების განკარგვა მოხდა შემდეგნაირად: შეშის დამზადების ხარჯი 53 100 ლარის ოდენობით (მათ შორის, ავტომანქანის და ხერხის საწვავის ღირებულებები), მუშების ხელფასი 14 160 ლარის ოდენობით, გაუთვალისწინებელი ხარჯები 7 600 ლარის ოდენობით, ჯამში შეშის დამზადებაზე ნაღდი ანგარიშსწორებით გახარჯული იქნა 74 860 ლარი. განმარტავს, რომ 2021 წელს შექმნილი არახელსაყრელი კლიმატური პირობებიდან (უხვი ნალექები) გამომდინარე, ასევე კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების და ზოგიერთი შეზღუდვების გამო, საწარმოს შეუფერხდა ტყე-კაფვა და ხე-ტყის დამზადების საქმიანობა. შედეგად, ვეღარ ესწრებოდა სკოლებში და საწყობში შეშის შეტანა, რის გამოც, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, მოუწიათ ხარჯების საგრძნობი გაზრდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საწვავის ხარჯის გაწევის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად მომჩივნის ახსნა-განმარტებებისა, რომ კომპანიის მიერ 2021 წელს შესრულებულ მომსახურებაზე გადმორიცხული თანხიდან, რომელმაც შეადგინა 74 890 ლარი ხელფასად არ იყო გაცემული მთლიანი თანხა, საშემოსავლო გადასახადი მაინც დაანგარიშებული იქნა მთლიანი თანხიდან. 2021 წელს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის საგანსაც წარმოადგენდა საშეშე მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევა, ანგარიშზე აგვისტოდან დეკემბრის თვეების ჩათვლით ჩაერიცხა 74 890 ლარი. აქედან თანხების განკარგვა მოხდა შემდეგ ხარჯებში: 1. შეშის დამზადების ხარჯები - 53 100 ლარი; 2. მუშების ხელფასი - 14 160 ლარი; 3. გაუთვალისწინებელი ხარჯები - 7 600 ლარი. სულ გახარჯული იქნა შეშის დამზადებაზე 74 860 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით. 2021 წელს შექმნილი არახელსაყრელი კლიმატური პირობებიდან (უხვი ნალექი) გამომდინარე და იმის გამო, რომ იყო კოვიდ-19 ვირუსის გავრცელება და ზოგიერთი შეზღუდვები, საწარმოს შეუფერხდა ტყე-კაფვა და ხე-ტყის დამზადების საქმიანობა, ვეღარ ესწრებოდა სკოლებში და საწყობში შეშის შეტანა, რის გამოც მოუწია ხარჯების საგრძნობი გაზრდა.
დღეის მდგომარეობით კომპანიას შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა შესაფერისი სამუშაოების არ არსებობის გამო. ასევე, ამჟამად საწარმო წარმოადგენს გადახდისუუნარო ობიექტს. მომჩივანი ითხოვს ჩამოეწეროს შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები, ვინაიდან მათი გადახდის არანაირი საშუალება არ გააჩნია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სსიპ სატყეო სააგენტოსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება 998.9 კუბური მეტრი ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 74 890 ლარს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ირკვევა, რომ კომპანია მომსახურების გაწევას და მიღება-ჩაბარების გაფორმებას სატყეო სააგენტოსთან ახორციელებდა ეტაპობრივად 2021 წლის საანგარიშო პერიოდში. საბანკო ამონაწერების მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა სატყეო სააგენტოს მიერ საწარმოს ანგარიშზე ირიცხებოდა შესაბამის პერიოდებში, ხოლო მიღებული თანხების გადარიცხვა ხდებოდა კომპანიის დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება გამოწერილი/მიღებული დოკუმენტები. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები. მომჩივნის ახსნა-განმარტებით, გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი (საწვავის შეძენა, ტექნიკის იჯარა, მუშახელის დაქირავება, მუშახელის კვება), თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ხარჯის დოკუმენტები, არ გააჩნია მძიმე ტექნიკა, საწარმოს დირექტორზე გადარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ამასთან, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საწვავის ხარჯის გაწევის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
სატყეო სააგენტოს მიერ სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისთვის ჩარიცხული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სსიპ სატყეო სააგენტოსა და მომჩივანს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა გაეწია სსიპ სატყეო სააგენტოსთვის ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურება. გადასახადის გადამხდელი მომსახურების გაწევას და მიღებაჩაბარების გაფორმებას სატყეო სააგენტოსთან ახორციელებდა ეტაპობრივად. საბანკო ამონაწერების მიხედვით, ასანაზღაურებელი თანხა სატყეო სააგენტოს მიერ კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა შესაბამის პერიოდებში, ხოლო მიღებული თანხების გადარიცხვა ხდებოდა დირექტორის პირად საბანკო ანგარიშზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ხარჯის დოკუმენტები, დირექტორზე გადარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 105(2)