გადაწყვეტილება №24623/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24623/2/2025
14 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 18.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24623/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.07.2024 წლის №22926/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წელი №077-17 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 118 931,68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 66 361
დღგ - 28 722
საშემოსავლო გადასახადი - 37 639
ჯარიმა - 33 180
საურავი - 19 390,68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა ხე-ტყის და ხის პადონების შეძენა/რეალიზაცია. კომპანია გადასახადის გადამხდელად. რეგისტრირებულია 4.12.2019 წელს, იმავე დღეს რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 4.12.2019 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია დაჯარიმებულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ასევე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არასრულყოფილი (არაერთგზის დააკორექტირა ნაშთები) აღრიცხვის მონაცემებით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 433 265 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, კომპანიას 20.07.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა.
კომპანიის მარჟა შეუდარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებს. ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №077-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.12.2023 წლის №30151 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 8.02.2024 წლის №21653/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30151 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. მომჩივანმა 25.03.2024 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა დაზუსტებული საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8378 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.07.2024 წლის №22926/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 12.04.2024 წლის №8378 ბრძანება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კერძოდ განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ხელფასის სახით გაცემულად მიჩნეული თანხის კორექტირება (შემცირება). დასკვნაში მითითებულია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისთვის, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ების ნაშთზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემებით განსაზღვრული ფასნამატი.
აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №077-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 433 265 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით, კომპანიას 20.07.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების შედეგად ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩაითვალა რეალიზებულად.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდი 1.03.2023 წლიდან გაიზარდა 1.07.2023 წლამდე, ხოლო ამ პერიოდში გადამხდელს 1.03.2023 წლამდე დაფიქსირებული ნაშთიც და შემდგომი შეძენებიც ჰქონდა გაყიდული, რისი გათვალისწინებითაც განისაზღვრა დანაკლისი. აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდის გაზრდის და რეალიზაციის გათვალისწინების გარეშე დანაკლისი გაცილებით მეტი გამოვიდოდა. გადამხდელის რეალიზაცია სრულად დოკუმენტურია, თუმცა ბუღალტრული აღრიცხვა არასრულყოფილია და გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატი. საბჭო ყურადღებას ამახვილებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებულ „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდურ მითითებაზე (№10დანართი), რომლის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია ფასნამატების სახეები და გამოყენების რიგითობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოიყენოს მომჩივნის დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემებით განსაზღვრული ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ხელფასის სახით გაცემულად მიჩნეული თანხის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის მიერ 1.03.2023 წლის მდგომარეობით მიწოდებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი 433 265 ლარი მოიცავდა ხის საძირეების 13 154 ცალის ღირებულებას 326 742,96 ლარს, დაზგა-დანადგარების ღირებულებას 49 286,93 ლარის და დამხმარე მასალების ღირებულებას 57 235,11 ლარის.
საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შემმოწმებელს უნდა გაევრცელებინა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი 433265-326742,96=106522,04 ლარზე, რაც მოიცავს დამხმარე მასალებს, რომლებიც გაიხარჯა წარმოების დროს და ძირითად საშუალებებს, ქონებას.
ნაცვლად იმისა, რომ აუდიტორს მის მიერ შედგენილი გაანგარიშების ცხრილიდან ამოეღო ხის საძირეების ღირებულება 326 742,96 ლარი (რადგანაც საბჭოზე თავად დაადასტურა და საბჭოს გადაწყვეტილებაში ასახული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდი 1.03.2023 წლიდან გაიზარდა 1.07.2023 წლამდე, ხოლო ამ პერიოდში გადამხდელს 1.03.2023 წლამდე დაფიქსირებული ნაშთიც და შემდგომი შეძენებიც ჰქონდა გაყიდული), პირდაპირ 1.03.2023 წლის მდგომარეობით არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაავრცელა კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი.
106 522,04 ლარზეც დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებაც არის უკიდურესობა, რადგანაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 20.07.2023 წელს ჩატარდა. დამხმარე მასალების და დაზგა-დანადგარების ინვენტარიზაცია არ მომხდარა, ვინაიდან ბრძანებით არც იყო გათვალისწინებული.
აუდიტორს უნდა მიეცა შეფასება 11.09.2023 წელს გაგზავნილი უწყისების შესაბამისად ნაშთად რიცხული პირობითად „დამხმარე მასალები“ განეკუთვნებოდა თუ არა მათი ღირებულებიდან გამომდინარე დამხმარე მასალების კატეგორიას, თუ ეს იყო კომპანიის ქონება, რომელსაც იყენებდა წარმოების პროცესში და საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად იყო თუ არა დაბეგვრის ობიექტი. კომპანიას იმ პერიოდში შეძენილი დაზგა-დანადგარები დღესაც გააჩნია, რომლებიც 2023 წლის ქონების დეკლარაციით აქვს დაბეგრილი.
აუდიტორი დაეყრდნო 28.02.2023 წლის მდგომარეობით არსებულ ბუღალტრულ ნაშთს იმ ვარაუდით, რომ კომპანიას 28 თებერვლის მდგომარეობით არ ექნებოდაო 433 265 ლარის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი, თანაც იმ პირობებში, როდესაც ინვენტარიზაცია ჩატარდა 20.07.2023 წელს, კამერალური საგადსახადო შემოწმების პერიოდი გაიზარდა 2023 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად ჩნდება კითხვა რა შუაშია 2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით არსებული ბუღალტრული ნაშთი, ან როგორ უნდა დაედგინა ინვენტარიზაციას კომპანიას 2023 წლის 28 თებერვალს რა სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა გააჩნდა.
ითხოვს აუდიტორს დაევალოს საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს მისი ვერსია 2023 წლის 1 მარტის, 2023 წლის 1 ივლისის და 20 ივლისის მდგომარეობით არსებული ხის საძირეების ნაშთების შესახებ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორს სრულად და ჯეროვნად არ შეუსწავლია/გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის ყველა გარემოება და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ აღასრულა სათანადოდ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 2023 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული ბუღალტრული ჩანაწერების შესაბამისად და ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 ივლისის მდგომარეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგენა არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემები, რომლის მიხედვით პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდება 433 265 ლარის თვითღირებულების (დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით, კომპანიას 20.07.2023 წლის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების შედეგად ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩაითვალა რეალიზებულად.
საბჭოს 4.07.2024 წლის №22926/2/2024 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭო ყურადღებას ამახვილებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად დამტკიცებულ „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდურ მითითებაზე (№10 დანართი), რომლის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია ფასნამატების სახეები და გამოყენების რიგითობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას გამოიყენოს მომჩივნის დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემებით განსაზღვრული ფასნამატი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ხელფასის სახით გაცემულად მიჩნეული თანხის კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ბუღალტრულად დაფიქსირებული სმფ-ების ნაშთზე გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემებით განსაზღვრული ფასნამატი. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად შემცირდა საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გამოყენებული იქნა მომჩივნის დოკუმენტური ფასნამატი და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
მომჩივანი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთს და ითხოვს ნაშთი შემცირდეს ძირითად საშუალებებად განხილული საძირეების ღირებულებით.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 4.07.2024 წლის №22926/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 4.07.2024 წლის №22926/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 4.07.2024 წლის №22926/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ხე-ტყის და ხის პადონების შეძენა/რეალიზაცია.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია დაჯარიმებულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ასევე არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არასრულყოფილი აღრიცხვის მონაცემებით უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ გააჩნდა.
კომპანიის მარჟა შეუდარდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების მონაცემებს. ნაშთებს შორის სხვაობა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასნამატით (10%-ით) ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. შემოწმებით დადგენილი შემოსავლის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 4.07.2024 წლის №22926/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)