ბრძანება N 25379

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 19.11.2025
№ დოკუმენტი 25379
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25379

19 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ------)

(მის.: -------------------)

2025 წლის 7 სექტემბრის და 29 ოქტომბრის

საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის, 30 ოქტომბრის და 6 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №85, №90 და №92) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ------) 2025 წლის 7 სექტემბრის №--/1/2025 და 29 ოქტომბრის №--/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №001-184 საგადასახადო მოთხოვნასთან და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 5 სექტემბრის №011-2025--- ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტისთვის მის მიერ განხორციელდება დოკუმენტების სრულად მიწოდება, რაც უზრუნველყოფს დარიცხული გადასახადის შემცირებას გადაანგარიშების გზით. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ მისი გაანგარიშებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაა 1 699 652 ლარი (მ.შ. ტენდერების ფარგლებში გაწეული მომსახურება 1 495 420 ლარის ღირებულების, ხოლო ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული მომსახურება 204 232 ლარის), დეკლარირებული თანხა - 1 158 940,4 ლარი, სხვაობა - 540 711,6 ლარი. შემოწმებით დღგ დარიცხულია 85 093,61 ლარი, ხოლო შემოწმებით არასწორად დარიცხული დღგ-ის თანხა შეადგენს 2 612,17 ლარს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის გაანგარიშებას, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. განმარტავს, რომ გააჩნია ბუღალტრული პროგრამა. ასევე აცხადებს, რომ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვს სესხი 2022-2023 წლებში სულ 95 000 ლარის ოდენობით. გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ზემოაღნიშნული სესხის თანხის გათვალისწინებას და ასევე №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას.

ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №9775 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „---“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №17904 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-184 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 275 465 ლარი, მათ შორის, გადასახადი 152 516 ლარი, ჯარიმა 85 508 ლარი და საურავი 37 442 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს 6 ტენდერი,---ს, --ს, ---ს და --ს რაიონებში, ასევე, --ს შენობის გადახურვის ტენდერი. შემოწმების პროცეში გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა მოწოდებული დოკუმენტაცია, რის გამოც დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული აქვს 982 153 ლარის დასაბეგრი თანხა. შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბანკებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავება და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, პირს ტენდერების ფარგლებში გაწეული აქვს 1 512 539 ლარის ღირებულების მომსახურება, ასევე, ---ს რაიონში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებთ, ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული აქვს 204 232 ლარის მომსახურება, რომლებიც პირს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების მიერ გამოყვანილ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა (გაეზარდა დასაბეგრი ბაზა) მიღებული შემოსავალი. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. პირს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს --- მაშტაბით სატენდერო მომსახურება, საიდანაც სრულად აქვს მიღებული შემოსავალი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, ფულის ნაშთის გამოთვლა განხორციელდა შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით, კერძოდ, შემოსავალში აღებულია სატენდერო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ასევე, ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა, ხოლო ხარჯებში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე, გადახდილი ხელფასები და გაცემული დივიდენდები, რის შემდეგაც გამოთვლილია ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №001-184 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 5 სექტემბრის №011-2025--- ბრძანებასთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 9 ოქტომბერს --:-- საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 30 ოქტომბერს --:-- საათზე, რომელსაც დაესწრო გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი. საქმის ხელახალი განხილვა ჩაინიშნა 2025 წლის 6 ნოემბერს --:-- საათზე მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა განხილვაზე.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული აქვს 982 153 ლარის დასაბეგრი თანხა. ამასთან, გადამხდელს ტენდერების ფარგლებში გაწეული აქვს 1 495 420 ლარის ღირებულების მომსახურება, ასევე, --ს რაიონში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებთ, ტენდერში მონაწილეობის გარეშე გაწეული აქვს 204 232 ლარის მომსახურება, რომლებიც პირს სრულად არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და ასევე მიუთითებს ტექნიკურ ხარვეზზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის ფაქტობრივი გარემოების აღწერისას მოხდა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ტენდერის ფარგლებში გაწეული მომსახურებების ჯამში მითითებულია 1 495 420 ლარი, ნაცვლად 1 512 539 ლარისა. ამასთან, გაანგარიშების ცხრილებში და დარიცხულ გადასახადში მითითებული რიცხვები კი სწორია.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმებით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, დივიდენდი, შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხები, დაზღვევა, ექსპერტიზასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, სესხზე გადახდილი თანხები და საპროცენტო ხარჯები, პირგასამტეხლოები, საწვავის ხარჯი, საგარანტიო თანხები და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიოები.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში მიეცა შესაძლებლობა დამატებით წარმოედგინა ინფორმაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მომჩივნის მიერ არ განხორციელდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 5 სექტემბრის №011-2025--- ბრძანებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „---“-ის (ს/ნ ------) 2025 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება გადასახადის სახით - 6 355,79 ლარი, ჯარიმა - 0 ლარი, საურავი - 63,56 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 277 208,51 ლარი, ზედმეტობა - 0 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 5 სექტემბერს გამოიცა №011-2025--- ბრძანება შპს „---“-ის (ს/ნ ------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (6 419,35 ლარზე). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge), 2025 წლის 5 სექტემბერს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 6 სექტემბერს.

2025 წლის 5 სექტემბრის №011-2025--- საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან 2025 წლის 9 სექტემბერს ჩამოწერილ იქნა 6 419,35 ლარი.

აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების შეცვლის გამო დაკორექტირდა გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები და 2025 წლის 10 სექტემბერს გამოცემულ იქნა კორექტირებული საინკასო დავალება №011-2025--- (15,89 ლარზე). კორექტირებული №011-2025- -- საინკასო დავალების საფუძველზე, საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 15,89 ლარი, რომლითაც შესრულებულ იქნა გადამხდელის ბარათზე წარდგენილი საინკასო დავალებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 10 სექტემბერს გამოცემულ იქნა №021-2025--- ბრძანება, რომლითაც გაუქმდა შპს „---“-ის (ს/ნ ------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აგვისტოს №001- 184 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „---“-ის (ს/ნ ------) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2025 წლის 5 სექტემბრის №011-2025- --- ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით დაბეგვრას და ფულის ნაშთის გაანგარიშებას, რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.ითხოვს საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9775 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №17904 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №001-184 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 275 465 ლარი, მათ შორის, გადასახადი 152 516 ლარი, ჯარიმა 85 508 ლარი და საურავი 37 442 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების პროცეში გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა მოწოდებული დოკუმენტაცია, რის გამოც დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული აქვს 982 153 ლარის დასაბეგრი თანხა. შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბანკებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავება და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დასაბეგრი ბრუნვა. . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 , 163-ე და 164-ე მუხლების და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების მიერ გამოყვანილ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა (გაეზარდა დასაბეგრი ბაზა) მიღებული შემოსავალი. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე,პირს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული აქვს სატენდერო მომსახურება, საიდანაც სრულად აქვს მიღებული შემოსავალი. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, ფულის ნაშთის გამოთვლა განხორციელდა შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით, კერძოდ, შემოსავალში აღებულია სატენდერო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ასევე, ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხა, ხოლო ხარჯებში გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე, გადახდილი ხელფასები და გაცემული დივიდენდები, რის შემდეგაც გამოთვლილია ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

აუდიტის დეპარტამენტის №001-184 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანების ნაწილში სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 ,,ა“ .2„ა“ და „ბ“); 159(1 „ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1);