გადაწყვეტილება №26759/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26759/2/2026
25 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 27.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26759/2/2026).
დავის საგანი:
1. ფულის ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის ხელფასად კვალიფიკაცია;
2. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული დანაკლისის ოდენობა და დაკისრებული ჯარიმა;
3. სანქციისაგან (ჯარიმა) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2025 წლის №127-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.02.2026 წლის №2805 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 135 744.58 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 61 539.96
დღგ - 390.16
საშემოსავლო გადასახადი - 61 149.8
ჯარიმა - 64 668.9
საურავი - 9 535.72
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და მცირე საოჯახო ტექნიკის რეალიზაცია ქალაქ --- და -------.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 18.02.2025-ის ჩათვლით, ხოლო ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 19.05.2025-ის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2.12.2025 წლის №26459 ბრძანება და №127-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.02.2026 წლის №2805 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ხელფასად დაკვალიფიცირებული ფულის ნაშთის ოდენობის, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 9.02.2026 წლის №2805 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფულის ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის ხელფასად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა (ორისი), საბანკო ანგარიშების ამონაწერი, შედარების აქტები და სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალაროს ინვენტარიზაციის თარიღისთვის, სალაროში ბუღალტრული ნაშთი შეადგენს - 238 199 ლარს. კერძოდ, 1110 ანგარიშზე - 98 199 ლარი, ხოლო 1430 ანგარიშზე - 140 000 ლარი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად, 2025 წლის 18 თებერვალს საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, ჩაბარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ბრძანება. ასევე, 2025 წლის 18 თებერვალს წარდგენილია სალაროს ადგილმდებარეობის და პასუხისმგებელი პირების შესახებ ახსნა-განმარტება. 2025 წლის 18 თებერვალს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი (1300 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101- ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალაროს ინვენტარიზაციის თარიღისთვის, სალაროში ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 238 199 ლარს, ხოლო ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად, 2025 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს არსებულ სალაროებში ნაღდი ფულის ნაშთი განესაზღვრა 1300 ლარი, რაზეც შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი. შემოწმებით, ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად, 2025 წლის 18 თებერვალს საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, ------ს (პ/ნ ------) ჩაბარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ბრძანება. ასევე, 2025 წლის 18 თებერვალს წარდგენილია სალაროს ადგილმდებარეობის და პასუხისმგებელი პირების შესახებ ახსნა-განმარტება, სადაც გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულია სალარო მისამართით - --ი, ------ის ქუჩა, --- ---/-. 2025 წლის 18 თებერვალს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 1300 ლარს, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა შემოწმებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ბრძანების შესაბამისად, ფულის ნაშთი გაანგარიშდა 18.02.2025 მდგომარეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეთოდური მითითების თანახმად, გონივრულ ნაშთად ითვლება ინვენტარიზაციით დადგენილი ნაშთის ოდენობა. კრედიტორული დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, შემმოწმებელი მიუთითებს, რომ შემოწმება მიმდინარეობდა 10.02.2025-დან 01.12.2025 პერიოდის განმავლობაში, აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ იქნა გამოთხოვილი დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა 28 000 ლარის კრედიტორული დავალიანების დაფარვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, არც დოკუმენტაცია დამატებით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, შემოწმების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი განცხადება ფულის ნაშთის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულ არგუმენტებთან მიმართებით, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია/პოზიცია დაუსაბუთებელია, მათ შორის დოკუმენტურად არ დასტურდება, ამდენად, მისი გათვალისწინება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის ოდენობას, რაც განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტორს სალაროში არსებული ფულის ნაშთი გაანგარიშებული აქვს 2025 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, ხოლო დადგენილი თანხა დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით 2025 წლის იანვრის თვეში, შესაბამისად, თებერვლის თვეში დამატებით დადგენილი ფულის ნაშთის 2025 წლის იანვრის თვეში დაბეგვრა არაკანონიერია. აცხადებს, რომ ფულის ნაშთი უნდა გაანგარიშდეს 31.12.2024 წლის მდგომარეობით, უკიდურეს შემთხვევაში 31.01.2025 წლის მდგომარეობით, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები აღნიშნულ ნაწილში საჭიროებს კორექტირებას.
გადასახადის გადამხდელის აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ხელფასად განხილული ფულის ნაშთი (ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა) გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის განხორციელების თარიღის - 2025 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, რომელიც 2025 წლის 31 იანვრის სავადო თარიღისთვის ჩათვლილ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის ოდენობის ხელფასად განხილვის, მათ შორის გადასახადით დაბეგვრის პერიოდის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ხელფასად დაკვალიფიცირებული ფულის ნაშთის ოდენობის, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების აქტის შედეგებს (საკითხი №3, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (საკითხი №1). მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას აუდიტორის მიერ არ არის გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. შემოწმების შედეგად აუდიტორს სალაროში არსებული ფულის ნაშთი გაანგარიშებული აქვს 18.02.2025წ მდგომარეობით (აქტის საკითხში აღნიშნულია სალაროს ინვენტარიზაციის თარიღისთვის სალაროში ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 238 199 ლარს. კერძოდ, 1110 ანგარიშზე - 98 199 ლარი, ხოლო 1430 ანგარიშზე-140 000 ლარი), ხოლო დადგენილი თანხა დაბეგრილი აქვს საშემოსავლო გადასახადით 2025 წლის იანვრის თვეში (დასტურდება ბარათზე დარიცხვით წარმოდგენილი ამონაკრებით სადაც საშემოსავლოს დარიცხვის პერიოდია 31.01.2025), შესაბამისად თებერვლის თვეში დამატებით დადგენილი ფულის ნაშთის 2025 წლის იანვრის თვეში დაბეგვრა არაკანონიერია, ფულის ნაშთი უნდა გაანგარიშდეს 31.12.2024წ მდგომარეობით, უარეს შემთხვევაში 31.01.2025 მდგომარეობით, შესაბამისად აქტის შედეგები აღნიშნულ ნაწილში საჭიროებს კორექტირებას, ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმოს აქვს მაღაზია -------ში რომლის ფულის ნაშთის დათვლაც არ მოხდარა.
2. ასევე ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას (როგორც ზემოთ აღნიშნა ნაშთი უნდა გაანგარიშდეს 31.12.2024 წლის მდომარეობით) აუდიტორის მიერ არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად დადგენილი საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის 10%, ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია ჩატარდა 18.02.2025წ რადგან ფულის ნაშთი უნდა გაანგარიშდეს 31.12.2024 ან 31.01.2025-ში გასათვალისწინებელია მეთოდური მითითებით დადგენილი საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის 10%.
3. შესამოწმებელ პერიოდში გასტუმრებულია კრედიტორული დავალიანება დაახლოებით 28 000 ლარი, რაც არაა ასახული ბუღალტრულ პროგრამაში, საჩივარს ახლავს შესაბამისი შედარების აქტი, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილშიც დასაკორექტირებელია ფულის ნაშთი და აქტის შედეგები.
4. ფულის ნაშთის და დანაკლისის გაანგარიშებაზე გავლენას ახდენს 2025 წლის თებერვალში არასწორად ამოწერილი საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი, საჩივარს ახლავს 2025 წლის თებერვლის თვეში წარმოდგენილი განცხადება.
5. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ იკითხება დარჩენილი ფულის ნაშთი უნდა დაიბეგროს თუ არა მოგების გადასახადით, როგორც დივიდენდი, შესაბამისად არ ეთანხმება ფულის ნაშთის კვალიფიკაციას (დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას), გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი დასაბეგრი ფულის ნაშთი უნდა დაიბეგროს როგორც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი.
6. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით აუდიტორს არ დაევალა მეთოდური მითითების შესაბამისად დადგენილი საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის 10%-ს გათვალისწინება რაც დამატებით იწვევს დადგენილი ფულის ნაშთის შემცირებას.
7. საწარმო საქმიანობას ახორციელებს დისტრიბუციის საშუალებით რისთვისაც საჭიროა საწვავი, 2022-2023 წლებში არ ახდენდა საწვავის დოკუმენტებით შეძენას შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით მათ შორის 2024 წელს შეძენილი საწვავის პროპორციით შესაძლებელია ფულის ნაშთის გაანგარიშებაში საწვავის ხარჯის გაანგარიშება,მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული საკითხის შესწავლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალაროს ინვენტარიზაციის თარიღისთვის, სალაროში ბუღალტრული ნაშთი შეადგენს - 238 199 ლარს. კერძოდ, 1110 ანგარიშზე - 98 199 ლარი, ხოლო 1430 ანგარიშზე - 140 000 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად, 2025 წლის 18 თებერვალს საწარმოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, ------ს (პ/ნ -----) ჩაბარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ბრძანება. ასევე, 2025 წლის 18 თებერვალს წარდგენილია სალაროს ადგილმდებარეობის და პასუხისმგებელი პირების შესახებ ახსნა-განმარტება. 2025 წლის 18 თებერვალს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არსებულ სალაროებში ნაღდი ფულის ნაშთი განესაზღვრა 1300 ლარი, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა შემოწმებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის 9.02.2026 წლის №2805 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და მისი მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ხელფასად დაკვალიფიცირებული ფულის ნაშთის ოდენობის, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანმა შემოწმებისას 2-ჯერ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, სრულად დაეყრდნო მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ამიტომაც საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის არ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, ფულის ნაშთის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულია მეთოდური მითითების შესაბამისად დადგენილი საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის 10%. კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის, ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არსებულ სალაროებში ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა 1300 ლარს, რაზეც არსებობს შესაბამისი პირის ახსნა-განმარტება და შედეგების განსაზღვრის ოქმი, გადასახადის გადამხდელს არ დაუფიქსირებია, რომ სხვა ფულიც ჰქონდა, არ მოუთხოვია სხვა ადგილზე სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ინვენტარიზაციის ჩატარება.
საბჭო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო წარმოედგინა სათანადო, გამაბათილებელი და საპირწონე არგუმენტები ან დამატებითი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი გახდებოდა და შეცვლიდა შემოსავლების სამსახურის 9.02.2026 წლის №2805 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 9.02.2026 წლის №2805 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 9.02.2026 წლის №2805 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა და დაკისრებული ჯარიმა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 19 მაისის მდგომარეობით საწარმოს სასაწყობე ფართებში განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფ-ების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხორციელდა ფაქტობრივად აღრიცხული და ბუღალტრულ პროგრამაში (წარდგენილი) ასახული სმფ-ების შედარება. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილი აქვს იმაზე მეტი რაოდენობის საქონელი ვიდრე ფიქსირდება რეალიზაციის ანგარიშებზე და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შესწავლის შედეგად დადგინდა სმფ-ების დანაკლისი - 340 513 ლარის ოდენობით.
შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია გამოვლენილი დანაკლისი დაბეგროს საგადასახადო კოდექსის 983 , 159- ე და 160-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურმა ყურადღებას გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2025 წლის 19 მაისის მდგომარეობით საწარმოს სასაწყობე ფართებში შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფ-ების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხორციელდა ფაქტობრივად აღრიცხული და ბუღალტრულ პროგრამაში (წარდგენილი) ასახული სმფ-ების შედარება. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში 2025 წლის იანვრის თვეში ჩამოწერილი აქვს იმაზე მეტი რაოდენობის საქონელი ვიდრე ფიქსირდება რეალიზაციის ანგარიშებზე და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შემოწმებით აღნიშნულ ჩამოწერაზე გათვალისწინებულია უახლოესი პერიოდის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული/დეკლარირებული ფასნამატი. ასევე, დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილ პოზიციასთან, ჩამოწერილი სმფ-ების 2022 წლამდე პერიოდში რეალიზაციასთან და აღნიშნული ოპერაციის გატარებით ბუღალტრულ პროგრამაში ნაშთების გასწორებასთან მიმართებით, შემმოწმებელი მიუთითებს, რომ შემოწმების დროს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ან რაიმე სხვა მტკიცებულება/დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. ასევე, შემოწმებით არ არის გამოყენებული სანქციები საქონლის სახეობებზე, რომლებზეც 2%-ზე ნაკლები დანაკლისი დადგინდა. ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა სმფ-ების დანაკლისი - 340 513 ლარის ოდენობით, რომელიც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის განსაზღვრა და მასზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დანაკლისის გაანგარიშებისას აუდიტორის მიერ არ არის გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აქტში აღნიშნულია საქონლის ჩამოწერაზე, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ შემოწმების დანიშვნის შემდეგ დაიწყოს საქონლის ნაშთის გასწორება და ძველი ჩამოწერების გატარება საქონლის ფაქტობრივი და ბუღალტრული ნაშთების გასწორების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში ასევე ჩამოწერილია 2022 წლამდე რეალიზებული საქონელი, შესაბამისად ვინაიდან აუდიტორის გაანგარიშებით და განმარტებით დანაკლისი გამოიწვია ჩამოწერილმა საქონელზე შესაბამისად 2022 წლამდე რეალიზებული და ჩამოწერილი საქონლის რაოდენობით უნდა დაკორექტირდეს დანაკლისის რაოდენობა, ასევე საქონლის სახეობების მიხედვით 2% ნაკლებ რაოდენობაზე არ უნდა გავრცელდეს 10% ჯარიმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
2. არ ეთანხმება ფასნამტის გაანგარიშებას ვინაიდან ინვენტარიზაციის დანართში მითითებულია საქონლის სარეალიზაციო ფასები შესაბამისად დანაკლისი უნდა გაანგარიშებულიყო ფაქტობრივი აღწერის მასალებში მითითებული ფასებით და არა ფასნამატით, მუშაობს შესაბამის ცხრილზე და წარმოადგენს დავის განხილვისას ან მანამდე.
3. არ ეთანხმება დანაკლისის გაანგარიშების ფასნამატის ოდენობას.
4. მისი აღრიცხვით (ბუღალტრული პროგრამით) დანაკლისის ფაქტობრივი რაოდენობა რასაც ეთანხმება დაახლოებით შეადგენს 30 000 ლარს (საბაზრო ღირებულება), რასაც აღიარებს მიწოდებად, როგორც დღგ-ში, ასევე მოგების გადასახადში.
5. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული რატომ იქნა გამოყენებული ფასნამატი და არა სარეალიზაციო ფასები.
6. ჩამოწერილი სმფ-ების 2022 წლამდე პერიოდში რეალიზაციასთან და აღნიშნული ოპერაციის გატარებით ბუღალტრულ პროგრამაში ნაშთების გასწორებასთან მიმართებით დამატებით მუშაობს და წარმოადგენს შესაბამის ბუღალტრულ ჩანაწერებს.
7. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნული, რომ შემოწმებით არ არის გამოყენებული სანქციები საქონლის სახეობებზე, რომლებზეც 2%-ზე ნაკლები დანაკლისი დადგინდა. მაგრამ აუდიტორის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით დანაკლისის თვითღირებულებაზე სრულად არის გავრცელებული ფასნამატი, შესაბამისად აღნიშნული ფაქტიც არ შეესაბამება სინამდვილეს და გადასაანგარიშებელია, ვინაიდან აუდიტორის მიერ არ მომხდარა საქონლის სახეობების მიხედვით დანაკლისის გამოყვანა.
8. ასევე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, აღნიშნულის წარმოსადგენად შემოსავლების სამსახურს უნდა მიეცა შესაბამისი ვადები, რასაც დადგენილ ვადებში წარმოადგენდა, დოკუმენტების ნაწილი წარმოდგენილია საჩივართან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
დადგენილია, რომ საწარმოს სასაწყობე ფართებში განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მონაცემების დამუშავების და საბოლოო შედეგების დათვლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხორციელდა ფაქტობრივად აღრიცხული და ბუღალტრულ პროგრამაში (წარდგენილი) ასახული სმფ-ების შედარება. აღნიშნულის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილი აქვს იმაზე მეტი რაოდენობის საქონელი ვიდრე ფიქსირდება რეალიზაციის ანგარიშებზე და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. შესწავლის შედეგად დადგინდა სმფ-ების დანაკლისი - 340 513 ლარის ოდენობით. გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა დაჯარიმებას საბაზრო ღირებულების 10%- ის ოდენობით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2025 წლის 19 მაისის მდგომარეობით საწარმოს სასაწყობე ფართებში განხორციელდა საკუთრებაში არსებული სმფ-ების ინვენტარიზაცია. მომჩივანმა 2025 წლის იანვრის თვეში ერთიანად ჩამოწერა საკმაოდ დიდი რაოდენობის და ღირებულების საქონელი, რაც თავის დროზე რეალიზაციაში არ დაუფიქსირებია და რომ არ დარჩენოდა ნაშთი, ბუღალტრული აღრიცხვა მოიყვანა წესრიგში. საქონლის სახეობებზე, რომლებზეც 2%-ზე ნაკლები დანაკლისი დადგინდა ჯარიმის დაკისრება არ მომხდარა. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გაანგარიშებისას თავისივე დოკუმენტური ფასნამატი იქნა გამოყენებული.
საბჭო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო წარმოედგინა სათანადო, გამაბათილებელი და საპირწონე არგუმენტები ან დამატებითი შესაბამისი მტკიცებულება, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტების, შემოწმებისას, ზემოთ დასახელებული დადგენილი გარემოებების, შედეგების შეცვლის და შემოწმების აქტით დაკისრებული ჯარიმის შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი ჯარიმის დაკისრება განხორციელებულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სანქციისაგან (ჯარიმა) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2025 წლის №127-30 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 64 668.9 ლარი და საურავი - 9 535.72 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის არ გამოყენების საფუძვლები, 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდში საწარმოს ბიუჯეტში გადახდილი აქვს 486 783 ლარი, დაბრუნებული აქვს მხოლოდ 29 420 ლარი, გაცემული აქვს 160 594 ლარის ხელფასის და სხვა განაცემები, კომპანიის მიზანი არაა გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს შემცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფულის ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის ხელფასად კვალიფიკაცია;
2. საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული დანაკლისის ოდენობა და დაკისრებული ჯარიმა;
3. სანქციისაგან (ჯარიმა) გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 18.02.2025-ის ჩათვლით, ხოლო ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 19.05.2025-ის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №26459 ბრძანება და №127-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №2805 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ხელფასად დაკვალიფიცირებული ფულის ნაშთის ოდენობის, ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №2805 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ფულის ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილში შემოსავლების სამსახურის №2805 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ხოლო,საგადასახადო შემოწმებისას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი ჯარიმის დაკისრება განხორციელებულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 „ა“); 269(7); 286(9);