ბრძანება N 10930

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 10930
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10930

17.05.2023

შპს „---------“-ის (ს/ნ ---------)

(მის.: ------------)

2023 წლის 28 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ --------) №73463/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №EL207841 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, კომპანიას საქონელი (-------) შემოაქვს აზერბაიჯანიდან. 2023 წლის 21 აპრილს ელექტრონულად მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გადააგზავნეს განაცხადი წინასწარი დეკლარირებისთვის, რაზეც დარეგისტრირდა №C33293 საბაჟო დეკლარაცია. აღმოჩნდა, რომ პარტნიორებისგან მიიღეს ორი სხვადასხვა ინვოისი, პროფორმა 63,50 აშშ დოლარით ერთ ტონაზე და ფაქტობრივი ინვოისი ძველი ფასით 60 აშშ დოლარი. საბაჟო დეკლარაცია შეირჩა წითელ დერეფანში და შემოწმების შედეგების გათვალისწინებით კომპანია დაჯარიმდა. მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ქონია ადგილი გადასახადების დამალვას და მოხდა მექანიკური შეცდომა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 22 აპრილს, ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტაციის (განცხადების №ID - --------) საფუძველზე, „eGez”-ის მიერ შევსებული №------- საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული იქნა შპს „--------“-ის კუთვნილი 10 რკინიგზის ვაგონი -------- (683 600კგ). აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის დათვალიერება. შედეგად დადგინდა, რომ №ID–----- განცხადებით შპს „--------“-ის მიერ ატვირთული იყო 2 ინვოისი (პროფორმა და ფაქტობრივი), რომლებშიც --------ის ერთეული ტონის სხვადასხვა ფასი იყო მითითებული. ამასთან, საბაჟო დეკლარაცია შევსებული იყო ფაქტიური ინვოისის საფუძველზე, ხოლო პროფორმა ინვოისის საფუძველზე გაცემული წარმოშობის სერთიფიკატით საქონელზე გავრცელებული იყო პრეფერენცია.

შპს „---------“-ის მიერ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქონლის საბაჟო ღირებულება ერთ ტონაზე უნდა ყოფილიყო 63.5 აშშ დოლარი, ნაცვლად დეკლარირებული 60 აშშ დოლარისა. აღნიშნულმა კი გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 1 081,19 ლარით.

ვინაიდან, შპს „-------“-ის მიერ ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 2023 წლის 28 აპრილს შედგენილი №EL207841 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „----------“-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 081.19 ლარის ოდენობით.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი შპს „--------“-ის დირექტორს ჩაჰბარდა ხელზე, რაც დასტურდება შესაბამის გრაფაში ხელმოწერით.

№--------- საბაჟო დეკლარაციაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც დამატებული ღირებულების გადასახადი, ნაცვლად 18 534.72 ლარისა, განისაზღვრა 19 615.91 ლარის ოდენობით. საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილის, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორის ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, „eGez”-ის მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული იქნა კომპანიის კუთვნილი საქონელი. აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, ასევე საქონლის დათვალიერება. შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ ატვირთული იყო 2 ინვოისი (პროფორმა და ფაქტობრივი), რომლებშიც საქონლის ერთეული ტონის სხვადასხვა ფასი იყო მითითებული. ამასთან, საბაჟო დეკლარაცია შევსებული იყო ფაქტიური ინვოისის საფუძველზე, ხოლო პროფორმა ინვოისის საფუძველზე გაცემული წარმოშობის სერთიფიკატით საქონელზე გავრცელებული იყო პრეფერენცია. აღნიშნულმა კი გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13, 70(1), 163(1), 167(1).