გადაწყვეტილება №25445/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 25445/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25445/2/2025

12 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 11.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25445/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №068-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13442 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 183 831.79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 91 935

დღგ - 51 747

ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) - 144

საშემოსავლო გადასახადი - 39 657

ქონების გადასახადი - 387

ჯარიმა - 57 994

საურავი - 33 902.79

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სიგარეტებით, სასმელებით და სხვა შერეული პროდუქტებით (საქმიანობის ადგილი: ქარელის რ-ნი, სოფ. ქვემო ხვედურეთი).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.10.2023 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:

1.გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას სრულად ახორციელებს ადგილობრივად. ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები, რეალიზაციის 99% არის დოკუმენტის გარეშე. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3-2%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის N23055 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც ამავე წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი 64 923 ლარს შეადგენს.

გადასახადის გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით სმფ-ის სახეობების მიხედვით, ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილს შორის.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი (2020-2021 წ.წ. გავრცელდა სხვა აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2022-2023 წ.წ. სმფ-ის ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი) და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი.

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების მიხედვით. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. მომჩივანი სადავოდ ხდიდა ბანკიდან მიღებული სესხის პროცენტის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობის საკითხს, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში არ იყო ასახული.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 14.12.2023 წლის №31612 ბრძანება და 15.12.2023 წლის №068-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 12.07.2024 წლის №22285/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.01.2024 წლის №739 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24301/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №7135 ბრძანება და №068-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13442 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 12 ივნისს, 11:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში წარმოებული გაანგარიშების ცხრილები გაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან, თუმცა რაიმე შეცდომის აღმოჩენა აღნიშნულ ცხრილებში არ მომხდარა. აგრეთვე, გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივანმა შემოწმებას წარუდგინა მხოლოდ ცხრილი, რომელშიც ასახული მონაცემების წარმოშობის შესწავლა და გადამხდელთან ერთად გავლა ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით განხორციელდა წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის დამატებით შესწავლა/ანალიზი, თუმცა დამატებითი დროის მიცემის მიუხედავად, გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.

გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ნოემბრის №23869 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ იქნა ერთობლივი შემოსავალი, რის შედეგადაც გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა დღგ და ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადი, სანქციის თანხასთან ერთად. აღნიშნულ პროცესში შემმოწმებლების მიერ დაშვებულ იქნა მთელი რიგი შეცდომები.

შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდს, შემმოწმებლების მიერ დაშვებული მთავარი შეცდომა ის არის, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის სრულად (ჯამურად) გაანგარიშებული შემოსავლები პროპორციულად გადანაწილებულ იქნა 2020-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში, მაშინ როცა შეძენილი საქონელი პირდაპირ წლების ჭრილში იქნა დეკლარაციაში ასახული, ამან გამოიწვია ფასნამატების ზრდა საშემოსავლო გადასახადების მიზნებისთვის. მართალია შემმოწმებლებს არ მიუკუთვნებიათ 2023 წლის შემოსავლები 2020-2022 წლების საშემოსავლო დეკლარაციებისთვის, მაგრამ პროპორციულმა გადანაწილებამ გამოიწვია შემოსავლებისა და შესყიდული საქონლის (ხარჯების) პერიოდების არევა, ვინაიდან შესყიდული საქონელი პირდაპირ აღებულია წლების მონაცემებიდან, ხოლო შემოსავალი გადანაწილებულია პროპორციულად. აღნიშნულ ფაქტზე მეტყველებს ისიც, რომ შემმოწმებლის მიერ გაგზავნილ გაანგარიშების ცხრილში 2020 და 2021 წლის ფასნამატები შეადგენს 17 %-ს მაშინ, როცა აქტში მოცემული წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ფასნამატები შესაბამის წლებზე გაცილებით მეტია და შესაბამისი წლების მიხედვით 2020 და 2021 წლებში შეადგენს 23.9 %-ს და 20 %-ს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი (აუდიტორი) დავაზე აღნიშნავდა, რომ მის გაანგარიშების ცხრილსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის ფასნამატებს შორის სხვაობა გამოწვეული იყო მომსახურების კომპონენტით, მის მიერ გავლილ იქნა მომსახურების თანხები, რომლებიც 2020, 2021 და 2022 წლებში შესაბამისად შეადგენს 3 483,4 181 და 2 834 ლარს, შესაბამისად წარმოუდგენელია აღნიშნულ თანხებს წარმოეშო ფასნამატში აღნიშნული სხვაობა. გარდა ამისა წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტის ფრაგმენტს, რომლის მიხედვითაც 2020, 2021 და 2022 წლებში დარიცხული აქვს 7 107 ლარი, 7 326 ლარი და 12 612 ლარი და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ აუდიტორმა ვალდებულებების დათვლა მოახდინა ნაჩქარევად, ვინაიდან მისივე ცხრილებით, აღნიშნული პერიოდის ფასნამატები და საქონლის შესყიდვები თითქმის იდენტურია, შესაბამისად წარმოუდგენელია გადასახადების დარიცხვაში წარმოშობილი სხვაობა იყოს ადეკვატური. დანართად ასევე წარმოადგენს აუდიტის დეპარტამენტისთვის გადაანგარიშების ეტაპზე გაგზავნილ ცხრილს და მიმოწერას, სადაც როგორც საქონლის შეძენის, ასევე ფასნამატის მონაცემები აღებულია აუდიტის დეპარტამენტისვე მოცემული გაანგარიშებებიდან და ყველაფერი არის ფორმულების ფორმატში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქონლის ერთსა და იმავე კატეგორიებზე სხვა და სხვა წლებში გავრცელებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფასნამატი განსაზღვრულია არასწორად. გარდა ამისა, ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გავრცელებულია არაადეკვატურად მაღალი ფასნამატები, მაგალითად კატეგორიაზე „სოუსები“ გავრცელებულია 62%-იანი ფასნამატი, ხოლო კატეგორიაზე ,,სხვა“ გავრცელებულია 49%-იანი ფასნამატი, მაშინ როცა წლების მიხედვით საშუალო ფასნამატები გაცილებით ნაკლებია, შემმოწმებელს გაუშიფრავ კატეგორიაზე უნდა გაევრცელებინა მთლიანი საშუალო ფასნამატი.

ამასთან, შემმოწმებლების მიერ გაგზავნილ გაანგარიშების ცხრილებში მონაცემები მოცემულია ფორმულების გარეშე, შესაბამისად გაუგებარი რის მიხედვით არის გაანგარიშებული არსებული მაჩვენებლები. გარდა ამისა წარდგენილი ცხრილი არის საერთოდ გაუგებარი, მოუწესრიგებელი და არა აღქმადი ნებისმიერი მკითხველისთვის. კიდევ ერთი გარემოება რაც მინიშნებს იმაზე, რომ აუდიტი ჩატარებულია ზედაპირულად და გაანგარიშებული გადასახადები არასწორია, არის ის, რომ არცერთი წარდგენილი ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. კერძოდ, შემმოწმებლის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილებში ასახული მაჩვენებლები არ არის შესაბამისობაში აქტში ასახულ იგივე მაჩვენებლებთან და თავის მხრივ, აქტში დარიცხული გადასახადები განსხვავდება ასევე აქტში წარდგენილი დანართების იგივე მაჩვენებლებისგან. ზოგიერთი დანართი კი, მაგალითად 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დანართი საერთოდ არ არის თანდართული აქტზე. აღნიშნული შეცდომები და უზუსტობები, მიუთითებს კვლავ იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ გულგრილი დამოკიდებულებითა და ზედაპირული მიდგომით არის შემოწმება ჩატარებული, რამაც გამოიწვია გადასახადებისა და სანქციის თანხების არასწორად დარიცხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება განსაზღვრულ ფასნამატს და მოითხოვს ხარჯებისა და შემოსავლების უშუალოდ წლების მიხედვით გადანაწილებას, ვინაიდან არამართებულად მიაჩნია დღგ-ის მიზნებისთვის დათვლილი შემოსავლების საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის 2020-2022 წლებზე პროპორციული გადანაწილება, მაშინ როცა ხარჯები (შეძენილი საქონელი) მიკუთვნებულია წლებზე კონკრეტული წლის შეძენების მიხედვით. ასევე თვლის, რომ ფასნამატების გაანგარიშება კატეგორიების მიხედვით თავიდან არის დასამუშავებელი და ზემოხსენებული შეცდომები,რაც არ არის მის მიერ გამოვლენილი შეცდომებისა და ხარვეზების სრული ჩამონათვალი, უნდა დაექვემდებაროს დამატებით სიღრმისეულად შესწავლას და შესაბამისად გასწორებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადასახადის გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ასევე, ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლის გაზრდა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ დავის წარმოების პროცესში წარდგენილი) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი აცხადებდა, რომ გამოყენებული იყო არაადეკვატურად მაღალი ფასნამატი და ასევე არასწორი იყო შემოსავლის დათვლის გაანგარიშებები, თუმცა მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია ფასნამატის ან ფულის მოძრაობის გაანგარიშების მეთოდის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმების პროცესში წარმოებული გაანგარიშებები გაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან, თუმცა რაიმე შეცდომის აღმოჩენა აღნიშნულ ცხრილებში არ მომხდარა. გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივანმა წარადგინა მხოლოდ ცხრილი, რომელშიც ასახული მონაცემების წარმოშობის შესწავლა და გადამხდელთან ერთად გავლა ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით განხორციელდა წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის დამატებით შესწავლა/ანალიზი, დამატებითი დროის მიცემის მიუხედავად გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. ამდენად, ზემოაღნიშნულ სადავო საკითხის ნაწილში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს წინასწარ ეცნობა და მიეცა შესაძლებლობა საჩივრის ზეპირ განხილვაში მიეღო მონაწილეობა. უშუალოდ საჩივრის განხილვის დაწყებამდე, სატელეფონო საშუალებით გამართული კომუნიკაციის შედეგად, მას არ მოუთხოვია საჩივრის განხილვის გადადება და თანხმობა განაცხადა საჩივრის მის გარეშე განხილვაზე.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს შემცირდეს თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას და რეალიზაციას სრულად ახორციელებს ადგილობრივად. ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ ხორციელდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სმფ-ის ჩამოწერები, რეალიზაციის 99% არის დოკუმენტის გარეშე. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 3-2%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც ამავე წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი 64 923 ლარს შეადგენს. გადამხდელის პირველადი დოკუმენტების შესწავლა/ანალიზით გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის დეკლარირებულ დასაბეგრ ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილს შორის. სსკ-ის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა საქონლის სახეობების მიხედვით, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის ფასნამატი და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი ფასნამატი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების მიხედვით. დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადასახდელი დღგ-ის თანხები.ასევე, დაკორექტირდა გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემები და დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი სსკ-ის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მეწარმეს ასევე განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).