გადაწყვეტილება №20365/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 20365/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20365/2/2023

26 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20365/2/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 13.10.2021 წლის №14234/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №11129 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №002-77 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 187 381 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 90 391

დღგ - 14 679

საშემოსავლო გადასახადი - 75 698

ქონების გადასახადი - 14

ჯარიმა - 46 686

საურავი - 50 304

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რესტორნებისა და კაფეების მომარაგება სხვა და სხვა სახის პროდუქციით, მათ შორის სურსათით, მცირე ფასიანი ინვენტარით და ჰიგიენური საშუალებებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 10.04.2019 წლიდან 1.06.2020 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.02.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:

- გადასახადის გადამხდელს, მის მიერ წარდგენილი ინფორმაციით საქონლის ნაშთი არ უფიქსირდება. გადამხდელს არ წარუდგენია სმფ-ების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდება საქონლის შეძენა, რომელიც არ არის ასახული რეალიზაციის დოკუმენტებში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგად ნაშთად დარჩენილი (62 209 ლარის ღირებულების) საქონელი ჩაითვალა მიწოდებად 18,6%-იანი ფასნამატით (საშუალო დოკუმენტური ფასნამატი) და დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შესამოწმებელ პერიოდზე საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებულ ფიზიკურ პირებზე სახელფასო განაცემების თანხა შეადგენს 53 100 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით დაბეგრილია 31 851 ლარი. მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დივიდენდი არ აქვს გაცემული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიღებული აქვს შემოსავალი 1 742 856 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე პერიოდში დოკუმენტურად გაწეულმა ხარჯმა კრედიტორების გათვალისწინებით შეადგინა 619 208 ლარი. საწარმოს ფულის მოძრაობის ანალიზით ირკვევა, რომ ხარჯების გათვალისწინებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 123 648 ლარი. შემოწმების შედეგად აღნიშნული განკარგვადი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2021 წლის №7216 ბრძანება და 16.03.2021 წლის №002-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 18.05.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22053 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.10.2021 წლის №14234/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22053 ბრძანება:

- პირველი დავის საგნის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში ამ მტკიცებულებების შესწავლა, ასევე პირის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის საოპერაციო ხარჯების) განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მე-3 დავის საგნის ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 13.10.2021 წლის №14234/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 28.04.2023 წლის დასკვნა, რომლითაც გადაანგარიშებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, სულ შემცირდა 330 011 ლარი, მათ შორის გადასახადი 220 007 ლარით და ჯარიმა 110 004 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის №11129 ბრძანება და 19.05.2023 წლის №002-77 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების დასკვნით ვერ დგინდება გაანგარიშების პრინციპი. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა მისი თანამონაწილეობით. დარჩენილი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 13.10.2021 წლის №14234/2/2021 გადაწყვეტილებით:

- პირველი დავის საგნის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

ა) გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში ამ მტკიცებულებების შესწავლა, ასევე პირის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის საოპერაციო ხარჯების) განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს მე-3 დავის საგნის ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 13.10.2021 წლის №14234/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან დგინდება შემდეგი:

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება, კერძოდ შეძენილი და რეალიზებული 613 დასახელების იდენტიფიცირებული პროდუქციის რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემები და გაანგარიშებები. შედეგად დასკვნის ფარგლებში გადამხდელის მიერ წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე (თითოეული საქონლის იდენტიფიცირების საშუალებით) მოხდა აღიშნული დოკუმენტაციის მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების დადგენა, რამაც გამოიწვია შემოწმების აქტით დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხის შემცირება;

- გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება, კერძოდ ფიზიკური პირებისგან შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის აქტების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემები. გადაწყვეტილების შესაბამისად შემოწმების მიერ ფულის მოძრაობის შესწავლა, ფულის ნაშთის დადგენის მიზნით, განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის საოპერაციო ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით). კერძოდ საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრისათვის, სახელმძღვანელო №0256 შესაბამისად გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის ღირებულების 75%-იანის ოდენობა. შედეგად დასკვნის ფარგლებში შემცირებულია ფულის ნაშთის ოდენობა, რომელმაც გამოიწვია შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხის შემცირება.

მომჩივანი არგუმენტს საბჭოს 13.10.2021 წლის №14234/2/2021 გადაწყვეტილების არასწორად ან არასრულად აღსრულებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს, მიუთითებს მხოლოდ, რომ მისთვის გაუგებარია გაანგარიშების პრინციპი და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა მისი თანამონაწილეობით. ასევე დარჩენილი საგადასახადო ვალდებულებები გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 13.10.2021 წლის №14234/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 13.10.2021 წლის №14234/2/2021 გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს, მის მიერ წარდგენილი ინფორმაციით საქონლის ნაშთი არ უფიქსირდება. გადამხდელს არ წარუდგენია სმფ-ების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდება საქონლის შეძენა, რომელიც არ არის ასახული რეალიზაციის დოკუმენტებში და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგად ნაშთად დარჩენილი (62 209 ლარის ღირებულების) საქონელი ჩაითვალა მიწოდებად 18,6%-იანი ფასნამატით (საშუალო დოკუმენტური ფასნამატი) და დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დივიდენდი არ აქვს გაცემული.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 269(7);