გადაწყვეტილება №20919/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20919/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 26.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20919/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 4.10.2021 წლის №31513 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №006-360 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21256 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 164 826 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 85 395
დღგ - 23 014
საშემოსავლო გადასახადი - 62 381
ჯარიმა - 54 707
საურავი - 24 724
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 16.04.2021 წლის №006-263 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.10.2021 წლის №31513 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 4.10.2021 წლის №31513 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს წიდის შეძენა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მომჩივანს 2019 წლის 27 ნოემბერს შპს „-----“- დან სასაქონლო ზედნადებით (ტრანსპორტირების გარეშე №-----) შეძენილი აქვს 2 500 ტონა წიდა ერთეულის ფასი 350 ლარი, ღირებულებით სულ 875 000 ლარი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 18 თებერვლის №3906 ბრძანებით ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. კომპანიის დირექტორის განცხადებით, ინვენტარიზაციის ჩატარების დროს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული იყო შპს „------“-ის ტერიტორიაზე, ერთიმეორისგან გაუმიჯნავი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პროცედურების სრულყოფილად ჩატარების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი საკითხი: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობის დადგენა, სხვაობის განსაზღვრა, შემადგენლობა და საბაზრო ფასი. სამხარაულის დასკვნის საფუძველზე დადგინდა: სმფ-ების რაოდენობა სულ შპს „------“-ის ტერიტორიაზე 1 601,25 ტონა, საბაზრო ფასი 15 ლარი. ხოლო წარმოდგენილ მასალის ნიმუშში მაგნიუმის წილი შეადგენს 13,97%. ვინაიდან, ექსპერტიზით დადგინდა შეძენილი წიდისგან განსხვავებული წიდა, როგორც ღირებულებით, ასევე შემადგენლობით და ფასით, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა აღურიცხველად. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდგომ, მომჩივანმა შპს „------“-დან შეძენილი 2 500 ტონა წიდა 2020 წლის აგვისტოში იგივე საქონელი იგივე ფასად მიაწოდა უკან, რითაც გააუქმა შეძენის ოპერაცია.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლის შედეგებით გაუქმდა შპს „-----“-ის შეძენის, რეალიზაციის და აქტით დარიცხული დღგ-ის თანხები. ვინაიდან წიდის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ასევე, შემცირდა საწარმოში ფულის მიღება წიდის რეალიზაციიდან.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.07.2023 წლის №006-360 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21256 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გაუქმდა შპს „-----“-ის შეძენის, რეალიზაციის და აქტით დარიცხული დღგ-ის თანხები. ვინაიდან, წიდის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ასევე, შემცირდა საწარმოში ფულის მიღება წიდის რეალიზაციიდან. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საწარმოს მიღებული აქვს ავანსი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ბანკის საშუალებით აქვს გატანილი ავანსად (311 906 ლარი) და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დარიცხვის საფუძველს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21256 წლის ბრძანებას, ვინაიდან მომჩივნის მოთხოვნის და არგუმენტების გათვალისწინებით სრულად უნდა მომხდარიყო საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება, ვინაიდან არანაირი თანხის ნაშთი სალაროში, ან საქვეანგარიშოდ გაცემული ან ისეთი თანხა, რომელიც ხელფასად ან დივიდენდად არის გაცემული და საწარმოს მიერ არ მომხდარა მისი დაბეგვრა არ არსებობს. სამწუხაროდ, არც დასკვნაში არ არის მითითებული რა თანხაზეა საუბარი და არაა განმარტებული რატომ არ მოხდა სრულად დარიცხული თანხების შემცირება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით და საბუღალტრო პროგრამით სრულად უნდა მომხდარიყო საშემოსავლო გადასახადში დარჩენილი თანხის 93 572 ლარის (მათ შორის გადასახადი 62 381 და ჯარიმა 31 191 ლარი) შემცირება. აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო დაესაბუთებინა რა ნაწილში არ მოახდინა გადაანგარიშება და რა სამართლებრივი საფუძვლებით და არგუმენტებით იხელმძღვანელა, ვინაიდან დასკვნაში არ იყო აღნიშნულის თაობაზე მითითებული მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც მომჩივნის ჩართულობის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა საჩივარი. მიუთითებს, რომ გარდა დეკლარირებული მონაცემებისა საწარმოს არანაირი სახის დამატებითი შემოსავალი, გაცემული ხელფასი, დივიდენდი ან სხვა სახის განაცემი არ განუხორციელებია, რაც დასტურდება წარდგენილი საბუღალტრო მონაცემებით და პირველადი დოკუმენტაციით.
ითხოვს, გაუქმდეს აღნიშნულ საკითხით გამოწვეული დარიცხვა და დაავალოს შემმოწმებელს დაეყრდნოს მომჩივნის მიერ წარდგენილ საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 4.10.2021 წლის №31513 ბრძანებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაციით ირკვევა, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვას იწვევს ავანსად მიღებული და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გაუქმდა შპს -----ს შეძენის, რეალიზაციის და აქტით დარიცხული დღგ-ის თანხები და შემცირდა საწარმოში ფულის მიღება წიდის რეალიზაციიდან. ხოლო, საშემოსავლო გადასახადში დარჩენილი საგადასახადო ვალდებულებები წარმოშობილია ავანსად მიღებული და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას დამატებით შესწავლილია საქმის გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 4.10.2021 წლის №31513 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 4.10.2021 წლის №31513 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 4.10.2021 წლის №31513 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს წიდის შეძენა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მომჩივანს 2019 წლის 27 ნოემბერს შპს- დან შეძენილი აქვს 2 500 ტონა წიდა ერთეულის ფასი 350 ლარი, ღირებულებით სულ 875 000 ლარი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 18 თებერვლის №3906 ბრძანებით ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. კომპანიის დირექტორის განცხადებით, ინვენტარიზაციის ჩატარების დროს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები განთავსებული იყო შპს-ის ტერიტორიაზე, ერთიმეორისგან გაუმიჯნავი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პროცედურების სრულყოფილად ჩატარების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ვინაიდან, ექსპერტიზით დადგინდა შეძენილი წიდისგან განსხვავებული წიდა, როგორც ღირებულებით, ასევე შემადგენლობით და ფასით, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა აღურიცხველად. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდგომ, მომჩივანმა შპს-დან შეძენილი 2 500 ტონა წიდა 2020 წლის აგვისტოში იგივე საქონელი იგივე ფასად მიაწოდა უკან, რითაც გააუქმა შეძენის ოპერაცია. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლის შედეგებით გაუქმდა მომჩივნის შეძენის, რეალიზაციის და აქტით დარიცხული დღგ-ის თანხები. ვინაიდან წიდის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ასევე, შემცირდა საწარმოში ფულის მიღება წიდის რეალიზაციიდან.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 4.10.2021 წლის №31513 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ა""ბ"), 101(1), 154(1"ა").