გადაწყვეტილება №20818/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20818/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 12.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20818/2/2023).
დავის საგანი:
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №057-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20654 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
საშემოსავლო გადასახადი - 16 461 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14047 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 30.06.2023 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 10.07.2023 წლის №16597 ბრძანება და ამავე თარიღის №057-10 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: მომჩივანს 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გრაფა №42-ში („გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“) დეკლარირებული აქვს 16 461 ლარი. აღნიშნული თანხა ამავე დეკლარაციაში დეკლარირებულია, როგორც „ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი“. შემოწმებით მოხდა აღნიშნული ჩათვლილი თანხის დაკორექტირება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
სადავო აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20654 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №057-10 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20654 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ მომჩივანმა წარმოდგენილ საჩივარში ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარადგინა სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დარიცხული გადასახადისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან.
საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად:
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით.
2. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
4. აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, 42-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილია საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გათავისუფლებულია დაკისრებული ჯარიმისგან, ხოლო რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, საშემოსავლო გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის №42 გრაფაში („გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“) ასახული და შემცირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 16 461 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საშემოსავლო გადასახადი დაერიცხა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება მომჩივნის თხოვნას გათავისუფლდეს დარიცხული გადასახადისგან, საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საგადასახადო კანონმდებლობით აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან, მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. მომჩივანს 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გრაფა №42-ში („გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“) დეკლარირებული აქვს 16 461 ლარი. აღნიშნული თანხა ამავე დეკლარაციაში დეკლარირებულია, როგორც „ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი“. შემოწმებით მოხდა აღნიშნული ჩათვლილი თანხის დაკორექტირება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 30.06.2023 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა სადავო აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20654 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20654 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს საშემოსავლო გადასახადი დაერიცხა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადამხდელს წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის №42 გრაფაში („გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“) ასახული და შემცირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 16 461 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მომჩივნის თხოვნას გათავისუფლდეს დარიცხული გადასახადისგან, საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საგადასახადო კანონმდებლობით აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან, მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 275.