ბრძანება N 30347
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30347
05 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„----------“ (პ/ნ ----------)
(ფაქტ.მის: ----------;
იურ.მის.: ----------)
2023 წლის 3 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №125) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №84637/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 ოქტომბრის №EL229450 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ---------- რეზიდენტმა კომპანიამ შეუკვეთა 1550 ცალი ბავშვის ჰიგიენური საფენი, რაზეც გამოწერეს ინვოისი, მყიდველმა ჩაურიცხა თანხა და გამოგზავნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც შემდგომში დატვირთეს საქონლით. ამავე პერიოდში მიმართა ---------- ორმა მოქალაქემ, რომლებსაც ასევე მიჰყიდა ჰიგიენური საფენები. გადამზიდავმა ფიზიკურ პირებსაც შესთავაზა მისი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის ტრანსპორტირება, რასაც დასთანხმდნენ და გამოწერა ზედნადები ტრანსპორტირების გარეშე, ხოლო კომპანიაზე გააფორმა ექსპორტის დეკლარაცია. სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება გააჩერეს საზღვარზე, გადათვალეს საქონლის რაოდენობა და ვინაიდან ექსპორტის დეკლარაციაში და მანქანაში არსებული საქონლის რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა დააჯარიმეს არადეკლარირებული საქონლის სრული ღირებულებით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის შემცირებას ან გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა №---------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო ინდმეწარმე „----------“ (პ/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- (25/10/2023) და №---------- (24/10/2023) საბაჟო დეკლარაციებით ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი.
№---------- (24/10/2023) საბაჟო დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“, ხოლო №---------- (25/10/2023) საბაჟო დეკლარაციისთვის „მწვანე დერეფანი“.
ვინაიდან, ორივე დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი განთავსებული იყო ერთ სატრანსპორტო საშუალებაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა №---------- 26/10/2023 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და საქონელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ის დანიშნულებით.
სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილ საქონელში (სსდ №---------- (25/10/2023)) აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ბავშვის ჰიგიენური საფენები 898 ერთეული.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 30 ოქტომბერს №---------- დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა – 5208.40 აშშ დოლარი (14087.68 ლარი).
ვინაიდან, „----------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL229450 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 14087.68 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილია:
საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;
საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეულ ქმედებებს;
საბაჟო ზედამხედველობა კი არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 82-ე მუხლის მიხედვით, საქონელი, რომელიც განკუთვნილია საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის, დეკლარირდება შესაბამისი საბაჟო პროცედურის საბაჟო დეკლარაციით. ექსპორტის ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობამდე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანაში. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ითხოვს დარიცხული ჯარიმის შემცირებას ან გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ს კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო მომჩივანის და კომპანიის მიერ საბაჟო დეკლარაციებით ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი. პირველი საბაჟო დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“, ხოლო მეორე საბაჟო დეკლარაციისთვის „მწვანე დერეფანი“. ვინაიდან, ორივე დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი განთავსებული იყო ერთ სატრანსპორტო საშუალებაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და საქონელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“-ის დანიშნულებით. სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც მომჩივანის კუთვნილ საქონელში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ბავშვის ჰიგიენური საფენები 898 ერთეული. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 30 ოქტომბერს დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა – 5208.40 აშშ დოლარი (14087.68 ლარი). ვინაიდან, მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 14087.68 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(2).