გადაწყვეტილება №87392/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№87392/1/2024
15 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 6.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №87392/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.07.2023 წლის №19566/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №053-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 379 679 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 206 000
დღგ - 179 700
საშემოსავლო გადასახადი - 26 300
ჯარიმა - 90 073
საურავი - 83 606
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 2 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
- გადასახადის გადამხდელის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში, წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, ფიქსირდება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა 12 310 609 ლარი. გადასახადის გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, საქონლის რეალიზაციის დროს ვერ ხერხდება საქონლის გასაყიდი ფასის და მისი თვითღირებულების დაკავშირება. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა, საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: რეალიზებული პროდუქტი დაიყო 9 ჯგუფად, თითოეული ჯგუფის თვითღირებულების და 2022 წლის თებერვალში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დაფიქსირებული, შესაბამისი ჯგუფის ფასნამატის გამოყენებით, გაანგარიშდა რეალიზაციიდან დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის გამოვლენილი დასაბეგრი ბრუნვის სხვაობა, სულ 1 624 940 ლარი, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით 2019 და 2020 წლებში ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი სულ 7 884 895 ლარი. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, 2019 და 2020 წლების დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალსა და შემოწმებით გაანგარიშებულ მონაცემს შორის გამოვლენილი შემოსავალი, სულ 424 191 ლარი, საგადასახადო კოდექსის 102-ე და მე-80 მუხლების თანახმად, შესაბამის პერიოდებში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ამასთან გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 სექტემბრის №23042 ბრძანება და 6 სექტემბრის №053-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30140 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაციის) დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 1 დეკემბრის №30140 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №053-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2023 წლის №19566/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის გადაანგარიშების ეტაპზე არსებულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 7.07.2023 წლის №19566/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 257 394 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №053-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული, გადასახადის გადამხდელის 2.02.2024 წლის №87392/1/2024 საჩივარი, დავების განხილვის დეპარტამენტის 6.02.2024 წლის №10338-21-04 წერილით კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნის მიხედვით დარჩენილ თანხებს არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებლებისთვის დამატებით წარდგენილი იქნა ინფორმაცია როგორც სასაქონლო ზედნადებებით, ასევე განვადებით რეალიზებული საქონლის როგორც სარეალიზაციო ღირებულებების, ასევე შესაბამისი საქონლის თვითღირებულებების შესახებ. შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაციით შესაძლებელია გაანგარიშდეს დოკუმენტური ფასნამატი შემოწმებით განსაზღვრულ თითოეულ კატეგორიასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაყოფილია 9 კატეგორიად, რასთან დაკავშირებითაც 6 კატეგორიასთან მიმართებაში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატები არსებითად შესაბამისობაშია შემოწმების მიერ გამოყენებულთან, შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ მონაცემებს ეთანხმება, დარჩენილი 3 კატეგორიიდან (თესლები, სარწყავი სისტემა და ცელოფანი), ერთთან (თესლები) მიმართებაში წარდგენილი ფასნამატი გაზიარებული იქნა 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, შესაბამისად, ამ ნაწილშიც გაანგარიშებული მონაცემები თანხვედრაშია მათ მოთხოვნასთან.
შესაბამისად, მათ და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა დარჩა მხოლოდ 2 კატეგორიასთან მიმართებაში. კერძოდ:
- სარწყავი სისტემის ნაწილში, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი შეადგენს 31%-ს, ხოლო მათი გაანგარიშებით 23%-ს;
- ცელოფანთან მიმართებაში, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი შეადგენს 15%-ს, ხოლო მათი გაანგარიშებით 9%-ს.
შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი წარმოადგენს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფასნმატს, ხოლო მათ მიერ გაანგარიშებული მონაცემები გამომდინარეობს რეალიზაციის დოკუმენტებიდან. შემოწმების მიერ, ამ ნაწილში მათი მონაცემების არ გათვალისწინების მიზეზად მოყვანილია ის გარემოება, რომ რეალიზაციის დოკუმენტებში არ არის სრულყოფილად დაფიქსირებული რეალიზებული პროდუქციის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, რასაც გარკვეულწილად ეთანხმება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ზედნადებში სრულყოფილად არ არის ასახული მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მეწარმისთვის არ წარმოადგენს სირთულეს მათი იდენტიფიცირება. ასევე აღსანიშნავია, რომ იდენტიფიცირება არ ხდება მხოლოდ ნაწილი რეალიზაციის შემთხვევაში, გარკვეულ ნაწილთან მიმართებაში იდენტიფიცირება შესაძლებელია პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, მათ მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია დაიყო 2 ნაწილად, შემთხვევები როდესაც იდენტიფიცირება შესაძლებელია და შემთხვევები როდესაც მონაცემები სრულყოფილად არ არის მითითებული, რის შედეგადაც სურათი შემდეგნაირია: სარწყავ სისტემასთან მიმართებაში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებების მონაცემებით რეალიზაციის ღირებულება შედგენს 143 032 ლარს, რისი თვითღირებულებაც შეადგენს 118 640 ლარს (სულ 192 რეალიზაციის ოპერაცია), საიდანაც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არსებობის პირობებში რეალიზაცია შეადგენს 53 115 ლარს, თვითღირებულება 44 242 ლარს (სულ 73 რეალიზაციის ოპერაცია), შესაბამისად არასრულად იდენტიფიცირების პირობებში რეალიზაცია შეადგენს 89 917 ლარს, თვითღირებულება 74 398 ლარს (სულ 119 რეალიზაციის ოპერაცია), შესაბამისად იდენტიფიცირების პირობებში ფასნამატი შეადგენს 20%-ს, ხოლო არაიდენტიფიცირებულ ნაწილში ფასნამატი შეადგენს 20.8%-ს, ხოლო განვადებით რეალიზაციის ნაწილში წარდგენილი მონაცემებით რეალიზაცია შეადგენს 4 732 ლარს, თვითღირებულება 3 724 ლარს (ოპერაციების რაოდენობა 40 ცალი) ფასნამატი შეადგენს 27%-ს, ამ ნაწილში სრულად იდენტიფიცირება ვერ ხდება.
აღნიშნული მონაცემების ანალიზით ცალსახაა, რომ არასრულად იდენტიფიცრებული მონაცემების პირობებში, წარდგენილი მონაცემებით გაანგარიშებული ფასნამატი აღემატება იდენტიფიცირებულ მონაცემებით განსაზღვრულ ფასნმატს, შესაბამისად ცალსახაა, რომ არ ხდება მონაცემების ხელოვნურად დამახინჯება (ფასნამატის შემცირება), არამედ პირიქით, იდენტიფიცირებული მონაცემებით ფასნამატი შეადგენს 20%-ს და მათი მოთხოვნაა, რომ გამოყენებული იქნეს 23%-იანი ფასნამატი.
რაც შეეხება ცელოფნის კატეგორიაში განხორციელებულ იმავე ანალიზს, მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციით, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაცია შეადგენს 281 728 ლარს, რისი თვითღირებულება შეადგენს 259 140 ლარს (სულ 137 ცალი ოპერაცია), საიდანაც იდენტიფიცირებული რეალიზაცია შეადგენს 31 095 ლარს, ხოლო მისი თვითღირებულება 28 472 ლარს (8 ცალი ოპერაცია), განვადებით რეალიზაციის ღირებულება შეადგენს 36 472 ლარს, თვითღირებულება 33 202 ლარს, საიდანაც ზუსტი იდენტიფიცირება დოკუმენტში დაფიქსირებული მონაცემებით ვერ ხერხდება. აღნიშნული ანალიზის შედეგად, იდენტიფიცირებული ოპერაციების ფარგლებში ფასნამატი შეადგენს 9%-ს, რაც ემთხვევა წარდგენილი ინფორმაციით მოთხოვნილ მონაცემს (დანართი ფასნამატის ცხრილი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემმოწმებლებს, მათ მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაციის დამატებით შესწავლა/შეფასება და მისი რეალობის შეფასება, მათ შორის, მათ მიერ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ცელოფნის და სარწყავი სისტემის კატეგორიის ნაწილში ფასნამატის გამოყენება მათ მიერ უკვე წარდგენილი მონაცემების (გაშიფრული დოკუმენტური რეალიზაციების) საფუძველზე. შედეგად, 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნის და მის საფუძველზე გამოცემული 2023 წლის 29 დეკემბრის №053 - 17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით დასარიცხი თანხების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30140 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში რომლის 25.04.2023 წლის №8894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2023 წლის №19566/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის გადაანგარიშების ეტაპზე არსებულის) გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა/განხილვა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას 257 394 ლარით, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა დოკუმენტაცია და ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქონლის რეალიზაციის და შეძენის დოკუმენტებში დაფიქსირებული მონაცემები ერთმანეთს არსებითად არ ემთხვევა, თუმცა სახეობა (სათესლე მასალის) დაკავშირება შედარებით უკეთ ხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად გამოვლინდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სახეობა „სათესლე მასალის“ დაბალი ფასნამატი, რისი გათვალისწინებითაც გაანგარიშებული სათესლე მასალის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, შემოწმების აქტით განსაზღვრული, შესაბამისი სახეობის საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე 446 974 ლარით ნაკლებია. შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშებით, აღნიშნული სხვაობით (446 974 ლარით) შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი, შედეგად, მოხდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს ნაწილობრივ და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი იქნა ინფორმაცია როგორც სასაქონლო ზედნადებებით, ასევე განვადებით რეალიზებული საქონლის როგორც სარეალიზაციო ღირებულებების, ასევე შესაბამისი საქონლის თვითღირებულებების შესახებ, შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაციით შესაძლებელია გაანგარიშდეს დოკუმენტური ფასნამატი შემოწმებით განსაზღვრულ თითოეულ კატეგორიასთან მიმართებაში. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაყოფილია 9 კატეგორიად, რომელთაგან 6 კატეგორიასთან მიმართებაში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატები არსებითად შესაბამისობაშია შემოწმების მიერ გამოყენებულთან, შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ მონაცემებს ეთანხმება, დარჩენილი 3 კატეგორიიდან (თესლები, სარწყავი სისტემა და ცელოფანი), ერთთან (თესლები) მიმართებაში წარდგენილი ფასნამატი გაზიარებული იქნა და შესაბამისად, ამ ნაწილში გაანგარიშებული მონაცემები თანხვედრაშია მათ მოთხოვნასთან. მაგრამ, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა დარჩა მხოლოდ 2 კატეგორიასთან მიმართებაში. კერძოდ: სარწყავი სისტემის ნაწილში, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი შეადგენს 31%-ს, ხოლო მათი გაანგარიშებით 23%-ს; ცელოფანთან მიმართებაში, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი შეადგენს 15%-ს, ხოლო მათი გაანგარიშებით 9%-ს. შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატი წარმოადგენს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფასნმატს, ხოლო მათ მიერ გაანგარიშებული მონაცემები გამომდინარეობს რეალიზაციის დოკუმენტებიდან. შემმოწმებლის პოზიციას, რომ რეალიზაციის დოკუმენტებში არ არის სრულყოფილად დაფიქსირებული რეალიზებული პროდუქციის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები, გარკვეულწილად ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ არ წარმოადგენს სირთულეს მათი იდენტიფიცირება, არ ხდება მხოლოდ ნაწილი რეალიზაციის შემთხვევაში, გარკვეულ ნაწილთან მიმართებაში იდენტიფიცირება შესაძლებელია პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, სარწყავ სისტემასთან მიმართებაში წარდგენილი სასაქონლო ზედნადებების მონაცემებით, იდენტიფიცირების პირობებში ფასნამატი შეადგენს 20%-ს, ხოლო არაიდენტიფიცირებულ ნაწილში ფასნამატი შეადგენს 20.8%-ს, ხოლო განვადებით რეალიზაციის ნაწილში წარდგენილი მონაცემებით ფასნამატი შეადგენს 27%-ს და ამ ნაწილში სრულად იდენტიფიცირება ვერ ხდება. ამდენად, აღნიშნული მონაცემების ანალიზით ცალსახაა, რომ არასრულად იდენტიფიცრებული მონაცემების პირობებში, წარდგენილი მონაცემებით გაანგარიშებული ფასნამატი აღემატება იდენტიფიცირებულ მონაცემებით განსაზღვრულ ფასნმატს, შესაბამისად არ ხდება მონაცემების ხელოვნურად დამახინჯება (ფასნამატის შემცირება), არამედ პირიქით, იდენტიფიცირებული მონაცემებით ფასნამატი შეადგენს 20%-ს და მათი მოთხოვნაა, რომ გამოყენებული იქნეს 23%-იანი ფასნამატი. რაც შეეხება ცელოფნის კატეგორიაში განხორციელებულ იმავე ანალიზს, წარდგენილი ინფორმაციით, იდენტიფიცირებული ოპერაციების ფარგლებში, ფასნამატი შეადგენს 9%-ს, რაც ემთხვევა მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციით მოთხოვნილ მონაცემს. ითხოვს, გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ინფორმაციის დამატებით შესწავლა/შეფასებას, წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებას და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ცელოფნის და სარწყავი სისტემის კატეგორიის ნაწილში ფასნამატის გამოყენებას მათ მიერ წარდგენილი მონაცემების (გაშიფრული დოკუმენტური რეალიზაციების) საფუძველზე.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადი გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რეალურად, არსებით ნაწილში გადაანგარიშდა დარიცხული თანხები, მაგრამ დარჩა ორი კატეგორია სარწყავი სისტემა და ცელოფანი, რომელ ნაწილშიც არ მოხდა გადაანგარიშება, მიზეზად სახელდებოდა მცირე პროცენტული მაჩვენებელი, რომ დარწმუნებულიყვნენ წარდგენილი მასალების რეალობაში. ამ ნაწილში მართალია გარკვეული ნაწილი არ იდენტიფიცირდება, თუმცა გარკვეულ ნაწილში იდენტიფირება შესაძლებელია, ანუ წარდგენილი ინფორმაციით, რეალურად უფრო მეტი გამოდის ფასნამატი არაიდენტიფიცირებულთან დაკავშირებით, ეთანხმება აუდიტორს, რომ მნიშვნელოვან ნაწილში, ნახევარზე მეტი, არაიდენტიფიცირებადია, რადგან არ წერია მახასიათებლები, მაგრამ არის ისეთებიც, რომელთა იდენტიფიცირება წარდგენილი ინფორმაციით შესაძლებელია, მართალია ცოტაა, მაგრამ საერთო ჯამში არსებითობას ცვლის.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სათესლე მასალის ნაწილში გავლილი იქნა წარდგენილი ინფორმაცია და რისი იდენტიფიცირებაც ხდებოდა გაითვალისწინეს, კერძოდ ამ ნაწილში, თავის დროზე, გადასახადის გადამხდელს, სიმინდის ნაწილში, რომელიც მოცულობითი იყო, ინვენტარიზაციის მასალებში არასწორად ქონდა მიწერილი თვითღირებულება, ნახეს, რომ ფასნამატი მცირდებოდა და ამ ნაწილში გაითვალისწინეს, მოხდა გადაანგარიშება. რაც შეეხება სადავოდ წარმოდგენილ 2 კატეგორიას, სარწყავი მილებს და ცელოფანს, მათი სხვადასხვა სახეობებია, მაგალითად, სარწყავი მილი შეიძლება იყვეს ერთი სახეობის მაგრამ, სხვადასხვა ატმოსფეროსი, სხვა მახასიათებლის მქონე და სხვა სარეალიზაციო ფასთან ასოცირდება და ა.შ.. ცელოფანის კატეგორიაშიც, წერია უბრალოდ ცელოფანი, მაგრამ არის მეორადი ცელოფანი და ა.შ, ამდენად, ამ კატეგორიაშიც ვერ ხდება იდენტიფიცირება. ინვენტარიზაციით იდეალურად იდენტიფიცირებულია საქონელი, დათვლილია, სარეალიზაციო ფასები გადასახადის გადამხდელის მიერაა მიწერილი, 100%-ით იდენტიფიცირებულია და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი იქნა გამოყენებული.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 7.07.2023 წლის №19566/2/2023 გადაწყვეტილების შინაარსის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.07.2023 წლის №19566/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.12.2022 წლის №30140 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №053-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8894 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2023 წლის №19566/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული, გადასახადის გადამხდელის 2.02.2024 წლის №87392/1/2024 საჩივარი, დავების განხილვის დეპარტამენტის 6.02.2024 წლის №10338-21-04 წერილით კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 7.07.2023 წლის №19566/2/2023 გადაწყვეტილების შინაარსის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 102; 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოექსი 161;