ბრძანება N 2626

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.02.2023
№ დოკუმენტი 2626
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2626

14.02.2023

"----------" (პ/ნ ----------)

(მის: ----------)

2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა "----------"-ს (პ/ნ ----------) №235288/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №EL195563 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციას თუ „ყვითელი დერეფანი“ განესაზღვრა არ ჰქონდა ინფორმაცია და მოხსნა ლუქი.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 ოქტომბერს შპს "----------"-ის (ს/ნ ----------) მიერ №"----------" საბაჟო დეკლარაციით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა ----- კგ ხორბალი.

2022 წლის 15 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი "----------" გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი, სადაც უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის დამუშავება, რა დროსაც მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები (სახელმწიფო ნომრით "----------"; "----------"; "----------" და "----------") გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა "----------" დანიშნულებით.

2022 წლის 26 დეკემბერს სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით "----------" გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა "----------" კონტროლის ზონაში, სადაც უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა მისი დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საბაჟო იდენთიფიკაციის საშუალება იყო მოხსნილი და მასში მოთავსებული საქონელი იყო განკარგული.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა "----------" უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL195563, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით AL222YK/SS440B) მძღოლს ---------- მოქალაქე "----------" (პ/ნ ---------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ, 2022 წლის 30 დეკემბერს სატრანსპორტო საშუალებამ (სახელმწიფო ნომრით "----------") დატოვა გაფორმების ეკონომიკური ზონა "----------" კონტროლის ზონა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობანაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც კანონმდებელი ავალდებულებს საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც არ განუხორციელებია. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, სატრანსპორტო საშუალებას, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონლი, მომჩივანმა ახსნა ლუქი, რის შემდეგ ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან განხორციელდა საქონლის განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.