ბრძანება N 20891

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.09.2024
№ დოკუმენტი 20891
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20891

25 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ს“ (ს/ნ --------------)

(მის.: ---------------------------------)

2024 წლის 27 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „-----------ს“ (ს/ნ --------------) №143395/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის №094-39 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

● სალაროს არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2024 წლის ივნისსა და ივლისში სალაროს ნაშთის უდიდესი ნაწილი შეტანილია საბანკო ანგარიშზე, რასაც ადასტურებს საბანკო ანგარიშის ამონაწერი. ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიას ჰქონდა ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რაც შემოწმებამ არ შეამცირა. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გამოთვლილი თანხების ხელფასად განხილვის პირობებში ბანკში ფიზიკურად ვერ შევიდოდა იმ ოდენობის თანხა, რასაც გადასახადის გადამხდელი მიუთითებს.

● დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით, მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმებას სრულად არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები, განმარტავს, რომ აღნიშნული დავალიანების ნაწილი დაბეგრილია კომპანიის მიერვე, ხოლო ნაწილზე წარმოდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რომელთა მიხედვითაც პირები ადასტურებენ დებიტორული დავალიანების არსებობის ფაქტს, აგრეთვე, თანხის დიდი ნაწილი საწარმოს უკვე მიღებული აქვს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ ფაქტობრივად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ისე, რომ აღნიშნულის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6596 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №094-92 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 12 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----------ს“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან და დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. საბანკო ამონაწერები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 მარტის №6596 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 26 234 ლარით, მათ შორის გადასახადი 17 489 ლარი და ჯარიმა 8 745 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 29 ივლისის №094-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა: საბანკო ამონაწერები, სალაროს ორდერები, ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნაგანმარტებები, დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით და საბუღალტრო პროგრამა „ორისიდან“ ამოღებული ბრუნვითი უწყისები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არსებული ანალიზით დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შემცირებას დაექვემდებარა სულ 77 732 ლარი. შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით, ასევე, დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%). რაც შეეხება სალაროს ნაშთს, შესწავლილი იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები (საბანკო ამონაწერები), რომლის მიხედვით ვერ მოხდა ბანკში არსებული ფულადი ნაკადების მოძრაობიდან გამომდინარე შესაბამისი თანხების იდენტიფიცირება. აგრეთვე, განხორციელდა აღნიშნული საკითხის ანალიზი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი N9) მეთოდური მითითების მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადაანგარიშების ფარგლებში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები. ასევე დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%), ხოლო სალაროს ნაშთთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო ამონაწერები) საფუძველზე ვერ მოხდა ბანკში არსებული თანხების მოძრაობის იდენტიფიცირება და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,1. შპს „-----------ს“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

● სალაროს არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2024 წლის ივნისსა და ივლისში სალაროს ნაშთის უდიდესი ნაწილი შეტანილია საბანკო ანგარიშზე, რასაც ადასტურებს საბანკო ანგარიშის ამონაწერი. ამასთან, მიუთითებს, რომ კომპანიას ჰქონდა ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რაც შემოწმებამ არ შეამცირა. აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გამოთვლილი თანხების ხელფასად განხილვის პირობებში ბანკში ფიზიკურად ვერ შევიდოდა იმ ოდენობის თანხა, რასაც გადასახადის გადამხდელი მიუთითებს.

● დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით, მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმებას სრულად არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები, განმარტავს, რომ აღნიშნული დავალიანების ნაწილი დაბეგრილია კომპანიის მიერვე, ხოლო ნაწილზე წარმოდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რომელთა მიხედვითაც პირები ადასტურებენ დებიტორული დავალიანების არსებობის ფაქტს, აგრეთვე, თანხის დიდი ნაწილი საწარმოს უკვე მიღებული აქვს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ ფაქტობრივად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ისე, რომ აღნიშნულის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №6596 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №094-92 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 12 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან და დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. საბანკო ამონაწერები);

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №6596 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 26 234 ლარით, მათ შორის გადასახადი 17 489 ლარი და ჯარიმა 8 745 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №094-39 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);