გადაწყვეტილება №24656/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24656/2/2025
20 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 28.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24656/2/2025).
დავის საგანი:
საბჭოს 18.04.2024 წლის №21825/2/2024 (რეგ. 14.05.2024წ. 03/36744) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №007-324 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 41 518.42 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 21 071
ჯარიმა - 13 444
საურავი - 7 003.42
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კომპიუტერული ტექნიკით, პერიფერიული მოწყობილობებით და აქსესუარებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №6570 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილია ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები და/ან პროგრამა, რაც მის მიერ არ იქნა წარდგენილი, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და რეალიზაციები, რაც დაიყო ჯგუფებად, სულ 12 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფზე, დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირდა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი. შესამოწმებელ პერიოდში თითოეული წლის მიხედვით, გადამხდელის მიერ ცნობის სახით წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ყოველი წლის საწყისი და საბოლოო ნაშთების და შეძენის დოკუმენტების საფუძველზე გაანგარიშდა შესაბამისი წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაც დაიყო ჯგუფებად (შეძენების მიხედვით თითოეული ჯგუფის პროპორციული წილის მიხედვით) რაზეც გავრცელდა შესაბამის ჯგუფზე შემოწმების შედეგად დადგენილი დოკუმენტური ფასნამატები. დაანგარიშდა საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
წარდგენილი ინფორმაციით (ბანკის ამონაწერები, სალაროში ფულის ნაშთების შესახებ ინფორმაციები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გაანგარიშდა ფულის მოძრაობა, შემდეგი მეთოდით: შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, საპროცენტო ხარჯები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები, დაემატა ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, სალაროს და ბანკის საწყისი ნაშთები და გამოაკლდა სალაროს და ბანკის საბოლოო ნაშთები, ასევე გამოაკლდა სხვა ხარჯები, ბანკის საკომისიო, საპროცენტო ხარჯი, გაცემული ხელფასები და დივიდენდები, ასევე გათვალისწინებულია ცნობის სახით წარდგენილი ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.03.2023 წლისათვის) სალაროში ფულის ნაშთი. აღნიშნული ფულის ნაშთის ფორმირება გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად და განისაზღვრა ნაშთი ყოველი თვის მიხედვით, შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების მიხედვით გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა (ამ ნაწილში შემოსავალი განისაზღვრა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებსა და საბანკო გადარიცხვით გადახდილ ხარჯს შორის სხვაობით, აღნიშნულის მიხედვით გონივრული ნაშთი განისაზღვრა ყოველთვიურად საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედით). დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე 2020 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთს და ივნისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ხელფასად. ხელფასად განხილული თანხები საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 6.10.2023 წლის №24753 ბრძანება და ამავე თარიღის №007-272 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 6.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.12.2023 წლის №31728 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 18.04.2024 წლის №21825/2/2024 (რეგ. 14.05.2024წ. 03/36744) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.12.2023 წლის №31728 ბრძანება:
- მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული (მათ შორის (საბოლოო) ცხრილის სახით) ინფორმაცია;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 18.04.2024 წლის №21825/2/2024 (რეგ. 14.05.2024წ. 03/36744) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 24.12.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 94 552 ლარით, მათ შორის გადასახადი 66 281 ლარით და ჯარიმა 28 271 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 30.12.2024 წლის №27644 ბრძანება და ამავე თარიღის №007-324 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშების შედეგებს არ ეთანხმება, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებები ნაწილობრივ არ იქნა გათვალისწინებული, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ შედეგს.
ითხოვს მიეცეს საშუალება დავის პროცესში წარადგინოს მტკიცებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 18.04.2024 წლის №21825/2/2024 (რეგ. 14.05.2024წ. 03/36744) გადაწყვეტილებით:
- მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული (მათ შორის (საბოლოო) ცხრილის სახით) ინფორმაცია;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
საბჭოს 18.04.2024 წლის №21825/2/2024 (რეგ. 14.05.2024წ. 03/36744) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატების და შემოსავლის გაანგარიშების ცხრილის გათვალისწინებით გასწორდა შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატების გაანგარიშების ცხრილში არსებული ტექნიკური ხარვეზები, კერძოდ: დაკორექტირდა საქონლის ჯგუფები. შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატების გაანგარიშების ცხრილში, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაკავშირდა 1 875 756 ლარის დოკუმენტურ რეალიზაციასთან, რის მიხედვითაც განისაზღვრა ფასნამატები და დამატებით დარიცხული თანხა, ხოლო გადაანგარიშების მიმდინარეობისას თვითღირებულება დაკავშირდა 2 071 109 ლარის დოკუმენტურ რეალიზაციასთან, მათ შორის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის დასადგენად გათვალისწინებულია 1.01.2020 წლამდე გამოწერილი ელ. ზედნადებებით შეძენილი საქონელი, რაც შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ფიქსირდებოდა სმფ-ის ნაშთად. ასევე, დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის შეძენილ საქონელთან დაკავშირებისთვის გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატები, რამაც გამოიწვია ფასნამატების შემცირება საქონლის ჯგუფების მიხედვით. შემცირდა შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავალი და ხელფასად დაკვალიფიცირებული არაგონივრული ფულის ნაშთი სრულად.
მომჩივანს, 29.01.2025 წლის №03/4837 წერილით, ეთხოვა საჩივარში მითითებული მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელთა გათვალისწინებასაც ითხოვს საჩივრის განხილვისას. თუმცა წერილის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ მოხერხდა (კურიერმა დატოვა შეტყობინება, ბრუნდება შენახვის ვადის გამო) და დაბრუნდა უკან.
აღნიშნულზე მომჩივანთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომელმაც განმარტა, რომ დამატებით რაიმე სახის მტკიცებულება წარმოსადგენი არ აქვს, გადაანგარიშების ეტაპზე მის მიერ წარდგენილი ცხრილის შესწავლის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მისცა არასაკმარისი დრო (5 დღე) გარკვეულიყო შესწავლის შედეგებში, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს მასთან ერთად მოხდეს მის მიერ წარდგენილი ცხრილის შესწავლა, რომ ახსნა-განმარტება წარუდგინოს იმ ნაწილზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადაანგარიშების მიმდინარეობისას თითოეული საქონლის მიხედვით დადგინდა და გასწორდა ჯგუფები, დასახელებები და ზომის ერთეულები. ფასნამატის დასადგენად დოკუმენტური რეალიზაცია დაუკავშირდა იდენტური საქონლის უახლოეს შეძენას. ამასთან აღსანიშნავია, რომ გადამხდელის წარდგენილ ცხრილში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაკავშირებულია 1 257 641 ლარის დოკუმენტურ რეალიზაციასთან, ხოლო შემოწმების ცხრილით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაკავშირებულია მნიშვნელოვნად მეტ დოკუმენტურ რეალიზაციასთან, კერძოდ 2 071 109 ლარის დოკუმენტურ რეალიზაციასთან. გადაანგარიშების მიმდინარეობისას ცხრილი გაგზავნილი იქნა გადასახადის გადამხდელთან, თუმცა გადამხდელს შენიშვნები არ წარუდგენია.
ამდენად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაციის დამატებით შესწავლა/ანალიზი.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 18.04.2024 წლის №21825/2/2024 (რეგ. 14.05.2024წ. 03/36744) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბჭოს №21825/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №6570 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №24753 ბრძანება და №007-272 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №31728 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №21825/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №31728 ბრძანება.
საბჭოს №21825/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 24.12.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 94 552 ლარით, მათ შორის გადასახადი 66 281 ლარით და ჯარიმა 28 271 ლარით.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა №27644 ბრძანება და №007-324 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №21825/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“);