ბრძანება N 14758
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14758
03 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„--------“ (ს/ნ ------)
(მის.:--------)
2025 წლის 6, 10 და 18 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა -------ის (პასპ/ნ --------) №88044/21-11, № 89771/21-11 და №94375/21-11 საჩივრები, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის № EL286973 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ------ აეროპორტში მოხდა მისი შეჩერება და გამოკითხვა, რა დროსაც ჰკითხეს ხომ არ ჰქონდა დასადეკლარირებელი თანხა. ამის შემდეგ გაიყვანეს სხვა ოთახში და მოახდინეს მისი და ბარგის დათვალიერება, რაც გაგრძელდა 3 საათის განმავლობაში. ხშირად სტუმრობს საქართველოს და ასეთი შემთხვევა არასდროს ჰქონია. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ ოქროს ზოდები რომელთა გამოც დაჯარიმდა არის მისი საკუთრება, რომელსაც აგროვებდა 2020-2023 წლებში და მათი ღირებულება 30 000 ლარზე ნაკლებია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ოქროს ზოდების დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 6 ივნისს ------- საერთაშორისო აეროპორტში რეისით „-------“ ჩამოფრინდა ------- მოქალაქე ----------- (პასპ. №--------). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
აღნიშნულმა პირმა ზეპირი გამოკითხვისას, რომელიც წარიმართა მოქალაქისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე, კითხვაზე გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის თანხას, ვერცხლის და ოქროს ნივთებს, განაცხადა უარი, რაც ასახულია ვიდეოკამერის ჩანაწერში.
ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მგზავრისა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგადაც ტანთცმული ქურთუკის ჯიბეში პოლიეთილენის პარკში აღმოჩენილ იქნა ქისაში მოთავსებული არადეკლარირებული ოქროს ზოდები 9 ცალი (საერთო წონით 30,20 გრამი).
საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 8 928 ლარით.
ვინაიდან --------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 6 ივნისს შედგენილ იქნა №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 8 928 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული არადეკლარირებული ოქროს ზოდები (9 ცალი, საერთო წონით 30,20 გრამი) დაილუქა საბაჟო ლუქით, შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი“ №----------- და განთავსდა საბაჟო კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ ირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ, საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე– 97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილი ადგენს, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას. მე-5 პუნქტის მიხევით კი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესამამისად საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია გამოყენებული იქნეს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
დადგენილია, რომ 2025 წლის 6 ივნისს რეისით ------ ჩამოფრინდა -------. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პიროვნება საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის. მომჩივანმა ზეპირი გამოკითხვისას, რომელიც წარიმართა მოქალაქისთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე, კითხვაზე გადააადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის თანხას, ვერცხლის და ოქროს ნივთებს, განაცხადა უარი, რაც ასახულია ვიდეოკამერის ჩანაწერში. --------ის სხეულის და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას კი ტანთცმული ქურთუკის ჯიბეში პოლიეთილენის პარკში აღმოჩენილ იქნა ქისაში მოთავსებული არადეკლარირებული ოქროს ზოდები 9 ცალი (საერთო წონით 30,20 გრამი). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა 8 928 ლარის (2025 წლის 6 ივნისის №----------- ექსპერტიზის დასკვნა) საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საქმეზე არსებული ვიდეო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მომჩივანთან გასაუბრება და ზეპირი გამოკითხვა განხორციელდა მისთვის გასაგებ ენაზე. დასმულ კითხვებს იგი ადეკვატურად და გააზრებულად პასუხობდა, რა დროსაც უარყო მის მიერ ოქროს ნივთების გადაადგილების ფაქტი.
მნიშვნელოვანია, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის მოფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მომჩივანმა მწვანე დერეფნის არჩევითაც განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.
საგულისხმოა, რომ მომჩივანი პირველად არ გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ---------ის (პასპ/ნ --------) საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრების ავტორი ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ოქროს ზოდების დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 6 ივნისს საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მგზავრისა და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შედეგადაც ტანთცმული ქურთუკის ჯიბეში პოლიეთილენის პარკში აღმოჩენილ იქნა ქისაში მოთავსებული არადეკლარირებული ოქროს ზოდები 9 ცალი (საერთო წონით 30,20 გრამი). გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების (100 პროცენტი) ოდენობით.
სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული არადეკლარირებული ოქროს ზოდები დაილუქა საბაჟო ლუქით. შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი და განთავსდა საბაჟო კონტროლის ზონაში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
საგ.კოდ:199(დ.ზ);
საბაჟ.კოდ:163(1);168(1);