ბრძანება N 5975
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5975
27.03.2023
ფ/პ ---------- (პ/ნ ---------)
(მის.: ----------)
2022 წლის 28 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ფ/პ---------- (პ/ნ ----------) №136120/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №007-179 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გაცემული აქვს ფართი იჯარით. 2019 წლის ნოემბრიდან მოუწია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. გაუცნობიერებლობის და არცოდნის გამო დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. რეგისტრაციის მომენტამდე იჯარის ღირებულებას საშემოსავლო გადასახადით ბეგრავდა მოიჯარე და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებსაც თავად ახდენდა. აცხადებს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან (2021 წლის აპრილიდან) საშემოსავლო გადასახადს იხდის თავად. იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით და ბიუჯეტისთვის ზარალი არ მიუყენებია, ითხოვს დარიცხული თანხის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №13028 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 11 ივლისის №18013 ბრძანება და 12 ივლისის №007-179 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 40 364 ლარით, მათ შორის: გადასახადი 23 654 ლარი, ჯარიმა 11 827 ლარი და საურავი 4 883 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26423 ბრძანებით საჩივარი დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №26423 ბრძანება და საჩივარი ზემოაღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი სადავო პერიოდში არ იყო დღგის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2021 წლის მარტის (ფიზიკური პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიმართვის თარიღი) თვის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით საშემოსავლო გადასახადს აკავებდა გადახდის წყაროსთან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ----------(პ/ნ -----------) რეგისტრირებულია როგორც ფიზიკური პირი 2010 წლის 25 იანვრიდან, ხოლო 2021 წლის 1 აპრილს მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით 2019 წლის 1 ნოემბრიდან. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემებისა და გადამხდელისგან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ პირის 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი შედგება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლისგან, სულ 183 761 ლარის ოდენობით. კერძოდ, პირს იჯარით აქვს გაცემული კომერციული ფართი შპს „----------“ (ს/ნ -----------), რომელიც 2021 წლის მარტის (ფიზიკური პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიმართვის თარიღიდან) თვის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით საშემოსავლო გადასახადს აკავებდა გადახდის წყაროსთან, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 2019 წლის 1 ნოემბრიდან ფ/პ ---------- --------- რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირად. გადასახადის გადამხდელის მიერ 2019 წელს წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის მე-15 და მე-18 გრაფაში ერთობლივ შემოსავლად განსაზღვრული აქვს 98 549,7 ლარი (მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, 41-ე გრაფაში ავტომატურად გამოანგარიშდა გადასახადი 19 709,94 ლარის ოდენობით. თუმცა აღნიშნული თანხა 42-ე გრაფით პირს შემცირებული აქვს 20 250,48 ლარის ოდენობით (101 252,4 ლარიდან დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი), რომელიც გადახდის წყაროსთან აქვს დაკავებული შპს „----------“. შედეგად, დაბრუნებას დაექვემდებარა გადასახადი 540,54 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ასევე 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, რომლის მე-15 და მე-18 გრაფაში ერთობლივ შემოსავლად განსაზღვრული აქვს 85 211,02 ლარი (მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, 41-ე გრაფაში ავტომატურად გამოანგარიშდა გადასახადი 17 042,2 ლარის ოდენობით. თუმცა, 42-ე გრაფით პირს შემცირებული აქვს 20 109,81 (100 549 ლარიდან დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი) ლარი, რომელიც წყაროსთან აქვს დაკავებული შპს „----------“. შედეგად, დაბრუნებას დაექვემდებარა გადასახადი 3 067,61 ლარის ოდენობით.
რამდენადაც 2019 წლის 1 ნოემბრიდან ფ/პ ------------ ითვლება დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირად, შპს „-----------------“ (ს/ნ ------------) საქართველოს 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არ ჰქონდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 32-ე მუხლის შესაბამისად, დაკორექტირდა პირის მიერ 2019 და 2020 წლების შესაბამის პერიოდებზე წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების 42-ე და 43-ე გრაფები. პირს განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, რომ ფ/პ ------------ (პ/ნ ------------) რეგისტრირებულია როგორც ფიზიკური პირი 2010 წლის 25 იანვრიდან, ხოლო 2021 წლის 1 აპრილს მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით 2019 წლის 1 ნოემბრიდან. პირს გაცემული აქვს კომერციული ფართი შპს „-----------“, რომელიც 2021 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის ჩათვლით საშემოსავლო გადასახადს აკავებდა გადახდის წყაროსთან.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამასთან, აღნიშნული ვალდებულება საგადასახადო აგენტს არ ეკისრება იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ფ/პ--------------- არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, აღნიშნულ პერიოდში შპს „---------------“ ჰქონდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ პერიოდზე, რომელზეც ფ/პ --------------- არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, შემოწმებით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------------- (პ/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ პერიოდზე, რომელზეც ფ/პ --------- არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, შემოწმებით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.საჩივარში განმარტავს, რომ გაცემული აქვს ფართი იჯარით. არცოდნის გამო დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.რეგისტრაციის მომენტამდე იჯარის ღირებულებას საშემოსავლო გადასახადით ბეგრავდა მოიჯარე და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებსაც თავად ახდენდა. იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით და ბიუჯეტისთვის ზარალი არ მიუყენებია, ითხოვს
დარიცხული თანხის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ჩაატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“შემცირების სისწორის დადგენის მიზნით, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს,განესაზღვრა დამატებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი სადავო პერიოდში არ იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი.
შესაბამისად,იმ პერიოდზე, რომელზეც მომჩივანი არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, შემოწმებით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136;100;102;154