ბრძანება N 1225

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2023
№ დოკუმენტი 1225
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1225

30 იანვარი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „-----„ (ს/ნ ----- )

(მის.: -----)

2022 წლის 27 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი№3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ„-----„ (ს/ნ -----) №67377/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №259-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დაერიცხა თანხა,რომელიც არარეალურია მისი საქმიანობიდან გამომდინარე,ვინაიდან,უმრავლეს შემთხვევაში ყიდულობდა და ყიდდა დაზიანებულ ავტომანქანებს (ზოგ შემთხვევაში ზარალზეც). განმარტავს, რომ შემოწმების აქტის მიღებამდე არ გასცნობია მასალებს და ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირებას საჩივარზე თანდართული შესყიდვის აქტების მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 აპრილის №9859 ბრძანების და 6 აპრილის №10105 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „-----„ (ს/ნ ------ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი . შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის 29 დეკემბრის №41864 ბრძანება და ამავე თარიღის №259-37 საგადასახადო მოთხოვნა ,რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები სულ 17015 ლარით,მათ შორის: გადასახადი 8 522 ლარი , ჯარიმა 4261 ლარი და საურავი 4 232 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 27 მაისის №13173 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 23 სექტემბრის №16989/2/2022 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 მაისის №13173 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„შემოწმების აქტის შესაბამისად, შემოწმება ჩატარებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის და რეალიზაციის აქტების მონაცემებზე დაყრდნობით. ამასთან, შეძენილი და რეალიზებული ავტომანქანების ღირებულების რეალობის დადგენის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილია ინფორმაცია მათ მიერ მომჩივნისგან შეძენილი/რეალიზებული ავტომანქანების შესახებ. ფიზიკური პირებისგან მიღებული ინფორმაციის და მეწარმის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით დადგინდა, რომ ავტომანქანების შეძენა-რეალიზაციაზე გაწეული ხარჯები და მიღებული შემოსავლები გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს დეკლარირებული 2018-2019 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა-საურავი.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საკითხი არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ „------„ (ს/ნ ------) საქმიანობის სფეროს შესამოწმებელ პერიოდში ძირითადად წარმოადგენს მსუბუქი ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია. აღნიშნულ საქმიანობას მეწარმე (თავისი განმარტებითი ბარათის მიხედვით) ახორციელებდა ქ. "-----" ავტობაზრობაზე. მანქანების შეძენა, შემოწმებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით,ხდებოდა შესყიდვის აქტებით კერძო ფიზიკური პირებიდან,რეალიზაციაც ხორციელდებოდა ფიზიკურ პირებზე.აღნიშნული მანქანების შეძენა და შემდგომი ეტაპობრივი რეალიზაცია ფორმდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელის შესახებ არსებული ინფორმაციით, მსუბუქი მანქანების იმპორტის ოპერაციები არ ფიქსირდება,ხოლო სამ შემთხვევაში განხორციელებული აქვს სამი ერთეული მსუბუქი ავტომანქანის ექსპორტი. გადამხდელის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2019 წელს საცხოვრებელ სახლში ჰქონდა ავტოსამრეცხაო და მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ასახულია საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერში. შემოწმებისთვის მეწარმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სულ შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული და რეალიზებული აქვს სხვადასხვა მარკის 33 მსუბუქი ავტომანქანა. შეძენილი და რეალიზებული მანქანების ღირებულების რეალობის დადგენის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირებისგან გამოთხოვილი იქნა სათანადო ინფორმაცია მათ მიერ მეწარმისგან შეძენილი/რეალიზებული ავტომანქანების შესახებ. ფიზიკური პირებისგან მიღებული ინფორმაციების და მეწარმის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის და რეალიზაციის აქტების მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და დადგინდა, რომ აღნიშნული მანქანების შეძენა- რეალიზაციაზე გაწეული ხარჯები და მიღებული შემოსავლები მეწარმეს არასწორად აქვს დეკლარირებული 2018-2019 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში. კერძოდ, შემოწმების შედეგად, 2018 წელს მეწარმის შემოსავალმა შეადგინა 187 645 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 21 300 ლარისა (166 345 ლარით მეტი), 2019 წელს შემოსავალმა (წლის ბოლოს რიცხული სმფ-ის ნაშთის გათვალისწინებით) შეადგინა 363 198 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 22941 ლარისა (340257ლარით მეტი).მეწარმეს ასევე არასწორად აქვს დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.კერძოდ,2018 წელს ნაცვლად 171 353 ლარისა დეკლარირებული აქვს 21 150 ლარი(150 203 ლარით ნაკლები), ხოლო 2019 წელს გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 336 552 ლარი, ნაცვლად დეკლარირებული 22 765 ლარისა (313 787 ლარით მეტი). აღნიშნულის და 2019 წლის ბოლოს რიცხული სასაქონლო ნაშთის (ორი მსუბუქი მანქანა) 38 432 ლარის გათვალისწინებით, მეწარმეს 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

როგორც საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, ი/მ „-----„ (ს/ნ -----) საქმიანობის სფეროს შესამოწმებელ პერიოდში ძირითადად წარმოადგენს მსუბუქი ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია. შემოწმებისთვის მეწარმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სულ შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული და რეალიზებული აქვს სხვადასხვა მარკის 33 მსუბუქი ავტომანქანა. შემოწმებით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრა 20 პროცენტით და შესაბამისად, იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით, მიუხედავად იმისა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი თუ წარმოადგენს ყიდვა- გაყიდვის ობიექტს.

საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ „----„ (ს/ნ -----) მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „-----„ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს მსუბუქი ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია.

ფიზიკური პირებისგან მიღებული ინფორმაციების და მეწარმის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის და რეალიზაციის აქტების მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა საგადასახადო შემოწმება და დადგინდა, რომ აღნიშნული მანქანების შეძენა- რეალიზაციაზე გაწეული ხარჯები და მიღებული შემოსავლები მეწარმეს არასწორად აქვს დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში.მეწარმეს ასევე არასწორად აქვს დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

79,80,100,102,105,275.