გადაწყვეტილება №19807/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19807/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19807/2/2023).
დავის საგანი:
1. კომპანიის მიერ გაწეული (მარკეტინგული) მომსახურების ღირებულების დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
დარიცხული თანხა: 34 068 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 20 480
დღგ - 8 342
საშემოსავლო გადასახადი - 12 138
ჯარიმა - 8 576
საურავი - 5 012
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა შერეული პროდუქტებით (სურსათი, ჰიგიენა, სიგარეტი, ალკოჰოლი).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №42385 ბრძანება და 31.12.2021 წლის №006-1124 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2022 წლის 27 და 28 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2022 წლის №12813 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.10.2022 წლის №16765/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.05.2022 წლის №12813 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის მიერ გაწეული (მარკეტინგული) მომსახურების ღირებულების დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის („ინფო ბუღალტერი“) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად დადგინდა დეკლარირებულ და დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა. კერძოდ, გადამხდელის მიერ დეკლარირება ხდებოდა მხოლოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლები (მარკეტინგული მომსახურება) არ არის გადამხდელის მიერ დაბეგრილი/ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. ვინაიდან გამოვლენილი სხვაობის შესაბამისი მიღებული ფულადი სახსრები არ იყო ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და დასაბეგრ ბრუნვებს შორის. კერძოდ, გადამხდელის მიერ დეკლარირება ხდებოდა მხოლოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლები (მარკეტინგული მომსახურება) არ არის გადამხდელის მიერ დაბეგრილი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. აღნიშნულ საკითხს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და დამატებით წარადგინა ელექტრონული დოკუმენტი (excel), სადაც გაშიფრული ჰქონდა თითოეული საქონლის რეალიზაცია-ჩამოწერა და მიღებული შემოსავალი. დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ მომხდარა. აღნიშნული ცხრილების მიხედვით საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები ედრებოდა დეკლარირებულ მონაცემებს, ხოლო მიღებული ფულადი სახსრები ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებულ ფულადი სახსრების ჯამს. წარდგენილ ცხრილებში არ იყო ასახული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლები და შესაბამისი ფულადი სახსრები. შესაბამისად, გაწეული მომსახურება დამატებით დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო ვინაიდან გამოვლენილი სხვაობის შესაბამისი მიღებული ფულადი სახსრები არ იყო ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოწმების პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილია პროგრამა „ინფოდან“ ამონაწერები, ბრუნვითი უწყისები, ყველა გატარების ჟურნალი, საბანკო ამონაწერები. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაცისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, რომლის შესწავლითაც დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ პროგრამაში ასახული შემოსავლები ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე დებიტორების გათვალისწინებით ედრება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად გამოვლენილი სხვაობის განხილვა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრ დეკლარაციებში ხდებოდა მხოლოდ კომპანიის ნავაჭრი ბრუნვის დაფიქსირება არ იყო მოხვედრილი კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგული მომსახურებები. აღნიშნულიდან გამომდინარე დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციაში მოხდა გაწეული მომსახურებების დამატება თვეების მიხედვით. აღნიშნულ მომსახურებებზე კომპანიას გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები შესაბამის პერიოდებში.
კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებები სრულად ირიცხებოდა კომპანიის მიერ საბანკო ანგარიშზე, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის თანხის ოდენობით. შესაბამისად აღნიშნული რეალიზაცია და ანგარიშსწორება ასახული იყო კომპანიის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია სრულად ეთანხმება დამატებით გადასახადში დაშვებულ შეცდომას მაგრამ არ იზიარებს იმ ფაქტს რომ აღნიშნული შემოსავალი დასაბეგრია საშემოსავლო გადასახადით, რადგან აღნიშნული თანხები სრულად არის ასახული საბანკო ანგარიშზე და ერთიან ფულის მოძრაობის უწყისში, რომელიც წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, როგორც ექსელის ფორმატით ასევე, პროგრამული ბაზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საჩივარში მითითებულია, რომ კომპანია სრულად ეთანხმება გადასახადში დაშვებულ შეცდომას, მაგრამ არ იზიარებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შემოსავალი დასაბეგრია საშემოსავლო გადასახადით, რადგან აღნიშნული თანხები სრულად არის ასახული საბანკო ანგარიშზე და ერთიანი ფულის მოძრაობის უწყისში, რომელიც წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, როგორც ექსელის ფორმატით ასევე, პროგრამული ბაზით.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები. აღნიშნულ საკითხს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი და დამატებით წარადგინა ელექტრონული დოკუმენტი (excel), სადაც გაშიფრული ჰქონდა თითოეული საქონლის რეალიზაცია-ჩამოწერა და მიღებული შემოსავალი. დამატებით წარდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ მომხდარა. აღნიშნული ცხრილების მიხედვით საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები ედრებოდა დეკლარირებულ მონაცემებს, ხოლო მიღებული ფულადი სახსრები ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებულ ფულადი სახსრების ჯამს. წარდგენილ ცხრილებში არ იყო ასახული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლები და შესაბამისი ფულადი სახსრები. შესაბამისად, გაწეული მომსახურება დამატებით დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო ვინაიდან გამოვლენილი სხვაობის შესაბამისი მიღებული ფულადი სახსრები არ იყო ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, შემოწმების პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილია პროგრამა „ინფოდან“ ამონაწერები, ბრუნვითი უწყისები, ყველა გატარების ჟურნალი, საბანკო ამონაწერები. შემოწმებამ იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაცისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, რომლის შესწავლითაც დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ პროგრამაში ასახული შემოსავლები ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე დებიტორების გათვალისწინებით ედრება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად გამოვლენილი სხვაობის განხილვა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 8 576 ლარის ოდენობით, ასევე აუდიტის დეპარატმენტის 31.12.2021 წლის №006-1124 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 5 012 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, აღნიშნული დარღვევები გამოწვეული გამოუცდელობისა და არცოდნის გამო (პირველი შემთხვევაა და დღემდე შემოწმება არ ჰყოლია), აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაკისრებული ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ გაწეული (მარკეტინგული) მომსახურების ღირებულების დაბეგვრას და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის („ინფო ბუღალტერი“) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად დადგინდა დეკლარირებულ და დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობა. კერძოდ, გადამხდელის მიერ დეკლარირება ხდებოდა მხოლოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავლები (მარკეტინგული მომსახურება) არ არის გადამხდელის მიერ დაბეგრილი/ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. ვინაიდან გამოვლენილი სხვაობის შესაბამისი მიღებული ფულადი სახსრები არ იყო ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად გამოვლენილი სხვაობის განხილვა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭო ასევე იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4, 9); 101; 154; 269(7); 275