ბრძანება N 2011
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2011
06.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ქ. ----------) 2023 წლის 9 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №1481/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №31770 ბრძანებას შპს „--------“ (ს/ნ -------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ”.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს გეზ-ში გაფორმდა საბაჟო დეკლარაცია №C-21215, რომლისთვისაც წარდგენილი იყო საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი №4453- GE. 2022 წლის 20 სექტემბერს კი, საბაჟო დეკლარაცია გაფორმდა №C21746 ორი ინვოისით, რომლიდანაც ერთი იყო წარდგენილი არასწორად, კერძოდ: ინვოისი №4442-GE იყო წარდგენილი სწორად, ხოლო ინვოისი №4510-GE-ს ნაცვლად, შეცდომით წარადგინეს ინვოისი №4453-GE-ს, რომელიც უკვე წარდგენილი იყო 14 სექტემბრის №C-21215 დეკლარაციისთვის. საბუთების შესაბამის საქაღალდეებში გადანაწილების დროს მოხდა შეცდომა და ადგილი არ ჰქონია რაიმე კანონსაწინააღმდეგო (სამართალდარღვევით) განზრახვას. იმავე დღის მეორე ნახევარში შპს „------“ აღმოაჩინა, რომ მოხდა ინვოისის შეცდომით წარდგენა და 21 სექტემბერს შეცდომის გამოსწორების მიზნით გაიარა შესაბამისი კონსულტაციები ჯერ შპს ,,------“ (საბაჟო ტვირთების ტერმინალი), შემდგომ კი საბაჟო დეპარტამენტთან.
კონსულტაციების შედეგად 22 სექტემებრს განცხადებით მიმართეს ჯერ შპს „-------“, რომ მოხდა ტვირთის შეცდომით დეკლარირება, ხოლო 2022 წლის 13 ოქტომბერს კი, მიმართეს საბაჟო დეპარტამენტს №C21746 დეკლარაციის კორექტირების მოთხოვნით.
მომჩივნის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი არის უკანონო, ვინაიდან კომპანიისთვის სანქციის დაკისრება მოხდა სათანადო დასაბუთების გარეშე. მომჩივნის მოსაზრებით, აღნიშნულს ამყარებს ის გარემოებაც, რომ ბრძანებაში არ არის ნახსენები საქმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ, როგორცაა კომპანიის მიერ შესაბამისი შეცდომის აღმოჩენიდან მეორე დღისვე შეცდომის აღიარება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ კომპანიის განზრახვაა და მცდელობას, საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა მოეხდინა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაბრალეული შეცდომის შემთხვევაშიც უნდა იქნეს გამოყენებული დაკისრებული სანქცია, ითხოვს გათვალისწინებული იქნეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 20 სექტემბერს შპს „-------“ (ს/--------) მიერ, №4442_GE (08.09.2022) და №4453_GE (13.09.2022) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტების (ინვოისების) საფუძველზე, №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა 40 ერთეული მონიტორი (სეს ესნ -----) და 24 ერთეული პორტატული კომპიუტერი (სეს ესნ -----), საერთო ღირებულებით 18 115.20 აშშ დოლარი.
საქონლის გაშვების შემდეგ, 2022 წლის 13 ოქტომბრის №----/21-10-20 განცხადებით შპს „--------“ (ს/ნ-------) საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა №4510_GE (29.09.2022) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) და აცნობა, რომ №------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული უნდა ყოფილიყო ამ დოკუმენტით შეძენილი საქონელი (დამხსომებელი მოწყობილობა, სეს ესნ -------, ღირებულება 44 220.78 აშშ დოლარი; ოპერატიული მეხსიერება, სეს ესნ ------, ღირებულება 11 438.28 აშშ დოლარი; ქსელის ბარათი, სეს ესნ ------------, ღირებულება 2 741.76 აშშ დოლარი და შემაერთებლები, სეს ესნ ------, ღირებულება 832.32 აშშ დოლარი), ნაცვლად დეკლარაციაში მითითებული №4453_GE (13.09.2022) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) გათვალისწინებული საქონლისა.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 59 233.14 აშშ დოლარი, რაც დასახელებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის (2.8412) მიხედვით წარმოადგენს 168 293.20 ლარის ეკვივალენტს.
ვინაიდან გამოვლენილ არადეკლარირებულ საქონელზე შპს „------“ (ს/ნ -----) მიერ არ იყო შესრულებული ზემოაღნიშნული ვალდებულებები, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამასთან, რადგან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა 15 000 ლარს, საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის რეგ.: №---; 20/10/2022).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის №-----/15-04- 02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.
დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის შპს „-----“ (ს/ნ ------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №31770 ბრძანებით, შპს „-------“ (ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 168 293.20 ლარის (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილია დგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დაზუსტებულია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.
ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 90-ე მუხლის პირველი ნაწილით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ამასთან, ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამმხდარი, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ, №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით არ იყო დეკლარირებული №4510_GE (29.09.2022) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით შეძენილი საქონელი (დამხსომებელი მოწყობილობა, სეს ესნ -----, ღირებულება 44 220.78 აშშ დოლარი; ოპერატიული მეხსიერება, სეს ესნ ------, ღირებულება 11 438.28 აშშ დოლარი; ქსელის ბარათი, სეს ესნ --------, ღირებულება 2 741.76 აშშ დოლარი და შემაერთებლები, სეს ესნ -----, ღირებულება 832.32 აშშ დოლარი). შესაბამისად, ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის გამოყენებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მითითებული ნორმით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. აღნიშნული ნორმა არ მოიცავს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობას.
მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტების (ინვოისების) საფუძველზე, საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეულ იქნა საქონელი. საქონლის გაშვების შემდეგ, გადასახადის გადამხდელმა განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) და აცნობა, რომ საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული უნდა ყოფილიყო ამ დოკუმენტით შეძენილი საქონელი ნაცვლად დეკლარაციაში მითითებული საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით (ინვოისით) გათვალისწინებული საქონლისა. საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა (საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
13 (2); 70; 164 (50; 168 (1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №5): 1 (1)