ბრძანება N 12484

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12484
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12484

05.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ---------)

(მის: ქ. -------------)

2023 წლის 17 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ --------) №81052/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №EL207905 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, იმპორტირებული ბიტუმის წონის გაანგარიშება საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მოხდა არასწორი დოკუმენტაციის საფუძველზე, კერძოდ, სატვირთო ავტომობილების დაუტვირთავი წონის (დაუტვირთავი მასა) მონაცემები, რეალურად განსხვავდება მათ სარეგისტრაციო მოწმობებში დაფიქსირებული წონისგან. როგორც წესი, ავტომობილის ტექნიკურ პასპორტში ფიქსირდება ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, თუმცა განსხვავებულია რეალობა, ვინაიდან მისაბმელები განკუთვნილია ბიტუმის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც სპეციფიკური პროდუქტია და დაცლის დროს საჭიროებს გაცხელებას, მფლობელების მხრიდან განხორციელდა მისაბმელების მოდიფიცირება (მისაბმელზე დამონტაჟებული ბიტუმის გასაცხელებელი სისტემა და ავზის თბოიზოლაცია), რამაც გამოიწვია წონის ცვლილება. გარდა ამისა, მისაბმელებზე დამონტაჟდა დამატებითი ლითონის მილები. მოდიფიკაციამ გამოიწვია ის, რომ მისაბმელის რეალური წონა განსხვავდება ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული წონისგან, რომელიც სარეგისტრაციო მოწმობებში ფიქსირდება.

--------ს რესპუბლიკის საბაჟოს, --------ს რესპუბლიკის და საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ, თითოეული ავტომობილისთვის დაფიქსირებული წონის მონაცემები, მნიშვნელოვნად განსხვავდება ამავე ავტომობილების სარეგისტრაციო მოწმობებში დაფიქსირებული მონაცემებისგან. მომჩივნის მოსაზრებით, აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარეგისტრაციო მოწმობების მონაცემები არ შეესაბამება რეალურ მონაცემებს და მათზე დაყრდნობა, სწორ შედეგს არ ასახავს. გარდა ამისა, კომპანიას ამ ეტაპზე არც საკუთრებაში და არც იჯარით აღებული არ აქვს ბიტუმის საცავი, სადაც მოხდება იმპორტირებული ბიტუმის დასაწყობება რეალიზაციამდე. იმპორტით შემოსული საქონელი, თავიდანვე სრულად განკუთვნილია რეალიზაციისთვის. 28 აპრილს იმპორტირებული და ამავე პერიოდში რეალიზებული ბიტუმის მოცულობა იდენტურია, რაც მისი მითითებით დასტურდება კომპანიის მიერ გამოწერილი სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით და განმარტავს, რომ შეუძლებელია კომპანიას მოეხდინა იმავე მეტი ბიტუმის იმპორტი, რისი რეალიზაციაც მოახდინა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ხუთი სატრანსპორტო საშუალება (სახ. ნომრები: -------, ---------, -------, --------, ------), რომლებშიც განთავსებული იყო №-------- საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული შპს „--------“ კუთვნილი საქონელი (ნავთობის ბიტუმი - საერთო წონა 125 650 კგ). სატრანსპორტო საშუალებებსა და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობები (№D16052/69320, №D16053/69320, №D16054/69320, №D16056/69320, №D16057/69320 და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით გაგზავნილი იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ დანიშნულებით.

ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდგომ განხორციელდა მათი აწონვა, რის შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული 7 370 კგ. ნავთობის ბიტუმი. საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 28 აპრილის №003810/2023 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 2 948 აშშ დოლარი (7 390.35 ლარი).

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 28 აპრილს შედგენილი №EL207905 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „--------“ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 390.35 ლარის ოდენობით.

ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ, 2023 წლის 28 აპრილს, სატრანსპორტო საშუალებებმა დატოვეს გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ კონტროლის ზონა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კონტროლი გილისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად მიეთითითება მათი ნებადართული მაქსიმალური მასა და დაუტვირთავი მასა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი. კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებების ნებადართულ მაქსიმალურ მასასა და დაუტვირთავ მასას განსაზღვრავს სააგენტო.

ამავე კანონის შესაბამისად, დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) არის ქარხანადამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.

საქონლის წონის გამოთვლისას, საქონლით დატვირთული მანქანის წონას დააკლდება დაუტვირთავი მასა (საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით), რაც მოცემულია სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას სხვა სარეგისტრაციო მონაცემებთან ერთად.

დადგენილია, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ კონტროლის ზონაში განხორციელდა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების აწონვა, რის შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული 7 370 კგ. ნავთობის ბიტუმი, რომლის საბაჟო ღირებულებამ №003810/2023 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგინა 2 948 აშშ დოლარი (7 390.35 ლარი). შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკსირებული ჯარიმა მართლზომიერია.

მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ --------ის რესპუბლიკის საბაჟოს, -------ის რესპუბლიკის და საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ, თითოეული ავტომობილისთვის დაფიქსირებული წონის მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამავე ავტომობილების სარეგისტრაციო მოწმობაში დაფიქსირებული მონაცემებისგან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, შემოსავლების სამსახურისთვის კი უცნობია თუ სად, რა ვითარებაში და რა გარემოებაში მოახდინა მომჩივანმა ------- და ------- რესპუბლიკებში სატრანსპორტო საშუალებების აწონვა და შესაბამისად, მომჩივნის მიერ მითითებული აწონვის ქვითრებში მონაცემების დაფიქსირება.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ სატვირთო ავტომობილების დაუტვირთავი წონის (დაუტვირთავი მასა) მონაცემები, რეალურად განსხვავდება მათი სარეგისტრაციო მოწმობებში დაფიქსირებული წონისგან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს არ წარმოაუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე კი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, იმპორტირებული ბიტუმის წონის გაანგარიშება საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მოხდა არასწორი დოკუმენტაციის საფუძველზე.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

2023 წლის 25 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ხუთი სატრანსპორტო საშუალება, რომლებშიც განთავსებული იყო საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული შპს -ს კუთვნილი საქონელი (ნავთობის ბიტუმი - საერთო წონა 125 650 კგ). სატრანსპორტო საშუალებებსა და მასში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობები და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით გაგზავნილი იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით. განხორციელდა მათი აწონვა, რის შედეგად გამოვლინდა არადეკლარირებული 7 370 კგ. ნავთობის ბიტუმი. საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 2 948 აშშ დოლარი (7 390.35 ლარი). გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს-ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 390.35 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ სატრანსპორტო საშუალებებმა დატოვეს გაფორმების ეკონომიკური ზონის კონტროლის ზონა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13, 70(1), 163(1), 168(1).