გადაწყვეტილება №25907/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.11.2025
№ დოკუმენტი 25907/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25907/2/2025

17 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 07.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 26.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25907/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 09.07.2025 წლის N 021-67 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 09.09.2025 წლის №19719 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

51 233.3 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 32 538.79 ლარი;

ჯარიმა - 10 971.24 ლარი;

საურავი - 7 723.27 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა:

მომჩივნის საქმიანობაა კვებითი მომსახურების გაწევა ტენდერების მეშვეობით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 15 აპრილიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის N 8898 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 01.01.2022 წლიდან 01.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 26.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელმა ტენდერებში მონაწილეობის შედეგად მიიღო - 234 644 ლარი, გამოწერილი ზედნადებებით (გარდა ტენდერებისა) - 157 025 ლარი, ჯამში - 404 878 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, სატენდერო ხელშეკრულებები, მიღება - ჩაბარების აქტები და სხვა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები) შესწავლის შედეგად, მომჩივანს, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2023 წლის 20 აპრილი. ამ თარიღის შემდგომ პერიოდში მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 219 425 ლარი. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ჩასათვლელი დღგ (- 6 958 ლარი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 09.07.2025 წლის N 15490 ბრძანება და ამავე თარიღის N 021-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 09.09.2025 წლის N 19719 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დაგვიანება გამოწვეული იყო არცოდნით და მიზანი არ ყოფილა გადასახადებისთვის თავის არიდება. ბუღალტერი აწარმოებდა საქმეს, რომელსაც მთლიანად ენდობოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არაკვალიფიციური იყო. ამასთან, 2025 წლის 9 ივლისს გადაიხადა გადასახადი 39 000 ლარი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს დარიცხული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი არ დავობს დარიცხვის მართლზომიერებაზე, არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არ ცოდნით და ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 269 (7);.