გადაწყვეტილება №20611/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 20611/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20611/2/2023

29 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 18.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20611/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18771 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 327 420,1 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 16.12.2021 წლის №---------- (რეგ. №----------; 17.12.2021 წ.) და 20.12.2021 წლის №---------- (რეგ. №----------; 20.12.2021 წ.) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 20.12.2021 წლის №39356 და 21.01.2022 წლის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 21.12.2021 წლიდან - 18.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა მის:----------, მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობების (---------- – ----------; ---------- – ----------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

საბაჟო საწყობში (---------- – ----------) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №---------- 18.05.2023), აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე): „----------“ – 214 687 კოლოფი („----------“ – 212 201 კოლოფი, „----------“ – 500 კოლოფი, „----------“ – 500 კოლოფი, „----------“ – 486 კოლოფი, „----------“ – 1 000 კოლოფი) და „----------“ – 98 309 კოლოფი.

ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 8.03.2022 წლის ექსპერტის №---------- დასკვნით შეადგინა 327 420,1 ლარი.

საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 327 420,1 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18771 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის კუთვნილ საბაჟო საწყობში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე): „----------“ – 214 687 კოლოფი („----------“ – 212 201 კოლოფი, „----------“ – 500 კოლოფი, „----------“ – 500 კოლოფი, „----------“ – 486 კოლოფი, „----------“ – 1 000 კოლოფი) და „----------“ – 98 309 კოლოფი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება №EL211274 სამართალდარღვევის ოქმში მოყვანილ ფორმულირებებს. ნანახი იქნა აქციზური მარკების გარეშე არადეკლარირებული სიგარეტი („----------“ - 214 687 კოლოფი, ფილტრიანი სიგარეტი „----------“ - 98 309 კოლოფი), 214 687 კოლოფი სიგარეტი ---------- ეკუთვნის შპს „----------“ (ს/ნ ----------) 23.12.2019 წლის №---------- საბაჟო დეკლარაცია, ხოლო 98 309 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი „----------“ ეკუთვნის შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 12.01.2021 წლის № ---------- საბაჟო დეკლარაცია).

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილებზე, 172- ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონი ერთი მხრივ განასხვავებს 3 ტიპის დამოუკიდებელ და განსხვავებულ შემადგენლობას და ზღვარს ავლებს განკარგვას, დაკარგვას და განადგურებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდარღვევად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მხოლოდ უკანონო ქმედება.

საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს552(კ-20) საქმეზე) ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“.

ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე ცნობილი იყო როგორც ტვირთის არსებობის თაობაზე (შესაბამისად ცნობილი იყო ისიც, რომ ტვირთი ვერ იქნებოდა განკარგული, დაკარგული ან განადგურებული) და ცნობილი იყო ასევე ტვირთის მესაკუთრის თაობაზეც (რადგანაც მიუთითებს როგორც ტვირთმფლობელს, ისე დროებითი შენახვის დეკლარაციას).

სამართალდარღვევის ოქმით არ არის დაკონკრეტებული თუ კონკრეტულად რომელი შედეგი დადგა - განკარგვა, დაკარგვა თუ განადგურება (რაც რეალურად არ მომხდარა და თავად ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს ტვირთის არსებობას) და არც იმას მიუთითებს იყო თუ არა ეს არარსებული ქმედება უკანონო.

როგორც ანალოგიურ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა მიიჩნევს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-710-696(კ-14) საქმეზე), „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის თანახმად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-845(კ-21) საქმეზე) როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის, არსებობა წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დამატებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით დანაკლისის დადგენა უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთმფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში.

გარდა ამისა, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-1163-1157(2კ-17) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების საფუძველზე“, რომელი მტკიცებულებებიც „უტყუარად უნდა ადასტურებდეს“ სამართალდარღვევების ჩადენის ფაქტს. იმ ვითარებაში კი, როდესაც ტვირთის არც განკარგვა, არც დაკარგვა და არც განადგურება მომხდარა იმთავითვე ცხადია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვერც არარსებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახეს, საქონლის განკარგვის ფაქტის დროს, ადგილს და ვითარებას ვერ დაადგენდა და ვერც კონკრეტულ უტყუარ მტკიცებულებებს და გარემოებებს დაეყრდნობოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიის მიმართ გამოცემულ იქნა სრულიად უკანონო სამართალდარღვევის ოქმი.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე“. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილება №ბს-845(კ-21) საქმეზე) „საქონლის განკარგვა უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მფლობელისათვის უნდა იყოს ზიანის მომტანი“. ხოლო, „სატვირთოსაბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი.

აღსანიშნავია, რომ საქონლის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „----------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა. შესაბამისად, შეუძლებელია ვისაუბროთ ტვირთის რაიმე ფორმით დაკარგვაზე, განკარგვაზე ან მის განადგურებაზე.

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №EL211274 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18771 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, და მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18771 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

31.07.2023 წლის №18771 ბრძანებით გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1).