ბრძანება N 5322

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.03.2026
№ დოკუმენტი 5322
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5322

11 მარტი 2026

ბრძანება

მოქალაქე "-------"-ს (პასპ/ნ "-------")

2026 წლის 24 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა "-------"-ს (პასპ/ნ "-------") №29899/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 13 თებერვლის №EL307901 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თანხის წარმომავლობა არის ბინის რეალიზაცია, რომლის შესაბამის დოკუმენტაციას საბაჟო დეპარტამენტი არ გაეცნო. მისი განმარტებით, აეროპორტში არ არის საინფორმაციო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მწვანე და წითელ დერეფანზე და ასევე არ უნახავს არც ერთი საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი. საჩივრის ავტორი განმარტებით მას არ ჰქონია განზრახვა თანხის დეკლარირების გარეშე მწვანე დერეფნით დაეტოვებინა საბაჟო კონტროლის ზონა. არანაირი მინიშნება არ იყო, რაც მიუთითებდა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თანხის დეკლარირება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მას 2024 წელს უკვე აქვს თანხის დეკლარირება განხორციელებული. შემოტანილი თანხა განკუთვნილი იყო საქართველოში საბანკო ანგარიშზე განსათავსებლად და შესაბამისად არ ჰქონია მიზანი თანხა მალულად შემოეტანა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 12 თებერვალს "-------"-ის საერთაშორისო აეროპორტში რეისით "-------" ჩამოფრინდა მოქალაქე "-------" ("-------"; პასპორტის №"-------"), რომელიც იმავდროულად არის "-------"-ის ფედერაციის მოქალაქე (პასპორტის №"-------"). საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ აღნიშნული პირი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება მებაჟე-ოფიცრის მიერ.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა "-------"-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც მითითებულ პირს ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული – 3 000 000 "-------", რამაც მოცემული დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგინა – 104 235 ლარი.

ვინაიდან"-------" საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს (3 000 000 "-------") და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 13 თებერვალს შედგენილ იქნა №EL307901 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "-------"-ს (პასპორტის №"-------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 10423.5 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საქონელი არის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი;

საქონლის წარდგენა არის საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე (შემდგომ − საბაჟო ორგანოსთვის) საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდება;

საქონლის მფლობელი კი არის საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი;

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:

ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;

ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);

გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;

დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში;

ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება; ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება;

თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;

ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საგადასახადო კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის (სხვა ვალუტაში) საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „------ -ის“ მოფრენის დარბაზში განთავსებულია წითელი და მწვანე დერეფნები, რომელსაც შესაბამისი ფერის მანიშნებელთან ერთად, სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) აქვს შემდეგი მითითება: წითელი დერეფნის შემთხვევაში – „ექვემდებარება დეკლარირებას“ და მწვანე დერეფნის შემთხვევაში – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. გამომდინარე აქედან, მომჩივანმა მწვანე დერეფნის არჩევით განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ "-------"-ის (პასპორტის №----), 2024 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში „------“, უფიქსირდება 19 800 აშშ დოლარის დეკლარირების ფაქტი. გამომდინარე აქედან, მისთვის ცნობილი იყო მოქმედი საბაჟო ფორმალობები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "-------"-ს (პასპ/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ მომჩივანი საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რა დროსაც მოხდა მისი შეჩერება.ხელბარგში აღმოაჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული.ვინაიდან მომჩივანი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს და დეკლარირების მიზნით არ მიუმართავს საბაჟო ორგანოსთვის, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს.მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163,169.