გადაწყვეტილება №21406/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2024
№ დოკუმენტი 21406/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21406/2/2023

20 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 24.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21406/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6218 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2023 წლის №081-149 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26918 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 537 899 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 259 087

დღგ - 121 222

საშემოსავლო გადასახადი - 98 236

ქონების გადასახადი - 39 629

 

ჯარიმა - 128 224

საურავი - 150 588

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ქ. --------- მდებარე უძრავი ქონების მართვა (იჯარით გაცემა, დასუფთავების, დაცვის, ექსპლუატაციასთან დაკავშირებული (ლიფტები, ექსკალატორები) მომსახურების გაწევა, კომუნიკაციებით უზრუნველყოფა და ა.შ) და სასტუმროს (აუზით, სპა-ფიტნესით, რესტორნით) ფუნქციონირება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 27 თებერვალს, ხოლო დღგის გადამხდელად 2017 წლის 1 მაისს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, სასტუმროში ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის 42 ნომერი, ამასთან არ აქვს განხორციელებული სასტუმროს საქმიანობის აღრიცხვა (არ დგინდება დაბეგვრის ობიექტი - არ ხდება სტუმრების რაოდენობის, დაკავებული ნომრების, დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა-ანალიზი);

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარირებულ, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად წარდგენილ (------------) ანგარიშგების მონაცემებისგან;

საკონტროლო შესყიდვისას გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა), 2018 წლის 18 ივლისის №CB904693 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, განსაზღვრულია გაფრთხილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასტუმროს საქმიანობის ნაწილში შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, სასტუმროს ნომრები დაიტვირთა (ფიზიკურ პირებზე განსაზღვრული ფასების შესაბამისად) აუდიტის დეპარტამენტში არსებული, მსგავსი საქმიანობით დაკავებული გადასახადის გადამხდელის (სასტუმროს) დატვირთულობის კოეფიციენტით, რომელიც პანდემიამდე პერიოდზე განისაზღვრა საშუალოდ 50%-ით, ხოლო პანდემიის შემდეგ 18%-ით, ამასთან გათვალისწინებული იქნა ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესებული კოვიდ-რეგულაციებით განსაზღვრული შეზღუდვები (საყოველთაო კარანტინი და უქმეები). შესაბამისად, 2020 წლის მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მიერ (სასტუმროს მომსახურებაზე) გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს დაემატა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი, რომელიც გაანგარიშდა ფიზიკურ პირებზე განსაზღვრული ფასების, დატვირთულობის კოეფიციენტების, სასტუმროს ნომრების რაოდენობის მიხედვით, ამასთან ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურების წილი განისაზღვრა „კორპორატიული შეკვეთების წილი საერთო სასტუმროს ბრუნვაში“ პროპორციით. შედეგად, გამოვლინდა, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაფიქსირებულ სასტუმროს მართვიდან მიღებულ შემოსავლებს აღემატება 770 182 (დღგ-ის ჩათვლით) ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

2. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საქმიანობის სახეების მიხედვით შემოსავლები შემდეგნაირად არის განსაზღვრული: აუზის ფუნქციონირებიდან მიღებული შემოსავალი 1 641 275 ლარი, საცურაო ინვენტარის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 33 428 ლარი, უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებული მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 1 679 971 ლარი, საიჯარო შემოსავლები 1 137 525 ლარი, ავტოსადგომის მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი 33 815 ლარი და სხვა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 4 884 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების გაშიფვრა ვერ ხერხდება, ამასთან ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები მნიშვნელოვნად განსხვავდება დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებისგან. მიღებული და ანაზღაურებული ავანსების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №42361 ბრძანება და №081-450 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.05.2022 წლის №11040 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხი დამატებით შესწავლა, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.05.2022 წლის №11040 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი პირველი სადავო საკითხის, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასტუმროს საქმიანობაში გამოყენებულ ტექნიკურ ფართზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გავრცელება და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისს დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 21 468 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №081-149 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის 26918 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს შეუმცირდა შემოწმებით დარიცხული ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა არ მოახდინა საკითხის არც შესწავლა და არც გადაანგარიშება, ხოლო შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 31 ოქტომბრის №26918 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე არ დააკმაყოფილა საჩივარი გადაანგარიშებასთან დაკავშირებით.

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და აღნიშნავს, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ინფოში“, სადაც მაქსიმალურად არის ჩაშლილი და დიფერენცირებული თვითოეული შემოსავალი. ანუ, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სრულად არის უზრუნველყოფილი აღრიცხვა და კონტროლი თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასრულებაზე. კომპანიას გააჩნია კომუნალური მომსახურების, სასტუმროს დამოუკიდებლად, აღრიცხვის კვანძი და ბუქინგის ამონაწერით და ელექტროენერგიის ხარჯით ნათლად დასტურდება, რომ სასტუმროს 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 13 ივნისამდე არ უფუნქციონირებია. ამასთან განმარტავს, რომ სასტუმროს სტუმრების რაოდენობის და დატვირთულობის განსაზღვრისათვის კომპანიაში აღრიცხულია და დოკუმენტირებულია ყველა პირველადი დოკუმენტაცია, მათ შორის ინვოისები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, პროგრამაში აღრიცხულია ჩაშლილად თითოეული შემოსავალი და სასტუმროს ჯავშნისთვის გამოყენებული პროგრამა. არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ სასტუმროს შემოსავლის ნაწილში და ამავდროულად შემმოწმებელი მიუთითებს, რომ კომპანიაზე გამოწერილია სამართალდარღვევის ოქმი (გაფრთხილება) პარკინგზე, რომელზეც დამატებით აქვს ახსნა-განმარტება გაკეთებული, შესაბამისად ამ არგუმენტის გამოყენება არარელევანტულია სასტუმროსთან მიმართებაში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსზე მითითებით მიაჩნია, რომ არცერთი კრიტერიუმით შემოსავლების სამსახურს არ ქონდა უფლება გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნული საკითხის შესწავლა, არანაირი კავშირი, შეკითხვა ან რამე დოკუმენტის მიწოდება არ მოუთხოვია შემმოწმებელს, მომჩივანი ითხოვს აღნიშნული საკითხის მათი ჩართულობით შესწავლას და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 2.05.2022 წლის №11040 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღნიშნული ბრძანება არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა და 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სასტუმროს საქმიანობაში გამოყენებულ ტექნიკურ ფართზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გავრცელება და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. საგადასახადო შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო“, სადაც არ ხდება სტუმრების რაოდენობის, დაკავებული ნომრების, დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა-ანალიზი. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარირებულ მონაცემებთან, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარდგენილ (---------) ანგარიშგების მონაცემებთან. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა ნებისმიერი სახის ჩანაწერი (სასტუმროს პროგრამიდან რეპორტები, ინვოისები ან სხვა სახის ცხრილები), რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასტუმროს საქმიანობის დეტალური ანალიზი (ნომრების დატვირთულობა, სტუმრების რაოდენობა პერიოდების მიხედვით და ა.შ). აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ გამოგზავნილი იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომ სასტუმროს ფუნქციონირების ნაწილში აღრიცხვა არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასტუმროს საქმიანობის ნაწილში შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე კომპანიის მიერ, სასტუმროს საქმიანობის ნაწილში, დამატებით წარდგენილი იქნა:

ა) ბუქინგის ამონაწერი ცხრილის სახით (ძირითადად, 2019 წლის ჯავშნები), რომლის მიხედვითაც შეუძლებელია მომსახურების გამწევი კომპანიის იდენტიფიცირება. ამასთან, აღნიშნული რეპორტების ჯამური მონაცემები არ ედრება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებს/დეკლარირებულ მონაცემებს და აღნიშნული ინფორმაცია არ არის დოკუმენტურად დადასტურებული;

ბ) ელექტროენერგიის ხარჯები, რომლის მიხედვითაც, პირველი გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა კომუნალური მომსახურების ხარჯების ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ პირს სასტუმროს საქმიანობა არ აქვს განხორციელებული 2020 წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2021 წლის იანვრიდან-ივნისამდე პერიოდებში. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ში, 2022 წლის 29 ნოემბრის დასკვნით, დაექვემდებარა შემცირებას.

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების არცერთ ეტაპზე შემოწმებისათვის არ წარუდგინა სასტუმროს მომსახურებაზე გამოწერილი ინვოისები, სასტუმროს ჯავშნისათვის გამოყენებული პროგრამა ან ნებისმიერი სახის ჩანაწერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასტუმროს საქმიანობის დეტალური ანალიზი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული სასტუმროს მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადაანგარიშების ეტაპზე, ტექნიკურ ფართზე, საკადასტრო კოდით - ------------, გავრცელებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი. აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდა ქონების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამგვარად, ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე, პირველ სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო შემოწმებით დარიცხული ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6218 ბრძანების შესაბამისად.

აუდიტის დეპარტამენტი 15.02.2024 წლის № ---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არამართლზომიერებაზე აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისაგან მოთხოვილი იქნა ნებისმიერი სახის ჩანაწერი (სასტუმროს პროგრამიდან რეპორტები, ინვოისები ან სხვა სახის ცხრილები), რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასტუმროს საქმიანობის დეტალური ანალიზი (ნომრების დატვირთულობა, სტუმრების რაოდენობა პერიოდების მიხედვით და ა.შ.). აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომ სასტუმროს ფუნქციონირების ნაწილში აღრიცხვა არ გააჩნია.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6218 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების, მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6218 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების მართვა (იჯარით გაცემა, დასუფთავების, დაცვის, ექსპლუატაციასთან დაკავშირებული (ლიფტები, ექსკალატორები) მომსახურების გაწევა, კომუნიკაციებით უზრუნველყოფა და ა.შ) და სასტუმროს (აუზით, სპა-ფიტნესით, რესტორნით) ფუნქციონირება.

ვინაიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე, პირველ სადავო საკითხის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო შემოწმებით დარიცხული ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6218 ბრძანების შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);