ბრძანება N 4767
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4767
13.03.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 28 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის №18314/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №75828/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ 2022 წლის 28 ოქტომბრის №სმფ-4169 ბრძანებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერს 17:14:04 საათზე განცხადებების გვერდზე ატვირთა ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის №---------- დოკუმენტი, რომელიც დაასრულა, მაგრამ მომსახურების თანხა 20 ლარი არ გადაუხდია. კომპანიამ აღმოაჩინა, რომ №---------- დოკუმენტში პროდუქციის ღირებულება იყო შეცდომით. აღნიშნულიდან გამომდინარე 17:24:28 საათზე ატვირთა სწორი განცხადება (----------), სადაც სწორად იყო მითითებული თანხები. ამ უკანასკნელზე მოხდა მომსახურების საფასურის 20 ლარის გადახდა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვინაიდან პირველი განცხადების მომსახურების თანხა არ ჰქონდა გადახდილი, ჩათვალა, რომ აღნიშნულ განცხადებას არ განიხილავდა შემოსავლების სამსახური. აღმოჩნდა, რომ ბარათზე არსებული ზედმეტობის გამო ორივე განცხადება იყო აქტიური. აღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის 27 ოქტომბერს კომპანიამ კომუნიკატორის საშუალებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს მიწერა წერილი №---------- განცხადების გაუქმების თხოვნით. მიუხედავად ამისა №---------- განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 28 ოქტომბერს მაინც მიუვიდა №სმფ-4169 ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ. რეალურად კი 2022 წლის 28 ოქტომბერს სწორი განცხადების (----------) საფუძველზე პროდუქციის ჩამოწერა უკვე განხორციელდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 26 სექტემბერს შემოსავლების სამსახურში დაარეგისტრირა განცხადება ID:---------- რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესი“-ს 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და მარაგების ჩამოწერის პროცედურული სახელმძღვანელოს 15-ე მუხლის მეხუთე პუნქტის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ-4169, რომლის მიხედვით საგადასახადო მონტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 28 ოქტომბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №75828/1/2022 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №28995 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №28995 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 28 ნოემბრის №18134/2/2022 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მომჩივნის მიერ წარდგენილია ორი განაცხადი, ორივე განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, რაზეც გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ოქტომბრის №სმფ-4169 და №სმფ-4163 ბრძანებები. 2022 წლის პირველ ნოემბერს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, შედეგად ჩამოწერას დაექვემდებარა 16680.08 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (განაცხადი ID:----------), ხოლო ID:---------- განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კომპანიამ ვერ წარადგინა. ვინაიდან მეორე განცხადების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერის პროცედურით საქონელი უკვე ჩამოწერილი იყო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განცხადებაში (ID:----------) მითითებული საქონელი მიჩნეულია, როგორც დანაკლისი და შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ამასთან, საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გარკვეული მიზეზის (მომსახურების საფასურის გადაუხდელობის) გამო ერთი და იგივე განცხადება 2022 წლის 26 ოქტომბერს აიტვირთა ორჯერ. საგადასახადო ორგანოს კომუნიკატორის მეშვეობით ეცნობა განცხადებების წარდგენის მიზეზების დეტალური აღწერა, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 28 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურში წარდგენილია საჩივარი, რომელზეც შემოსავლების სამსახურმა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბიზნეს ოპერატორს ატვირთული აქვს განცხადება, ანგარიშზე ჰქონდა თანხა და ამ თანხიდან მოხდა მომსახურების ღირებულების გადახდა, რაც არალოგიკურია. საჩივრის გაუქმების საფუძველი უნდა იყოს სამართლებრივ ჭრილში დასაბუთებული და მხოლოდ თანხის გადახდა ვერ დაასაბუთებს ადმინისტრაციული ორგანოს უარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, გასაჩივრებული ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში; ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 32-ე მუხლის შესაბამისად:
1. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით გაფორმებული დოკუმენტის (დანართი №24) საფუძველზე.
2. დოკუმენტის გაფორმება მოიცავს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების პროცედურას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს და მის ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს გადასახადის გადამხდელი.
4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა სრულდება:
ა) საქონლის სრული განადგურებით;
ბ) საქონლის პირველადი სახის შეცვლით.
5. თუ გადასახადის გადამხდელი ან ჩამოსაწერი სმფ-ის სახეობა არ მოექცევა შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული რისკების კრიტერიუმებში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება ხდება პირდაპირ, ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, ამ წესის 33-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა.
ამავე ბრძანების 33-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
2. დოკუმენტის გაფორმების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ელექტრონული განცხადებით (დანართი №23) მიმართოს საგადასახადო ორგანოს სმფ-ის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. განცხადებას ელექტრონულად უნდა დაერთოს ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი დანართი №24.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისა და მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის N108 ბრძანების მე-3 მუხლის 1-ლი, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად:
1. დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს მომსახურების საფასური (მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, სსიპ – შემოსავლების სამსახური, საიდენტიფიკაციო კოდი: ---------- ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: ---------- მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი ----------).
7. თუ დაინტერესებულმა პირმა ისარგებლა ინტერნეტით და განცხადება დაარეგისტრირა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ისეთ მომსახურებაზე, რომელიც მხოლოდ ფასიანია, მაშინ აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციისას, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იყოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული (სკანირებული) ვერსია ან მან განახორციელოს გადახდა ვებგვერდის – www.rs.ge-ის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.
8. ამ მუხლის პირველი - მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დებულებები არ ვრცელდება, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის ბარათზე ფიქსირდება ზედმეტად გადახდილი მომსახურების საფასურის თანხა.
9. ზედმეტად გადახდილი მომსახურების საფასურის არსებობისას, მომსახურების საფასური გადახდილად ჩაითვლება, თუ ამ მომსახურებისათვის გადასახდელი ვალდებულების ბარათზე ასახვით არ წარმოიშობა დავალიანება, ხოლო თუ ზედმეტობა სრულად ვერ ფარავს მომსახურებისათვის დადგენილებით განსაზღვრულ ტარიფს დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გადაიხადოს ბარათზე არსებულ ზედმეტობასა და მომსახურების ტარიფს შორის სხვაობის ოდენობით თანხა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, განცხადებების გვერდზე ატვირთა ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტი, რომელიც დაასრულა, მაგრამ მომსახურების თანხა 20 ლარი არ გადაუხდია. კომპანიამ აღმოაჩინა, დოკუმენტში პროდუქციის ღირებულება იყო შეცდომით. აღნიშნულიდან გამომდინარე ატვირთა სწორი განცხადება, სადაც სწორად იყო მითითებული თანხები. ამ უკანასკნელზე მოხდა მომსახურების საფასურის 20 ლარის გადახდა. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა რომ კომპანიამ ვერ წარადგინა დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სრულად.
აღნიშნულ ფაქტზე კომპანიას საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:145 (6 ,7); 269 (7);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილება