გადაწყვეტილება № 19084/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19084/2/2023
30.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 13.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19084/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №----- შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №----- ბრძანება.
ფაქტების აღწერა
17.01.2023 წლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების (52 416.44 ლარი) გამო საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №----- შეტყობინებით მომჩივანის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2023 წლის №---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის 23-ე ნაწილით, 23-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და დაასკვნა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რადგანაც გადასახადის გადამხდელს 17.01.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია რის გამო წარმოეშვა ქონებაზე გირავნობა/იპოთეკის უფლება. შემოსავლების სამსახურში 29.12.2022 წელს გაასაჩივრა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი და №----- ბრძანება, რომელზეც პასუხი ჯერ არ მიუღია. საჩივრდება დარიცხული თანხების არასწორად და არამართლზომიერად დარიცხვა, რაც გამოწვეულია ხელოვნურად და არამართლზომიერად, ვინაიდან ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა ხელოვნურად არის აღებული.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან, დავა მიმდინარეობს დარიცხულ თანხებზე და არ არსებობს დარიცხული თანხა, არც შემმოწმებლის მიერ არ არის დადასტურებული, შესაბამისად, გაურკვეველია არაღიარებულ თანხაზე საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის გავრცელება.
მომჩივანი განმარტავს, რომ ვერ გაიგო რის გამო წარმოიშვა გირავნობა/იპოთეკის უფლება, ჯერ არაღიარებულ სადავო თანხაზე, თუ მიმდინარე დავალიანებაზე. ითხოვს გაუქმდეს მის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე წარმოშობილი გირავნობა/იპოთეკის უფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
2.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების გამო, აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
მომჩივნის განმარტებით, დავა მიმდინარეობს დარიცხულ თანხებზე და მისთვის გაუგებარია, რის გამო წარმოიშვა მის ქონებაზე გირავნობა/იპოთეკის უფლება, ჯერ არაღიარებულ სადავო თანხის თუ მიმდინარე დავალიანების გამო.
მომჩივნის აღნიშნული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად.
ამგვარად, ვინაიდან, მომჩივანს 17.01.2023 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 52 416.44 ლარის ოდენობით, ზემოთ მითითებულ სამართლებრივ ნორმებისა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №------ შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.