გადაწყვეტილება №20765/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2023
№ დოკუმენტი 20765/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20765/2/2023

13 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ს 6.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20765/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის №076-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20790 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 141 746 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 81 553

დღგ - 34 163

საშემოსავლო გადასახადი - 47 390

ჯარიმა - 39 893

საურავი - 20 300

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ქიმიით, ალკოჰოლური სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. საწარმოს საქმიანობის განხორციელების ადგილია, ქ. -----, -----ს რაიონი, ------ს ქ. №---.

აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 21.05.2021 წლიდან 15.04.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 21.05.2021 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 20.09.2021 წელს. საწარმოს სახელზე რეგისტრირებულია ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული პროგრამა „სუპერფინი“, რომელშიც საქონლის შეძენა აღრიცხულია თანხობრივად და არ არის ჩაშლილი საქონლის სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე საქონლის ჩამოწერაც განხორციელებულია ყოველი თვის ბოლოს მხოლოდ თანხობრივად. საწარმოს მხრიდან ასევე წარდგენილია სხვა მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე, რეალიზაცია ხორციელდება სრულად საცალოდ, ამასთან, ელ. დოკუმენტით საქონლის რეალიზაცია არ ფიქსირდება.

ბუღალტრული აღრიცხვისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 15-17%-ს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №9657 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის დათვლა. ნაშთში არსებული საქონლის საბაზრო ფასისა და თვითღირებულებების მითითებით, შემოწმების პროცესში განხორციელდა ინვენტარიზაციის მასალების დამუშავება და გადასახადის გადამხდელის ფასნამატის განსაზღვრა, კერძოდ, მოხდა ნაშთად აღრიცხული საქონლის დაყოფა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების ჭრილში და გაანგარიშდა შესაბამისი ფასნამატი, ხოლო საშუალოდ გაანგარიშებულმა ფასნამატმა შეადგინა 30,9%. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დათვლილი ფაქტობრივი ნაშთების, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის და შემოწმების ხელთ არსებული სხვა მასალების ანალიზით, კომპანიის ფაქტობრივმა სმფ-ების ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 25 973 ლარი, ხოლო ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 163 930 ლარს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად ჩამოწერილი რეალიზებული საქონლის დაყოფა კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად, ასევე გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ების ნაშთებს შორის სხვაობა 137 957 ლარი განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად და დაიყო ანალოგიური საქონლის კატეგორიებად (კონკრეტული კატეგორიისთვის მისანიჭებელი თვითღირებულების განსაზღვრა მოხდა მთლიან შეძენაში ამ კატეგორიის საქონლის პროპორციული წილის გათვალისწინებით). აღნიშნული საქონლის თვითღირებულებებზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი შესაბამისი კატეგორიის ფასნამატები, რის შედეგადაც დეკლარირებულთან შედარებით დამატებით დასაბეგრმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 189 888 ლარი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის აგვისტოს თვე.

საგადასახდო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახდო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას, საგადასახდო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის №076-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20790 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის პირველ და 2-22 ნაწილებზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას ნაქირავები აქვს ფართი -----ს ქ. №---ში. საქმიანობაში ჰქონდა წყვეტა, კერძოდ, 2022 წლის ოქტომბრის თვიდან მეიჯარემ დააცლევინა ფართი, რადგან მას თავად, საკუთარი მოხმარებისთვის ჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული საქონელი დაუბრუნა მომწოდებლებს, გარკვეული ნაწილი კი განათავსა სხვადასხვა ადგილას. ვერ მოახერხა საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინება. ცდილობდა ენახა სხვა ფართი, რათა მოეხდინა ნაშთად არსებული საქონლის რეალიზაცია. ვერ გაითვალისწინა აღნიშნულს რა შეიძლება მოყოლოდა შედეგად. გაუფუჭდა დიდი რაოდენობით საქონელი. 14.12.2022 წლიდან აღადგინა ხელშეკრულება მეიჯარესთან და გააგრძელა საქმიანობა. მთლიანობაში ორ თვიანმა წყვეტამ დიდი ზიანი მიაყენა.

შემოწმების შედეგად დაერიცხა ძალიან დიდი თანხა, რამაც დიდი სირთულეების წინაშე დააყენა. ბუღალტერია ნაწარმოებია თანხობრივად, ბუღალტრულად ფასნამატის საშუალო პროცენტი იყო ასახული 15-17% და ამის მიხედვით იყო ჩამოწერილი საქონელი თვითღირებულებით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №9657 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ფაქტობრივი ნაშთის დათვლა. ინვენტარიზაციის მასალების გათვალისწინებით საქონელი დაიყო კატეგორიების მიხედვით და გავრცელდა საშუალო ფასნამატი 30,9%. შედეგად, გამოვლინდა დიდი სხვაობა. არ ცოდნით აქვს დაშვებული ის შეცდომები, რამაც ამ შედეგამდე მიიყვანა. ითხოვს, მოეხსნას ჯარიმა და საურავი, რათა შეძლოს ბიუჯეტში თანხის გადახდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. ამასთან, შემოწმებით კომპანიას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის აგვისტოს თვე.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ქიმიით, ალკოჰოლური სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საქონლის თვითღირებულებებზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი შესაბამისი კატეგორიის ფასნამატები, რის შედეგადაც დეკლარირებულთან შედარებით დამატებით დასაბეგრმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 189 888 ლარი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის აგვისტოს თვე. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა საწარმოში ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, რომელიც ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275, 282(1), 272(1), 269(7).