გადაწყვეტილება №24585/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24585/2/2025
20 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 11.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24585/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13284 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №001-209 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27021 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 768.87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 27 750
დღგ - 21 424
საშემოსავლო გადასახადი - 6 326
ჯარიმა - 22 257
საურავი - 20 761.87
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მინის დამუშავება და რეალიზაცია. გადამხდელი ადგილობრივად ახდენს სხვადასხვა ზომისა და სისქის მინების შესყიდვას მათ დაჭრას და მინა-პაკეტების, მინის თაროების და სხვადასხვა მინის კონსტრუქციების დამზადებას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.08.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:
- კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 520 132 ლარს, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი შეადგენს 41 960 ლარს, ხოლო ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხების ჯამი 15 411.21 ლარს. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილია შემოწმების დასრულებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, მათ შორის ბუღალტრული პროგრამა, კალკულაციები, თუმცა გადამხდელის მიერ მათი წარდგენა სრულად ვერ მოხერხდა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 8%-ს. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით ვერ გაიშიფრა დოკუმენტური რეალიზაციები, რის გამოც გამოყენებულია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (26%). საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არსებული მასალების, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა. შესწავლისას გათვალისწინებულია 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდში საწარმოში შემავალი და გამავალი ფულადი სახსრები. ფულის მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებულია როგორც საოპერაციო (გაყიდვებთან დაკავშირებული შემოსავალები/ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯები), ასევე საფინანსო საქმიანობასთან (სესხები აღება/დაფარვა, საპროცენტო შემოსავალი და ა.შ.) დაკავშირებული ფულადი სახსრების შემოსავლები და გასავლები. ზემოხსენებული გაანგარიშების მიხედვით პირს უნდა ჰქონოდა ფულადი სახსრების ნაშთი, თუმცა გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ფულადი სახსრების ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებამ პირის ხარჯებისა და შემოსავლების განსაზღვრისათვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი შემოსავალი არსებითად აღემატებოდა საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები ან/და ახსნაგანმარტება, ასევე არ არსებობს რაიმე სხვა ინფორმაცია სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე. გამოვლენილი შემოსავლის სხვაობა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების“ შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.
გადამხდელის მიერ წარდგენილი არასრული საბუღალტრო მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწესდებო კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვს 142 925 ლარი. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა, ანგარიშგების პორტალზე და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის (სრული პერიოდის საბანკო ამონაწერები და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები) ანალიზის საფუძველზე აღნიშნული საწყისი კაპიტალის წარმომავლობა ვერ დადგინდა. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით გადამხდელის საწყის საწესდებო კაპიტალად 142 925 ლარის ნაცვლად განესაზღვრა 0 ლარი, ხოლო სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და გადამხდელის მიერ შემცირებულ კაპიტალს შორის დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- მომჩივანი ასევე, სადავოდ ხდიდა 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32167 ბრძანება და ამავე თარიღის №001-241 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 21 და 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.07.2023 წლის №19834/2/2023 (რეგ. 28.07.2023წ. 03/61537) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №10712 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 6.09.2023 წლის №21823 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მე-2 (გადამხდელი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულებას, შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის, ასევე ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას) და მე-3 (გადამხდელი ითხოვს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას) სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21823 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 29.03.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ვინაიდან აღნიშნულ ვადაში გადამხდელს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2024 წლის №9760 ბრძანება და ამავე თარიღის №001-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 11.05.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13284 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მე-2 (გადამხდელი არ ეთანხმება საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის განულებას, შემოწმებით დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და შემცირებულ კაპიტალს შორის სხვაობის, ასევე ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას) და მე-3 (გადამხდელი ითხოვს 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას) სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13284 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 12.11.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:
- დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილია 5150 ანგარიშზე მოძრაობის ამსახველი ანგარიში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე შეცდომით აქვს გატარებული რამდენიმე გატარება, კერძოდ, მასალები 7200 ანგარიშის ნაცვლად ჩამოწერილი აქვს 5150 ანგარიშზე, რის ხარჯზეც შემცირდა საწესდებო კაპიტალის საბოლოო ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
- შემოწმების მიერ საწარმოში ჩატარებული ფულადი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განაწილებული დივიდენდის თანხა არ ექვემდებარება შემცირებას.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2024 წლის №24775 ბრძანება და 26.11.2024 წლის №001-209 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 16.12.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.12.2024 წლის №27021 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, დავების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილია 5150 ანგარიშზე მოძრაობის ამსახველი ანგარიში, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე შეცდომით აქვს გატარებული რამდენიმე გატარება, კერძოდ, მასალები 7200 ანგარიშის ნაცვლად ჩამოწერილი აქვს 5150 ანგარიშზე, რის ხარჯზეც შემცირდა საწესდებო კაპიტალის საბოლოო ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ხოლო, შემოწმების მიერ საწარმოში ჩატარებული ფულადი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განაწილებული დივიდენდის თანხა არ ექვემდებარება შემცირებას. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ სამწუხაროდ მომჩივნის დაუსწრებლად განიხილა საჩივარი და გამოსცა გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
საგადასახადო შემოწმების შედეგად უგულებელყოფილია კომპანიის არგუმენტები და მტკიცებულებები არასათანადოდ იქნა გამოკვლეული. კერძოდ: 2022 წლის ივნისის თვეში მოგების გადასახადი 5 724,94 ლარი და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში წყაროსთან დაკავებული გადასახადი 4 502,15 ლარი არის შესამცირებელი, რადგან აღნიშნულ პერიოდში დოკუმენტურად არ დასტურდება (არ არის პარტნიორთა კრების ოქმი დივიდენდის გაცემაზე, არ არის სალაროს გასავლის დოკუმენტი დივიდენდის გაცემაზე და არ არის ბანკის ამონაწერებში რაიმე ტრანზაქცია დივიდენდის გაცემაზე) ამასთან, კომპანიის ფინანსური მონაცემები არ იძლევა დივიდენდის გაცემის შესაძლებლობას, რადგან ფინანსურად კომპანიას გააჩნია აკუმულირებული ზარალი. კომპანიის დამფუძნებელს თავისუფალი ფულადი ნაკადი გაჰქონდა ყოველთვის საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. მით უმეტეს კომპანიას გააჩნია საწესდებო კაპიტალის ნაშთი, რასაც ადასტურებს შემმოწმებელი 12.11.2024 წლის დასკვნით, რადგან წინა აქტით მას დარიცხული ჰქონდა კაპიტალის სახით გატანილი თანხა, რომლის კორექტირება და შემცირებაც მოუწია. ითხოვს შემმოწმებელმა წარუდგინოს დოკუმენტი რის საფუძველზეც არ მოახდინა დარიცხული თანხის შემცირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი დასწრების, დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის/გაანალიზების გარეშე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.12.2024 წლის №27021 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 520 132 ლარს, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი შეადგენს 41 960 ლარს, ხოლო ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხების ჯამი 15 411.21 ლარს. შემოწმების პროცესში გადამხდელისგან გამოთხოვილია შემოწმების დასრულებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენდა 8%-ს. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით ვერ გაიშიფრა დოკუმენტური რეალიზაციები, რის გამოც გამოყენებულია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (26%).მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გამოვლენილი შემოსავლის სხვაობა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების“ შესაბამისად ჩაითვალა დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.
გადამხდელის მიერ წარდგენილი არასრული საბუღალტრო მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწესდებო კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებული აქვს 142 925 ლარი. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა, ანგარიშგების პორტალზე და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღნიშნული საწყისი კაპიტალის წარმომავლობა ვერ დადგინდა. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმებით გადამხდელის საწყის საწესდებო კაპიტალად 142 925 ლარის ნაცვლად განესაზღვრა 0 ლარი, ხოლო სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ კაპიტალის საწყის ნაშთსა და გადამხდელის მიერ შემცირებულ კაპიტალს შორის დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.მომჩივანი ასევე, სადავოდ ხდიდა 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებით დეკლარირებული დივიდენდის თანხის შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).