გადაწყვეტილება №20301/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20301/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20301/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----ს 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20301/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.10.2022 წლის №27143 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №021-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13766 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 37 331,5 ლარი.

მათ შორის:

ბუნებ რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 23 853

ჯარიმა - 4 395

საურავი - 9 083,5

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 6 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

წიაღის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ოთხი მოქმედი ლიცენზია - №1004049, №1003093, №1004460 და №10000610, მდინარე რიონის ქვიშა-ხრეშის გამოვლინებაზე. გადამხდელის მიერ არ არის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები წარდგენილი კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით გაანგარიშდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობები. მეწარმეს დაერიცხა მოსაკრებელი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2021 წლის 15 ივლისის №23146 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №021-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 დეკემბრის №37539 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 17 მარტის №15326/2/2021 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 დეკემბრის №37539 ბრძანება და პირველი სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა სადავო საკითხი და 27.10.2022 წლის №27143 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №27143 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 მარტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №021-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13766 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული რესურსის (მასალების) ოდენობა აღემატება მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდებში წარდგენილ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშებებში დაფიქსირებული მოპოვებული რესურსისა და შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ დადგენილი მოსაპოვებელი რესურსის ჯამურ ოდენობას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, გადამხდელს სადავო საკითხად/გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი შემოწმების პერიოდში ფლობდა 4 ლიცენზიას, კერძოდ:

ლიცენზია №------, მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსების რაოდენობა - 66 300 მ 3 (17.11.2015- 17.11.2019). აღნიშნულ ლიცენზიაზე ბუნებრივი რესურსების სრულად მოპოვება მოხდა ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე (17.11.2015-31.12.2021) და შესაბამისად სრულად იქნა გადახდილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.

ლიცენზია №------, მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსების რაოდენობა - 49 200 მ 3 (25.10.2016 - 25.10.2019). აღნიშნულ ლიცენზიაზე ბუნებრივი რესურსების სრულად მოპოვება მოხდა ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე (25.10.2016-31.12.2017) და შესაბამისად სრულად იქნა გადახდილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.

ლიცენზია №------, მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსების რაოდენობა - 60 000 მ 3 (24.04.2017- 24.04.2021) აღნიშნული ლიცენზია სააგენტომ გააუქმა 2019 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობდა გადასახადის გადამხდელისთვის ძირითადი თანხის დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რადგან ლიცენზიებიდან წარმოშობილი მოსაკრებელი სრულად იქნა გადახდილი, რაც არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი საგადასახადო ორგანოს მიერ.

ლიცენზია №-------, მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსების რაოდენობა 78 090 კუბ. მეტრი. ამ ლიცენზიით ბუნებრივი რესურსების სრულად მოპოვება მოხდა ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე და შესაბამისად სრულად იქნა გადახდილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა მომჩივნისთვის მოსაკრებლის დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რადგან ზემოხსენებული ლიცენზიებიდან წარმოშობილი ყველა მოსაკრებელი სრულად იქნა გადახდილი გადასახადის გადამხდელის მიერ, რაც არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი საგადასახადო ორგანოს მიერ.

როგორც დასკვნით და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, გადამხდელისთვის გადასახადის დარიცხვის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული რესურსების ოდენობა აღემატება მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშებაში დაფიქსირებული მოპოვებული რესურსისა და შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ დადგენილი მოსაპოვებელი რესურსის ჯამურ ოდენობას, რასაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ არსებითად არასწორია.

შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა №----- ლიცენზიას, მოქმედების ვადა 2014 წლის 2 ივნისიდან 2016 წლის 2 ივნისამდე პერიოდი. რაოდენობა 27 300 კუბ.მ. აღნიშნული ლიცენზიის დეკლარაციები წარდგენილია შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი სხვა ლიცენზიების ფარგლებში წარდგენილი დეკლარაციების პერიოდში და შესაბამისად მნიშვნელოვანია შესამოწმებელი პერიოდის გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ნაწილში დამატებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტორმა სრულად არ განიხილა მის მიერ წარდგენილი დეკლარაციები და ის თუ რომელი ლიცენზიით იქნა სრულად მოპოვებული და დეკლარირებული შემოწმებით მოცულ პერიოდამდე. გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარდგენილ იქნა საქმიანობის პერიოდში წარდგენილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშებების გაშიფვრა. ამასთან, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და წიაღის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი გაშიფვრა, შეიცავს ხარვეზს, კერძოდ, გადამხდელის ინფორმაციით, მას შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე სრულად აქვს მოპოვებული რესურსი და შესაბამისად, გადახდილი მოსაკრებელი, თუმცა წიაღის ეროვნული სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, ლიცენზიის მოქმედების ბოლოს ჩატარებული შემოწმებით, №----- ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული რესურსის ოდენობამ შეადგინა 61 300 კუბ.მ, როცა გამოყოფილი იყო 66 300 კუბ.მ, ხოლო №----- ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული რესურსის ოდენობამ შეადგინა 20 200 კუბ.მ, როცა გამოყოფილი იყო 49 200 კუბ.მ, შესაბამისად, აღნიშნული ვერ მიიღებდა მონაწილეობას წინა საანგარიშო პერიოდების გაანგარიშებებში. ამასთან, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა, გადამხდელის მიერ საქმიანობის განმავლობაში (2014 წლიდან) სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული მასალების (ქვიშა, ღორღი, ბალასტი) ოდენობა, რაც შეადგენს 288 492 კუბ.მ-ს (2015წ- 34517, 2016წ-64665, 2017წ- 58000, 2018წ- 42790, 2019წ- 64075, 2020წ-24445), მაშინ როდესაც გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშებებით, მოპოვებულია და გაანგარიშება წარდგენილია 150 234 კუბ.მ რესურსის (2014წ- 5255, 2015წ-34480. 2016წ44644, 2017წ-65855). ამასთან, საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში არსებული ლიცენზიებით მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 119 259 კუბ.მ-ს (2018წ- 45739, 2019წ-53854, 2020წ- 19666). გამომდინარე აქედან, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული რესურსის (მასალების) ოდენობა აღემატება მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდებში წარდგენილ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშებებში დაფიქსირებული მოპოვებული რესურსისა და შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილი მოსაპოვებელი რესურსის ჯამურ ოდენობას.

საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საკითხი განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელთან. ასევე, საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, თუმცა ვინაიდან მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მძიმდებოდა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 27.10.2022 წლის №27143 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 27.10.2022 წლის №27143 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

წიაღის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ოთხი მოქმედი ლიცენზია მდინარე რიონის ქვიშა-ხრეშის გამოვლინებაზე. გადამხდელის მიერ არ არის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები წარდგენილი კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით გაანგარიშდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობები. მეწარმეს დაერიცხა მოსაკრებელი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 27.10.2022 წლის №27143 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.08.2010 წლის N1475 ბრძანებით დამტკიცებული N2543 სიტუაციური სახელმძღვანელო.