გადაწყვეტილება №6386/2/2018-2
📄 სრული ტექსტი
N6386/2/2018
25.09.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:,,----------“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ,,----------“ -ს საჩივარზე.
დავის საგანი:
ავანსის განხილვა საწარმოს მიერ გაცემულ უპროცენტო სესხად
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №------ ბრძანება.
დარიცხული თანხა: 306209 ლარი;
მათ შორის:
დღგ - 76167 ლარი;
მიწა-არასასოფლო - 6350 ლარი;
მოგების გადასახადი - 8320 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 72930 ლარი;
უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ - 5086 ლარი;
ქონების გადასახადი - (-5125) ლარი;
ჯარიმა - 88470 ლარი;
საურავი - 54011 ლარი.
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა მანდარინის შეძენა, რეალიზაცია (ექსპორტი, ადგილობრივი), მანდარინის კონცენტრატის წარმოება-რეალიზაცია, ასევე პლასტმასის და ხის ყუთების, პალეტების წარმოება-რეალიზაცია. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული აქვს სხვადასხვა შერეული საქონელი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის --.--.2014 წლიდან --.--.2016 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა --.--.2017 წლის აქტში.
შემოწმების აქტით განსაზღვრულ თანხებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- ბრძანება და --.--.2017 წლის №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და --.--.2018 წლის №------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხი:
ავანსის განხილვა საწარმოს მიერ გაცემულ უპროცენტო სესხად
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის თანახმად, 2014 წლის მაისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გადამხდელს უფიქსირდება მომწოდებლისთვის (----------) გადახდილი ავანსის მუდმივად მზარდი დადებითი ნაშთი.
შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (გადამხდელს მომწოდებლისადმი გააჩნია დებიტორული დავალიანება თუმცა საქონლის შესაძენად კვლავ ხდება თანხების გადახდა, რომლის შესაბამისადაც მომწოდებლის მიერ საქონელის მოწოდება არ ხდება) მომწოდებელზე გადახდილი ავანსი განხილულია საწარმოს მიერ გაცემულ უპოცენტო სესხად და მასზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებულმა საპროცენტო შემოსავალმა 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდებისათვის შეადგინა 321499 ლარი. აღნიშნული თანხით გაიზარდა საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდებისათვის.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
სსკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით კი ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები.
ზემოთ აღნიშნული ნორმების, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელის მიერ უპროცენტო სესხის გაცემის ფაქტი. შესაბამისად შემოწმების მიერ არსებული ნაშთზე გაანგარიშებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის თანხით 2014 და 2015 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმებლის პოზიციას გამომდინარე იქედან, „----------“ წარმოადგენს კომპანიის ძირითად მომწოდებელს და აღნიშნული თანხა წინასწარ გადახდილია ფასების დასაფიქსირებლად, რადგანაც თავი აერიდებინა კურსის ცვლილების შემთხვევაში ფასების ზრდისაგან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ არარეზიდენტი მომწოდებლისათვის გადახდილი თანხები წარმოადგენს გადახდილ ავანსს და არა გაცემულ სესხს და შესაბამისად უნდა გაუქმდეს შესაბამისი წლის ძირითადი გადასახადის, ჯარიმის და საურავის დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ამავე კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, 1. ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება: ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საჩივრის თანახმად, ---------- წარმოადგენს კომპანიის ძირითად მომწოდებელს და აღნიშნული თანხა წინასწარ გადახდილია ფასების დასაფიქსირებლად, რომ თავი აერიდებინა კურსის ცვლილების შემთხვევაში ფასების ზრდისგან. საბჭოს სხდომაზე გადამხდელის განმარტებით ამ საკითხზე, საქონლის მოწოდებაზე, დავას აწარმოებენ კომპანიის იმჟამინდელ დირექტორთან.
დადგენილია, რომ 2014 წლის მაისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გადამხდელს უფიქსირდება მომწოდებლისთვის (----------) გადახდილი ავანსის მუდმივად მზარდი დადებითი ნაშთი.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ გადამხდელს მომწოდებლისადმი გააჩნია დებიტორული დავალიანება თუმცა საქონლის შესაძენად კვლავ ხდება თანხების გადახდა, რომლის შესაბამისადაც მომწოდებლის მიერ საქონელის მოწოდება არ ხდება, საბჭო თვლის, რომ მომწოდებელზე გადახდილი ავანსის განხილვა საწარმოს მიერ გაცემულ უპოცენტო სესხად და მასზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული შემოსავალის ჩართვა ერთობლივი შემოსავალში მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.